Baby Bag

​მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ვიდეო

​მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ვიდეო

მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქობულეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონურ მაშველებს, რომლებიც საგუშაგოზე მორიგეობდნენ, მოქალაქემ 3 წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ მიმართა. მშობლის განცხადებით, ბავშვი სანაპირო ზოლზე გაუჩინარდა და მის პოვნას ვერ ახერხებდნენ.

„მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ, ასევე, ინფორმაცია გადაეცა მახლობლად მყოფ ყველა სამაშველო საგუშაგოს და დაახლოებით ნახევარსაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, ბავშვი გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მაშველებმა მშობლებს ბავშვი უვნებლად დაუბრუნეს.

პატარა გოგონა თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონური მაშველები და დამატებითი სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად