Baby Bag

​მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ვიდეო

​მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ვიდეო

მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქობულეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონურ მაშველებს, რომლებიც საგუშაგოზე მორიგეობდნენ, მოქალაქემ 3 წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ მიმართა. მშობლის განცხადებით, ბავშვი სანაპირო ზოლზე გაუჩინარდა და მის პოვნას ვერ ახერხებდნენ.

„მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ, ასევე, ინფორმაცია გადაეცა მახლობლად მყოფ ყველა სამაშველო საგუშაგოს და დაახლოებით ნახევარსაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, ბავშვი გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მაშველებმა მშობლებს ბავშვი უვნებლად დაუბრუნეს.

პატარა გოგონა თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონური მაშველები და დამატებითი სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მიჯაჭვულობა არის დაბადებიდან ერთ წლამდე კარგი. ხუთ წლამდე აუცილებლად უნდა მოხერხდეს ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრა,“ - თეა გოგოტიშვილი

„მიჯაჭვულობა არის დაბადებიდან ერთ წლამდე კარგი. ხუთ წლამდე აუცილებლად უნდა მოხერხდეს ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრა,“ - თეა გოგოტიშვილი

​ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა საზაფხულო ბანაკებში ბავშვის მშობლის გარეშე დასვენების დადებით მხარეებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თანატოლებთან დასვენება ბავშვს დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება:

„როდესაც ბავშვი აბსოლუტურად ავტონომიურად არის ჩართული პროცესებში, მშობელიც ტერიტორიაზე იმყოფება, შინაგანი საყრდენის გამომუშავების პირობა ბოლომდე არ არის. უკეთესია, რომ ბავშვი, მოზარდი იყოს თავის თანატოლებთან ერთად, რომ მან გამოიმუშაოს ავტონომიური, დამოუკიდებელი უნარ-ჩვევები, რომელიც ცხოვრებაში წარმატებული თვითფუნქციონირების შესაძლებლობას მისცემს.“

თეა გოგოტიშვილის თქმით, მშობლებს მიჯაჭვულ ბავშვებს ბანაკში მარტო წასვლა და მათთან განშორება ძალიან უძნელდებათ:

„კაბის კალთას გამოკერებულ ბავშვებს ძალიან უჭირთ ეს თავიდან. ​თვითონ ბავშვს უჭირს ამ დროს, მშობელსაც უჭირს. ეს ურთიერთდამოკიდებული საკითხია. ჩვენ ჩვენს უახლოეს ადამიანებთან ორმხრივი კავშირი გვაქვს. თუ არ გვიშვებს ჩვენი ყველაზე ახლო ადამიანი, უამრავი რაციონალური ახსნა-განმარტება აქვს მშობელს, რატომ ვერ უშვებს ბავშვს მარტო. მიჯაჭვულობა არის დაბადებიდან ერთ წლამდე კარგი, მერე აუცილებლად უნდა მოხერხდეს ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრა ხუთ წლამდე.“

„ბავშვი არ უნდა იყოს აბსოლუტურად განუკითხავ მდგომარეობაში. ეს სიტყვა ინდიფერენტული აღზრდის სტილს შეესატყვისება. ემოციურად გულგრილი დამოკიდებულება ისეთივე პრობლემას ქმნის, როგორსაც ​გადამეტებული მზრუნველობა. მშობლებს ხშირად აინტერესებთ, რა იღონონ, როდესაც ბავშვები ტელეფონთან და გაჯეტებთან არიან მიჯაჭვულები. ერთადერთი ალტერნატივა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ტელეფონის და კომპიუტერის მიმართ ინტერესი, არის ალტერნატიული საინტერესო და მიმზიდველი აქტივობები. მშობელს უჭირს ასაკის მიხედვით ისეთი აქტივობის შეთავაზება, რომელიც ბავშვს კიდევ უფრო საინტერესო ემოციურ შთაბეჭდილებებს შეუქმნის, ვიდრე ეკრანი,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა გოგოტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა უქმეებზე“

წაიკითხეთ სრულად