Baby Bag

​მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ვიდეო

​მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ვიდეო

მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქობულეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონურ მაშველებს, რომლებიც საგუშაგოზე მორიგეობდნენ, მოქალაქემ 3 წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ მიმართა. მშობლის განცხადებით, ბავშვი სანაპირო ზოლზე გაუჩინარდა და მის პოვნას ვერ ახერხებდნენ.

„მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ, ასევე, ინფორმაცია გადაეცა მახლობლად მყოფ ყველა სამაშველო საგუშაგოს და დაახლოებით ნახევარსაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, ბავშვი გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მაშველებმა მშობლებს ბავშვი უვნებლად დაუბრუნეს.

პატარა გოგონა თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონური მაშველები და დამატებითი სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არსებობს წამალი, რომელიც ბავშვს იმუნიტეტს აუმაღლებს,“ - ევგენი კომაროვსკი

„არ არსებობს წამალი, რომელიც ბავშვს იმუნიტეტს აუმაღლებს,“ - ევგენი კომაროვსკი

​​ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი ინსტაგრამზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მშობლებს ბავშვის იმუნიტეტის ასამაღლებლად საინტერესო რჩევებს აძლევს. მისი თქმით, მშობლები ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ ბავშვს იმუნიტეტს მედიკამენტების დახმარებით აუმაღლებენ:

„კითხვაზე, თუ რა რჩევა მექნება მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ სამი წლის შვილს იმუნიტეტი აუმაღლონ, შემდეგი პასუხი მაქვს: დედები, რომლებიც ამ კითხვას სვამენ, იმედოვნებენ, რომ ექიმი მათ ოქროს აბებს შესთავაზებს, რომელსაც სასწაულმოქმედებრივი ძალა აქვს. გული უნდა დაგწყვიტოთ და გითხრათ, რომ ასეთი წამალი არ არსებობს. როდესაც ​იმუნიტეტის ასამაღლებლად  მსგავსი საშუალებები ინიშნება, ეს ფარმაცევტული ბიზნესის მოქმედების შედეგია. ისინი ცდილობენ დააკმაყოფილონ თქვენი მოთხოვნები. სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვის დახმარებისთვის საკმარისია მამა აფთიაქში გავგზავნოთ და წამალი მოვატანინოთ. მედიკამენტების მწარმოებლებიც არ აყოვნებენ და თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობენ.“

​ევგენი კომაროვსკი მშობლებს ურჩევს, ბავშვის იმუნიტეტის ამაღლება მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით სცადონ, რადგან, მისი თქმით, ეს საუკეთესო საშუალებაა პატარების ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და გასაძლიერებლად:

„სინამდვილეში, ​იმუნიტეტის ამაღლება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით არის შესაძლებელი. ბავშვმა სუფთა ჰაერზე საკმარისი დრო უნდა გაატაროს, მას იძულებით არ უნდა მივაწოდოთ საკვები, პატარა ფიზიკურად უნდა დაიტვირთოს, ბინაში ჰაერის ტემპერატურა უნდა დავარეგულიროთ, ბავშვი უნდა მოვარიდოთ დაავადებულ ბავშვებთან კონტაქტს, მშობლებმა კი უნდა ვიცოდეთ ბავშვის მოვლა, როდესაც მას რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია აქვს. სწორედ ეს არის ის პროგრამა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ბავშვის იმუნიტეტის ასამაღლებლად. აღნიშნული პროგრამა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის ოპტიმალურია.“

​წყარო

წაიკითხეთ სრულად