პირველი ინსტინქტი იყო გაქცევა... მაშინ როდესაც ქალაქი დაიბომბა, მნიშვნელობა დაკარგეს ნივთებმა, ლამაზმა სამოსმა, ძვირფასმა ჭურჭელმა, სამკაულებმა... და გამოიქცნენ... ზოგი ოდესიდან გემით, ზოგი პოლონეთისკენ უსასრულო საცობების გავლით...
და შინ დაბრუნდნენ, საქართველოში, საიდანაც მრავალი წლის წინ წავიდნენ. 27 წელი იცხოვრა უკრაინაში ნანა ერგემლიძემ მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად, რომელიც მათ მეორე სახლად იქცა.
სიამოვნებით იხსენებს, წლებს, როცა კიევის ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელობდა. ელჩთან, მიხეილ უკლებასთან ერთად ბევრ კარგ ღონისძიებას ჩაუყარა საფუძველი, მრავალ ადამიანს გაუწია დახმარება. კენჭიც იყარა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ხმების საკმაო რაოდენობაც მიიღო.
„წლების წინ როცა ეს გზა ავირჩიეთ, არ ვიცოდით იქ რა გველოდა. გაგვიმართლა, რომ კარგი ადამიანები შეგვხვდნენ, გვერდში დაგვიდგენ და დღემდე ჩვენი მეგობრები არიან. საოცარი თანადგომა იციან უკრაინელებმა, ფიზიკურად, მორალურად თუ თანხით, არ აქვს მნიშვნელობა ქართველი ხარ თუ სხვა ეროვნების, ბოლომდე გიერთგულებენ. უკრაინაში გავატარე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და გული მტკივა, რომ ბევრი ჩვენი მეგობარი ცოცხალი აღარ არის. იქ ბიზნესი ავაწყეთ, მქონდა რესტორანი კიევში და საცხობები ირპენთან და ბუჩასთან ახლოს, რომლებიც აღარ არსებობს. დაბობეს ჩვენი რაიონიც კიევში. სანიმუშო სოლიდარობას გამოხატავდნენ ომის დროს უკრაინელები ერთმანეთის მიმართ, მოხდა სწარფი რეაგირება სახელმწიფოსგან, რომ დროულად და უსაფრთხოდ დაგვეტოვებინა ქვეყანა.“
დაბრუნებას ფიქრობდნენ, მაგრამ არა ასე მოულოდნელად. ბევრი რამე ეუცხოვა. ხშირად ადარებდა იქაურ მოვლილ ქალაქებს ჩვენს ქუჩებს. დღემდე აღიზიანებდა მოქალაქეების ქცევა, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარი ქალაქისადმი, ქუჩებში სიგარეტის ნამწვავების და ხანდახან კორპუსებიდან ნაგვის გადმოყრის ფაქტები. როდესაც გაიაზრა, რომ აქ, სამშობლოში სუფთა ფურცლიდან უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება, შვილებისთვის მიეცა სტიმული, გადაწყვიტა დანაზოგით და უკრაინელი მეგობრების დახმარებით, ის საქმე წამოეწყო, რაც იცოდა. იჯარით აიღო ფართი ქალქის ცენტრში, გაარემონტა და სრულიად ახალი, ევროპული სივრცე შექმნა პიცერიისთვის, მომსახურების მაღალი სტანდარტით. აქ ჩამოსულმაც ბევრი კარგი ადამიანი გაიცნო, ძალიან გულისხმიერი გოგონები სტამბიდან, სურსათის უვნებლობის სამსახურიდან, რომლებიც გზის გაკვალვაში ეხმარებოდნენ. „ჰასპის“ პროგრამაშიც ჩაერთო და დღეს რამდენიმე სკოლას მზა პროდუქტით ამარაგებს. დიდ მნიშვენლობას ანიჭებს კადრების შერჩევას. 5 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული და ფიქრობს მომსახურების გაფართოებას.
„ომის საშინელი დღეების შემდეგ კაფის გახსნა იყო დღესასწაული ჩვენთვის, კიევიდან ჩამოვიდა შვილიშვილი მარიამი, რომელმაც თვითონ იზრუნა დიზაინზე. ქართულ-უკრაინულ ფერებში გააფერადა ყველაფერი, მოვიწვიეთ ახალშეძენილი მეგობრები, გავაშუქეთ ადგილობრივი ტელევიზიით. მარიამი (გვარად პაგრიბინსკაია) რეჟისორია, წერს ლექსებს სიმღერისთვის და სურვილი აქვს საქართველოში ჩამოიყვანოს მომღერლები. ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ დედით ქართველია“.
ამ პერიოდში მრავალ უკრაინელი შეიფარეს სახლში, ნაცნობი თუ სრულიად უცნობი. უმასპინძლეს, გააცილეს, ქართული სითბო აჩვენეს. მეუღლე ელდარ კუჭაიძე საოცრად მოსიყვარულე და მგრძნობიარე ადამიანია. ამ ომმა მას დიდი გულისტკივილი მოუტანა. ქალიშვილი კი ოჯახით კიევში დაბრუნდა და ცხოვრებას ომთან ერთად აგრძელებს. სიძე უკრაინელია. საკუთარი სახლი აქვთ, რომლის სარდაფს ახლა თავშესაფრად იყენებენ.
და ახლა ამ კაფეში დახვეწილ, მშვიდ გარემოში ვსხედვართ. გვერდით ტანსაცმლის სექციაა, ესეც ახლი წამოწყებული საქმიანობაა დამატებით. მინდა უფრო მეტი ვკითხო ომზე, მაგრამ ვგრძნობ, რომ თავს არიდებს ჩემთვის უარყოფითი ემოციების თავისმოხვევას. ჩემ წინ ზის ქალი, რომელიც არ იმჩნევს, რა გადაიტანა. ქალი, რომლის ოჯახის წევრები კვლავ ომის ეპიცენტრში ცხოვრობენ, ქალი რომელიც არ უშინდება ამოწვევებს, შეუძლია დარჩეს ოპტიმისტად და შეინარჩუნოს ბედნიერება.
ვეკითხები: „ომმა რა შეცვალა თქვენში?“.
„ფასი დაკარგა ნებისმიერი ქონების ღირებულებამ, მოხდა გადაფასება, აღარ მაინტერესებს ნივთები, ავეჯი და სხვა... მნიშვნელოვანი გახდა ადამიანური ურთიერთობები, სიყვარულის გამოხატვა, ღიმილით შეგებება, თუ ვინმე უკმაყოფილოა, მინდა დავამშვიდო, დავეხმარო. მინდა ვემსახურო ადამიანებს, სიამოვნება და სიხარული მივანიჭო მათ, ვუთხრა, რომ გაიღიმონ, ცხოვრებაში ბევრად საჭირო სხვა ფასეულობებია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ.
მარიამ იზორია
იბეჭდება „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსის ფარგლებში