Baby Bag

„ბავშვს არასოდეს დაავიწყდება ხატვაზე რომ დადიოდა, ყოველთვის დადებითად გაახსენდება და მის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“

„ბავშვს არასოდეს დაავიწყდება ხატვაზე რომ დადიოდა, ყოველთვის დადებითად გაახსენდება და მის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“
როგორი მოსწავლე იყო ზალიკო სულაკაური, რატომ აირჩია ხატვის ეს მიმდინარეობა - კარიკატურისტობა და რატომ გადაწყვიტა მასწავლებლობა - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ​Moms.ge-ს მხატვარი, კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური პასუხობს. 

- სკოლის პერიოდზე რომ გვესაუბროთ. როგორი მოსწავლე იყავით, თქვენ და თქვენი ტყუპისცალი ძმა ხშირად ერეოდით მასწავლებლებს ერთმანეთში?

- მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, მაგრამ დღეს ჩემი მასწავლებლები ამაყობენ ჩემით. ახლა ჩემს სკოლაში რომ მივდივარ და ბავშვები იგებენ, მეც მათსავით აქ ვსწავლობდი, გახარებულები არიან. ეს სიხარული მაბედნიერებს. არაფერია იმაზე კარგი, როცა აცნობიერებ, რომ ბავშვებს უყვართ ზალიკო. რაც შეეხება ზურიკოს, დღემდე ვერევით ერთმანეთში. სკოლაში ამას ჩვენ სასარგებლოდ ვიყენებდით და სწავლაში შრომას ვინაწილებდით. თუმცა ერთხელ გამოგვიჭირეს და ერთდროულად გამოგვიძახეს. ვერ დავმალავ, მასწავლებლები ხელს გვიწყობდნენ, იცოდნენ, რომ ხატვა გვიყვარდა და ამ საქმის ერთგულები ვიქნებოდით. მთელმა სკოლამ იცოდა, რომ ზალიკო და ზურიკო მხატვრები უნდა გამოსულიყვნენ.

- რა ასაკიდან დაიწყეთ ხატვა?

- ბაღში წასვლამდე დავიწყე ხატვა, მაგრამ სკოლაში დაწყებითი კლასებიდანვე ჩავიბეჭდე გონებაში, რომ მხატვრობა იყო ჩემი მომავალი ხელობა.

- თქვენი ხატვის მასწავლებელიც რომ გაიხსენოთ.

- აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე სიარულისას აკაკი თევზაძე მასწავლიდა. მთელ გულს დებდა საქმეში და ხატვის სიყვარულს მინერგავდა. მასწავლიდა, როგორ უნდა მივდგომოდი ამ საგანს და შემდეგ როგორ გადმომეტანა ქაღალდსა თუ ტილოზე შედევრი. შეეძლო თუ არა მოსწავლეს, სხვა საქმე იყო, მას მაინც განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა საქმის მიმართ და სხვა მხრიდან გვასწავლიდა ყველაფერს. ასევე მასწავლებელი, რომელმაც ხატვა მასწავლა და სხვა გზისკენ არ გადამახვევინა, არის რემბრანდტი.

- რას ნიშნავს თქვენთვის ხატვა?

- ნებისმიერი მკითხველისთვის ადვილად გასაგებად ვიტყვი - თქვენთვის რას წარმოადგენს სუნთქვა? ხომ მოკვდება ადამიანი რომ არ ისუნთქოს? ასეა. ბედნიერი ვარ, როცა ვხატავ ჩემს ემოციას, ხედვას. მოუსვენარი კაცი ვარ, სულ მინდა, ვხატო. ყველაფერთან ერთად, ეს ჩემი ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალია. არავინ იფიქროს, რომ მხატვარი ღარიბი კაცია და კიბის ქვეშ კვდება. ტყუილია. არ არსებობს მშიერი მხატვარი. ამაზე დიდი სიმდიდრე არაფერია ბავშვების შემდეგ...

- კარიკატურების ხატვა რატომ გადაწყვიტეთ, რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ მიმდინარეობას?

- ეს არის ყველაზე რთული მიმდინარეობა იმიტომ, რომ ჩარჩოებს ანგრევ და ცდილობ, წარმოაჩინო სხვა რაღაცები. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე მულტფილმები მიყვარს. მთავარი მარცვალი კი საიდანაც მულტიპლიკაცია აღმოცენდა, კარიკატურაა. ამასთან ერთად, ოჯახში სუფრა რომ იშლებოდა, ჩემთან თუ სხვაგან, არ აქვს მნიშვნელობა, ყველას ვხატავდი. სკოლაშიც სულ მასწავლებლებს ვხატავდი. ვხატავდი მარტივად, გასაგებად და სახალისოდ. დროთა განმავლობაში კი მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. მინდოდა ხალხისთვის ხალისი მომეტანა. ეს ყველაფერი გადამდებია.

- ცნობილი ადამიანებიდან ვისი კარიკატურები დაგიხატავთ და ვისი დაგმახსოვრებიათ განსაკუთრებულად?

- ასე განსაკუთრებულად არ მიყვარს ვინმე ცნობილი ადამიანის კარიკატურა, ყოველ ჯერზე ვცდილობ, რომ უკეთესი შევქმნა.

- როგორც ვიცით, ახლა ბავშვებს ასწავლით ხატვას, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

მწერლის ოჯახში დავიბადე. მამაჩემი კინოდრამატურგია, ამასთანავე მასწავლებელი იყო. ჩემი ძმაც, ტყუპისცალიც მასწავლებელია. როგორც ჩანს, ჯიშში გვაქვს. სასიამოვნოა, როცა შენს ცოდნას სხვას უზიარებ. ასწავლი მარტივ გზებს და ეხმარები შედეგის მიღებაში.

- და ბოლოს, მშობლებს რომ მივცეთ რჩევა - რა ასაკიდან უნდა შეიყვანონ შვილები ხატვაზე?

- ვფიქრობ, ყველა ბავშვში დევს ხატვის სურვილი. რა ასაკიდანაც არ უნდა გაუჩნდეს ბავშვს ხატვის სურვილი, მისაღებია მასწავლებელთან მიყვანა. ყველას აქვს აღქმის უნარი და უჩნდება სურვილი, ეს აღქმა და ემოცია ფურცელზე გადმოიტანოს. მართალია, ყველა ბავშვი მხატვარი ვერ გამოვა, მაგრამ მათ ჩამოუყალიბდებათ გემოვნება, ისწავლიან სხვებთან ურთიერთობას. ბავშვს არასოდეს დაავიწყდება ხატვაზე რომ დადიოდა, ყოველთვის დადებითად გაახსენდება და მის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. 

ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც გინდა ის გიქნია“, დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“ მშობლებსა და მოზარდებს შორის ურთიერთობების პრობლემებზე ისაუბრა:

„მეგობარი მნიშვნელოვანია, მაგრამ მშობელი არის, პირველ რიგში, ჩარჩოს შემქმნელი. მეგობარი ასეთ ჩარჩოს არ გიქმნის. მეგობარი ხარ ბავშვისთვის იმ მხრივ, რომ მას არ ეშინოდეს შენთან ღიად განხილვა იმ საკითხების, რაც მას აწუხებს. ეს დიდი პრობლემაა დღეს. ბავშვები ფიქრობენ, რომ მშობლები ვერ გაუგებენ, ატყდება ჩხუბი, იქნება უსიამოვნება, რის გამოც ისინი მშობლებთან ღიად არ საუბრობენ. ამ გაგებით მშობელი არის ბავშვის მეგობარი, მაგრამ შენ, როგორც მშობელი, პირველ რიგში, ხარ ეთიკური ჩარჩოს , ღირებულებითი ჩარჩოს დამდები. ჩარჩო აუცილებელია, მაგრამ არა ავტორიტარული ჩარჩო, გარედან თავსმოხვეული კი არა, ერთობლივად შემუშავებული.

წარმოვიდგინოთ, რომ 12 წლის ბავშვი მოდის და ამბობს, რომ კლუბში მიდის მეგობრებთან ერთად. შენ შეგიძლია უყვირო, ეჩხუბო და არ გაუშვა, მაგრამ შეგიძლია მშვიდად დაელაპარაკო, ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილო მასთან ერთად. საბოლოოდ ის თავად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, საითკენაც შენ უბიძგებ. ამაზე მარტივია, რომ კარი ჩაუკეტო, ეჩხუბო, 12 წლისას მოერევი, მაგრამ 15 წლისას ვერა. „რაც გინდა ის გიქნია,“ დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის. გარდატეხის ასაკში მშობელს ეშინია და ურჩევნია ბავშვის მეგობრად დარჩეს. რაღაც კომპლექსი აქვთ დღევანდელ მშობლებს. მშობელი თვლის, რომ უნდა იყოს თავისი შვილის მეგობარი, არ უნდა აწყენინოს. ამიტომ გვაქვს ორი უკიდურესობა: ან ავტორიტარული სტილი, ან დამოკიდებულება: „ყველაფერზე თანახმა ვარ, გააკეთე რაც გინდა, რაც გაგიხარდება.“ მერე ბავშვი მეუბნება, რომ მშობლისთვის სულ ერთია, თუ სად წავა ის, რადგან არასდროს არაფერს ეუბნება. ეს უკვე უგულებელყოფაა ბავშვის,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„ნაშუადღევს“ 

წაიკითხეთ სრულად