Baby Bag

რა როლს ასრულებს ხელოვნება ბავშვის განვითარებაში

რა როლს ასრულებს ხელოვნება ბავშვის განვითარებაში
სასკოლო კურიკულუმებში, როგორც წესი, განსაკუთრებული ყურადღება ლიტერატურასა და მათემატიკას ეთმობა, ხელოვნება კი მსგავსი პრივილეგიებით არ ​სარგებლობს. ბავშვებში კრეატიულობის განვითარებას და მათთვის ვიზუალური სილამაზის აღქმის სწავლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყველაზე პრიმიტიული შემოქმედებითი აქტივობაც კი ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

რა როლს ასრულებს ხელოვნება ბავშვის განვითარებაში?

მოტორული უნარები: შემოქმედებითი აქტივობების უდიდესი ნაწილი ბავშვისგან ისეთი მოძრაობების შესრულებას ითხოვს, რომლებიც მის მოტორულ განვითარებაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს. ფუნჯის გამოყენებით ხატვა, ნახატების გაფერადება თუ პლასტილინით ძერწვა ბავშვის მოტორულ უნარებს მნიშვნელოვნად ხვეწს. 3 წლის ასაკის ბავშვს წრის შემოხაზვა უნდა შეეძლოს, გარდა ამისა ის მაკრატლის გამოყენებით ფურცლების უსაფრთხოდ დაჭრასაც უნდა ახერხებდეს. ოთხი წლის ასაკში ბავშვი კვადრატს თავისუფლად უნდა ხატავდეს, ხოლო მაკრატლის გამოყენებით ფურცელს სწორ ხაზზე ჭრიდეს. ნაადრევ ასაკში მაკრატლის გამოყენება ბავშვს წერისთვის საჭირო სიმარჯვესა და მოქნილობას უყალიბებს.

ენობრივ-კომუნიკაციური უნარები: მცირეწლოვან ბავშვებში შემოქმედებითი აქტივობა ან ხელოვნებაზე საუბარი მათი ენობრივ-კომუნიკაციური უნარების განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვები ფერების, ფორმებისა და გარკვეული მოქმედებების აღმნიშვნელ სიტყვებს სწავლობენ. უკვე ერთი წლის ასაკიდან მშობლებმა ბავშვის წარმოსახვის განვითარებაზე ზრუნვა უნდა დაიწყონ. მათ შეუძლიათ ფურცელი დაჭრან, შემდეგ მრგვალად შეფუთონ და ბავშვს უთხრან, რომ ეს ბურთია. სასკოლო ასაკის ბავშვს კი მარტივი სიტყვებით თავისი განცდებისა და ფიქრების გადმოცემა უნდა შეეძლოს. მან უნდა ისაუბროს თავის დამოკიდებულებაზე ამა თუ იმ ნახატის მიმართ, უნდა აღწეროს რას ხედავს ნახატზე და რა განცდებს იწვევს მასში ამა თუ იმ მხატვრის შემოქმედება.

გადაწყვეტილების მიღება: შემოქმედებითი აქტივობა ბავშვს კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს უვითარებს. გამოცდილება, რომელსაც ბავშვი ხელოვნების გაკვეთილზე იღებს, მას ცხოვრებაშიც გამოადგება. თუ ბავშვები ხელოვნების რომელიმე დარგს გულმოდგინეს იკვლევენ, ატარებენ ახალ ექსპერიმენტებს და აქვთ თავიანთი იდეები, ე.ი. მათ შეუძლიათ ნებისმიერ სფეროში კრეატიული და შემოქმედებითი ადამიანები იყვნენ.
ვიზუალური შემეცნება: ხატვა, ძერწვა, კუბებით სახლების შენება და სხვა მსგავსი აქტივობები ბავშვს ვიზუალური შემეცნების უნარებს უვითარებს. ბავშვები სივრცის სწორად აღქმას სწავლობენ. კითხვის სწავლამდე ბავშვი სამყაროს შესახებ ინფორმაციას სწორედ ვიზუალური აღქმის დახმარებით იღებს. თანამედროვე ბავშვები გრაფიკული გამოსახულების წყალობით გაცილებით მეტ ცოდნას იღებენ, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული წლის წინ ხდებოდა.

გამომგონებლობა: როდესაც ბავშვებს საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა ეძლევათ და ისინი შემოქმედებითი აქტივობებით კავდებიან, როგორც წესი, მათ ინოვაციური იდეებზე ფიქრის სურვილი უჩნდებათ. საზოგადოების განვითარებისთვის გამომგონებელი და შემოქმედებითი ადამიანების არსებობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. სოციუმის წინსვლისთვის აუცილებელია ისეთი ადამიანების სიმრავლე, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ, პრობლემის გადაჭრის ახალ გზებზე ფიქრობენ და ნებისმიერი საკითხის შესახებ თავიანთი განსახვავებული ხედვა აქვთ.

კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის დაგროვება: თანამედროვე სამყაროში რასიზმისა და სექსიზმის გამოვლინებებს ძალიან ხშირად ვხვდებით. ბავშვი, რომელიც თოჯინით თამაშობს, შესაძლოა მის მიმართ აგრესიას ავლენდეს, რაც, შესაძლოა, თოჯინის თმის ან კანის ფერმა ან სხვა ფიზიკურმა მახასიათებელმა გამოიწვიოს. ბავშვს არჩევანის თავისუფლების შესახებ აუცილებლად უნდა ვასწავლოთ. ხელოვნების გაკვეთილი კი ამის საშუალებას იძლევა, რადგან ბავშვი ხედავს, რომ მხატვარი სამყაროს თავისებური ხედვის გადმოსაცემად სხვა და სხვა ფერს და ფორმას იყენებს, ასევე იქცევიან არქიტექტორები და დიზაინერებიც. ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ განსხვავებული ფერი ან წარმომავლობა არაფერს ცვლის, რადგან სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და მისი მშვენიერებაც სწორედ ამაშია.

აკადემიური მოსწრების ამაღლება: კვლევებით დასტურდება, რომ შემოქმედებითი წარმატება და სხვა სახის მიღწევები ერთმანეთთან დადებით კორელაციაშია. ბავშვები, რომლებიც ხელოვნების წრეებზე დადიან, როგორც წესი, სკოლაშიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. ისინი მათემატიკასა და ლიტერატურაშიც ავლენენ საკუთარ ნიჭს, რადგან ხელოვნება მრავალფეროვანი ინტერესების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

გამოცდები 2020 - საგამოცდო ცენტრები და მისასვლელი მარშრუტები

გამოცდები 2020 - საგამოცდო ცენტრები და მისასვლელი მარშრუტები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს აქვეყნებს. ცენტრის ცნობით, საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.
გთავაზობთ საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს (რუკის სანახავად დააჭირეთ ბმულს (მისამართს):
ქ. თბილისის 147-ე საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, დიღმის მასივი მე-3 კვ.

ქ. თბილისის 117-ე საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, თრიალეთის ქ. №7

ქ. თბილისის 175 ა საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ.

ქ. თბილისის 175 ბ საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ

ქ. თბილისის 103-ე საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, მესხეთის ქ. №72

ქ. თბილისის 133-ე საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, ვარდისუბნის ქ. №8

ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლა -  ქ. თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ

ქ. თბილისის 39-ე საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, გლდანის I მ/რ

ქ. თბილისის 207-ე საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. №34

ქ. თბილისის 173-ე საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, გლდანის მე-3 მ/რ

ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლა - ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქ. №6

ქ. ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა - ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. №127

ქ. ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლა - ქ. ქუთაისი, არაყიშვილის №15

ქ. ბათუმის N10 საჯარო სკოლა - ქ. ბათუმი, ბაგრატიონის 121

ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლა - ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის №47

ქ. ბათუმის N14 საჯარო სკოლა - ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. 11

ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა - ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას ქ. №9

ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა - ქ. რუსთავი, ქუთაისის ქ. №6

ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლა - ქ. გორი, დ. ამილახვარის ქ. №26

ქ. ახალციხის N1 საჯარო სკოლა - ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. №2

ქ. თელავის მე-8 საჯარო სკოლა - ქ. თელავი, თამარის ქ. №69

ქ. ფოთის მე-3 საჯარო სკოლა- ქ. ფოთი, ზამბახიძის ქ. №3

ქ. ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა - ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9

დ. ხულოს საჯარო სკოლა - დ. ხულო, შავაძის ქ. №3.

​შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი:

  • მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის მიმართულებით N175 საჯარო სკოლამდე;
  • მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით N177, N173 და N39 საჯარო სკოლებამდე;
  • მეტრო „ვარკეთილიდან“ N117 საჯარო სკოლამდე;
  • მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან N103 საჯარო სკოლამდე;
  • მეტრო „დიდუბიდან“ N147 საჯარო სკოლამდე.
წაიკითხეთ სრულად