Baby Bag

„ბავშვს არასოდეს დაავიწყდება ხატვაზე რომ დადიოდა, ყოველთვის დადებითად გაახსენდება და მის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“

„ბავშვს არასოდეს დაავიწყდება ხატვაზე რომ დადიოდა, ყოველთვის დადებითად გაახსენდება და მის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“
როგორი მოსწავლე იყო ზალიკო სულაკაური, რატომ აირჩია ხატვის ეს მიმდინარეობა - კარიკატურისტობა და რატომ გადაწყვიტა მასწავლებლობა - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ​Moms.ge-ს მხატვარი, კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური პასუხობს. 

- სკოლის პერიოდზე რომ გვესაუბროთ. როგორი მოსწავლე იყავით, თქვენ და თქვენი ტყუპისცალი ძმა ხშირად ერეოდით მასწავლებლებს ერთმანეთში?

- მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, მაგრამ დღეს ჩემი მასწავლებლები ამაყობენ ჩემით. ახლა ჩემს სკოლაში რომ მივდივარ და ბავშვები იგებენ, მეც მათსავით აქ ვსწავლობდი, გახარებულები არიან. ეს სიხარული მაბედნიერებს. არაფერია იმაზე კარგი, როცა აცნობიერებ, რომ ბავშვებს უყვართ ზალიკო. რაც შეეხება ზურიკოს, დღემდე ვერევით ერთმანეთში. სკოლაში ამას ჩვენ სასარგებლოდ ვიყენებდით და სწავლაში შრომას ვინაწილებდით. თუმცა ერთხელ გამოგვიჭირეს და ერთდროულად გამოგვიძახეს. ვერ დავმალავ, მასწავლებლები ხელს გვიწყობდნენ, იცოდნენ, რომ ხატვა გვიყვარდა და ამ საქმის ერთგულები ვიქნებოდით. მთელმა სკოლამ იცოდა, რომ ზალიკო და ზურიკო მხატვრები უნდა გამოსულიყვნენ.

- რა ასაკიდან დაიწყეთ ხატვა?

- ბაღში წასვლამდე დავიწყე ხატვა, მაგრამ სკოლაში დაწყებითი კლასებიდანვე ჩავიბეჭდე გონებაში, რომ მხატვრობა იყო ჩემი მომავალი ხელობა.

- თქვენი ხატვის მასწავლებელიც რომ გაიხსენოთ.

- აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე სიარულისას აკაკი თევზაძე მასწავლიდა. მთელ გულს დებდა საქმეში და ხატვის სიყვარულს მინერგავდა. მასწავლიდა, როგორ უნდა მივდგომოდი ამ საგანს და შემდეგ როგორ გადმომეტანა ქაღალდსა თუ ტილოზე შედევრი. შეეძლო თუ არა მოსწავლეს, სხვა საქმე იყო, მას მაინც განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა საქმის მიმართ და სხვა მხრიდან გვასწავლიდა ყველაფერს. ასევე მასწავლებელი, რომელმაც ხატვა მასწავლა და სხვა გზისკენ არ გადამახვევინა, არის რემბრანდტი.

- რას ნიშნავს თქვენთვის ხატვა?

- ნებისმიერი მკითხველისთვის ადვილად გასაგებად ვიტყვი - თქვენთვის რას წარმოადგენს სუნთქვა? ხომ მოკვდება ადამიანი რომ არ ისუნთქოს? ასეა. ბედნიერი ვარ, როცა ვხატავ ჩემს ემოციას, ხედვას. მოუსვენარი კაცი ვარ, სულ მინდა, ვხატო. ყველაფერთან ერთად, ეს ჩემი ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალია. არავინ იფიქროს, რომ მხატვარი ღარიბი კაცია და კიბის ქვეშ კვდება. ტყუილია. არ არსებობს მშიერი მხატვარი. ამაზე დიდი სიმდიდრე არაფერია ბავშვების შემდეგ...

- კარიკატურების ხატვა რატომ გადაწყვიტეთ, რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ მიმდინარეობას?

- ეს არის ყველაზე რთული მიმდინარეობა იმიტომ, რომ ჩარჩოებს ანგრევ და ცდილობ, წარმოაჩინო სხვა რაღაცები. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე მულტფილმები მიყვარს. მთავარი მარცვალი კი საიდანაც მულტიპლიკაცია აღმოცენდა, კარიკატურაა. ამასთან ერთად, ოჯახში სუფრა რომ იშლებოდა, ჩემთან თუ სხვაგან, არ აქვს მნიშვნელობა, ყველას ვხატავდი. სკოლაშიც სულ მასწავლებლებს ვხატავდი. ვხატავდი მარტივად, გასაგებად და სახალისოდ. დროთა განმავლობაში კი მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. მინდოდა ხალხისთვის ხალისი მომეტანა. ეს ყველაფერი გადამდებია.

- ცნობილი ადამიანებიდან ვისი კარიკატურები დაგიხატავთ და ვისი დაგმახსოვრებიათ განსაკუთრებულად?

- ასე განსაკუთრებულად არ მიყვარს ვინმე ცნობილი ადამიანის კარიკატურა, ყოველ ჯერზე ვცდილობ, რომ უკეთესი შევქმნა.

- როგორც ვიცით, ახლა ბავშვებს ასწავლით ხატვას, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

მწერლის ოჯახში დავიბადე. მამაჩემი კინოდრამატურგია, ამასთანავე მასწავლებელი იყო. ჩემი ძმაც, ტყუპისცალიც მასწავლებელია. როგორც ჩანს, ჯიშში გვაქვს. სასიამოვნოა, როცა შენს ცოდნას სხვას უზიარებ. ასწავლი მარტივ გზებს და ეხმარები შედეგის მიღებაში.

- და ბოლოს, მშობლებს რომ მივცეთ რჩევა - რა ასაკიდან უნდა შეიყვანონ შვილები ხატვაზე?

- ვფიქრობ, ყველა ბავშვში დევს ხატვის სურვილი. რა ასაკიდანაც არ უნდა გაუჩნდეს ბავშვს ხატვის სურვილი, მისაღებია მასწავლებელთან მიყვანა. ყველას აქვს აღქმის უნარი და უჩნდება სურვილი, ეს აღქმა და ემოცია ფურცელზე გადმოიტანოს. მართალია, ყველა ბავშვი მხატვარი ვერ გამოვა, მაგრამ მათ ჩამოუყალიბდებათ გემოვნება, ისწავლიან სხვებთან ურთიერთობას. ბავშვს არასოდეს დაავიწყდება ხატვაზე რომ დადიოდა, ყოველთვის დადებითად გაახსენდება და მის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. 

ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ატომური სადგურის აფეთქების ტყუილად გეშინიათ მეგობრებო! ჩერნობილი და ფუკუშიმა უკრაინაში არ განმეორდება,“- ილია ნიკაჭაძე სოციალურ ქსელში დამაიმედებელ პოსტს აზიარებს

„ატომური სადგურის აფეთქების ტყუილად გეშინიათ მეგობრებო! ჩერნობილი და ფუკუშიმა უკრაინაში არ განმეორდება,“- ილია ნიკაჭაძე სოციალურ ქსელში დამაიმედებელ პოსტს აზიარებს

ფსიქოკონსულტანტმა ილია ნიკაჭაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გააზიარა, რომელიც უკრაინაში ატომური სადგურის აფეთქების რისკების შესახებ დამაიმედებელ ინფორმაციას შეიცავს:

red: მეგობრებო, ეს ინფო არ გადამიმოწმებია ვეყრდნობი წყაროს (fb მომხმარებელს), რომელიც ქვემოთ არის მითითებული)

ატომური სადგურის აფეთქების ტყუილად გეშინიათ, მეგობრებო!

თქვენთვის ვთარგმნე ცხელ-ცხელი სტატია ერთ-ერთი ავტორიტეტული გერმანულენოვანი ბირთვული ფიზიკის ფორუმიდან.

მოკლედ, ჩერნობილი და ფუკუშიმა უკრაინაში არ განმეორდება, ახლავე აგიხსნით რატომ;

ჩერნობილში იმიტომ მოხდა აფეთქება, რომ ცდებს ატარებდნენ, უსაფრთხოების სისტემა გათიშეს, რეაქტორი გააღეს და მაქსიმალურ სიმძლავრეზე ამუშავებდნენ და თან აკვირდებოდნენ, პროცესების მართვა ვეღარ შეძლეს და მოხდა აფეთქება, უსაფრთხოების სისტემა გათიშული იყო და ვერ იმუშავა, ამიტომ აფეთქებამ მთელი სადგური დაანგრია და დაიწყო გაჟონვა.

ატომურ ელექტროსადგურს გარედან იცავს რკინაბეტონის ჯავშანი, მანდ შეჭრილ ჯარს არ აქვს იარაღი რომლითაც გარედან დააზიანებს სადგურს, შიგნით უნდა შევიდნენ და გენერატორი ხელით დაშალონ, ეს თვითმკვლელობაა და ამაზე არავინ წავა.

ატომური სადგურის ავარიის მხოლოდ 2 ვარიანტი არსებობს, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი უნდა ესროლონ, ან ბუნებრივი კატასტროფა უნდა მოხდეს რამე ძალიან საშინელი.

დავუშვათ მაინც მოხდა ავარია, ამ შემთხვევაში ირთვება უსაფრთხოების ავტონომიური სისტემა, რომლის დაზიანებაც შეუძლებელია.

იაპონიაში, ფუკუშიმას ატომური სადგური დაზიანდა ცუნამის გამო რამდენიმე წლის წინ, ალბათ ყველას გახსოვთ, მაგრამ იქ მალევე მოახერხეს უსაფრთხოების სისტემის ჩართვა და კატასტროფა თავიდან აირიდეს.

ახლა რა არის ეს უსაფრთხოების სისტემა და როგორ მუშაობს.

წარმოიდგინეთ დიდი მაგნიტური ანტირადიაციული ფარი, რომელიც ზემოდან ადევს ამ ბირთვულ რეაქტორს და ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციას, თუ მცირე გაჟონვა მაინც მოხდა, ეს მაგნიტური ანტირადიაცული ფარი იზიდავს ამ რადიაციულ სხივებს, ერთად აგროვებს და ტყვიის კოლექტორში გადააქვს, ანუ ხელს უშლის რომ რადიაცია მთელ დედამიწაზე არ გავრცელდეს.

ჩერნობილში ეს ანტირადიაციული ფარი მეცნიერებმა გამორთეს რომ ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ, იაპონიაში ცუნამის გამო ჩამოვარდა და გამოირთო, მაგრამ ახლა მსგავსი რამ გამორიცხულია უკრაინაში, რადგან 15 ატომური სადგური აქვს უკრაინას და ყველა აღჭურვილია თანამედროვე ანტირადიაციული მაგნიტური ფარით, რადიაციის გაჟონვა რომ მოხდეს, უსაფრთხოების სისტემა იმუშავებს, ჩვენამდე კი არა ახლომდებარე ქალაქებამდეც არ მიაღწევს რადიაცია, დაცულები ვართ ყველანაირად.

გააზიარეთ რომ შეწყდეს პანიკა.“

წყარო:

კვანტური ფიზიკის პროფესორი Thomas Whalcher,

ნეიტრონული ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი Hans-Peter Duerr.“ - აღნიშნულია პოსტში. 

წაიკითხეთ სრულად