რუბრიკის წარმდგენია შენი მეგზური
ჩრდილოეთის ქვეყნები თოვლის საფარის ქვეშ ნამდვილ საოცრებათა ადგილად იქცევა. ისინი ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან იზიდავენ ლამაზი პეიზაჟებითა და სათხილამურო კურორტებით.
ლაპლანდია რომ სანტას სამყოფელია ეს ყველამ ვიცით, მაგრამ რა ვიცით როვანიემის შესახებ? ის ზუსტად ისეთივე ზღაპრულია, როგორიც ლაპლანდიის თოვლიანი ფერდობები!
როვანიემი
საშობაო სიკაშკაშემდე როვანიემმა უამრავი ბნელი დღე გამოიარა და თავდაპირველად ცნობილიც სწორედ ამით გახდა. ბნელ დღეებში ნამდვილად არ იგულისხმება მხოლოდ გრძელი, ცივი ზამთარი და პოლარული ღამეები, როცა მზე ჰორიზონტზე თითქმის არ ჩანს, არამედ მეორე მსოფლიო ომის სისასტიკე და მისი შემდგომი მოვლენები.
როვანიემის კონფლიქტის ზონიდან მხიარულ საშობაო სოფლად გარდაქმნის ამბავი ასახავს, როგორც ქალაქის არაჩვეულებრივ სულს, რომელიც გადაურჩა უდიდეს გაჭირვებას, ასევე განსაკუთრებულ კავშირს ადამიანებსა და ცხოველებს შორის და აქვე თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ცხოველები ირმები არიან, მაშინ ეს ამბავი საუკეთესოა მათ შორის, რაც თქვენთვის მოგვიყოლია!
როვანიემი ერთ დროს ჩრდილოეთის ჩვეულებრივი სოფელი იყო, სადაც ადგილობრივი მკვიდრები მიწათმოქმედებას, მეცხოველეობასა და მეტყევეობას ეწეოდნენ, რათა ცივ ზამთარს გამკლავებოდნენ. ირმები კი ამ საქმეში მათი ერთგული „ჯარისკაცები“ იყვნენ.
როვანიემის მოსახლეები ცხოვრობდნენ ნორვეგიისა და რუსეთის ტერიტორიაზე. მათი ზოგიერთი ტრადიცია დღემდეა შენარჩუნებული.
მეორე მსოფლიო ომის დროს, როვანიემი მშფოთვარე ქალაქად იქცა. აქ გადიოდა სატრანსპორტო გზაც, რომელიც ევროპას რუსეთთან და ბარენცის ზღვასთან აკავშირებდა. ეს ფაქტი კი როვანიემის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ყველაფერს ართულებდა.
სწორედ ამიტომ, როდესაც გერმანიის ჯარებმა ფინეთს შეუტიეს, მათ მაქსიმალურად გაანადგურეს როვანიემი. დაწვეს ხის სახლები, სკოლები და ეკლესიები. გადარჩა ქალაქის მხოლოდ 10%.
როვანიემი ომის შემდგომ
ომის დასრულების შემდეგ ალვარ აალტოს - ფინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტორს - დაევალა ახალი როვანიემის აშენება. ფინეთის ბუნებით შთაგონებულმა აალტომ, ქალაქის დაპროექტებისას მოიფიქრა ისეთი რამ, რაც ნამდვილად გასაოცარი და აღმაფრთოვანებელი იყო. როვანიემის ზემოდან გადმოხედვისას დაინახავთ, რომ ეს ქალაქი ირმის ფორმისაა! ანუ ცხოველის, რომელიც ფინელების და განსაკუთრებით, როვანიემის მაცხოვრებლებისთვის, ყველაზე ერთგული და პატივსაცემია!
როვანიემის არქიტექტორი და ქალაქის გეგმა
ფინური სტუმართმოყვარეობა
1950 წელს, როცა როვანიემი, ფაქტობრივად, ფერფლიდან აღდგა, მას ამერიკის პირველი ლედი, ელეონორა რუზველტი ესტუმრა. მან ქალაქის მობინადრეებს ომის შემდგომ თანადგომა გამოუცხადა. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა რუზველტისთვის სალონის აშენება გადაწვიტეს, სადაც ის დარჩებოდა და სტუმრებს მიიღებდა.
ელეონორა რუზველტის კოტეჯი
რუზველტის გახმაურებული ვიზიტები როვანიემის ტრიუმფი იყო. სწორედ ელეონორას სალონი გახდა შემდგომ სანტას სოფლის გული. სალონის გარშემო გაიხსნა პარკი, რომელიც ყოველწლიურად ტურისტებს მასპინძლობს.
როვანიემში დღემდეა მოსახლეობა, რომელიც უძველეს ტრადიციებს მიჰყვება. აქ ჩამოსულ სტუმრებს შეუძლიათ ტრადიციული საშობაო კერძები დააგემოვნონ ან ზამთრის სპორტით დაკავდნენ.
როვანიემი - ეს არის მაგალითი მშრომელი, ერთგული ხალხის და ქალაქის, რომელიც ნანგრევებიდან კეთილ ზღაპრად იქცა...
მოამზადებულია cnn.com-ის მიხედვით
თარგმნა მარიამ მახარაძემ
წაიკითხეთ სრულად