ბავშვებს ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა რიტუალი ძალიან უყვართ. თოვლის ბაბუის მოსვლა და ახალ-ახალი საჩუქრების მიღება პატარებს სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო უმაღლებს. მშობლები ვერ ხვდებიან, რა ასაკამდე უნდა გაანებივრონ შვილები თოვლის ბაბუის მოტანილი საჩუქრებით და როდის უნდა უთხრან მათ სრული სიმართლე მის შესახებ. ბავშვთან აღნიშნულ თემაზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან თოვლის ბაბუის ჯადოსნური მითი საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს. ჩვენს სტატიაში სპეციალურ რჩევებს შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით ბავშვს თოვლის ბაბუის შესახებ სიმართლეს უმტკივნეულოდ ეტყვით.
- თუ თქვენს მცირეწლოვან შვილს უფროსი და ან ძმა ჰყავს, ის თოვლის ბაბუის არსებობაში ეჭვს ადრეული ასაკიდანვე შეიტანს. პატარა შეამჩნევს, რომ მისი უფროსი და ან ძმა თოვლის ბაბუის მოსვლით მასავით აღფრთოვანებული არ არის და მისთვის წინასაახალწლოდ სპეციალურ წერილებსაც არ წერს. შესაძლოა, მას თოვლის ბაბუის ჯერ კიდევ სჯეროდეს, მაგრამ გარკვეული ეჭვები მაინც შეაწუხებს.
- თუ თქვენს შვილს მასზე უფროსი მეგობრები ჰყავს, მათი გავლენით ის თოვლის ბაბუის შესახებ სიმართლეს იმაზე ადრე გაიგებს, ვიდრე მისი თანატოლები.
- ბავშვის რწმენაზე ოჯახური საუბრებიც ახდენს ზეგავლენას. თუ თოვლის ბაბუაზე ოჯახში ხშირად საუბრობთ, თქვენს შვილს მის არსებობაში ეჭვის შეტანა ძალიან გაუჭირდება. თუ პატარა ჯადოსნურ არსებას ყოველწლიურად წერს წერილებს და ახალ წელს დაპირებულ საჩუქრებს იღებს, მას თოვლის ბაბუის არსებობის მტკიცე რწმენა ექნება.
- ჰკითხეთ თქვენს შვილს, რას ფიქრობს ახალი წლის დღესასწაულისა და თოვლის ბაბუის შესახებ. უმჯობესია, მსგავსი კითხვებით ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე თვით ადრე მიმართოთ. იმის ნაცვლად, რომ ბავშვს თოვლის ბაბუისთვის წერილის მიწერა თხოვოთ, ჰკითხეთ მას, რამდენად დამაჯერებელია მისთვის, რომ თოვლის ბაბუა მის წერილს მართლა წაიკითხავს და მის სურვილებს რეალობად აქცევს.
- ბავშვთან ერთად ისეთ ფილმებს უყურეთ, რომლებშიც კარგად ჩანს, რომ მშობლები თოვლის ბაბუის ფორმას თავად იცვამენ, რათა შვილები გაახარონ და მათთვის საჩუქრებსაც თავადვე ყიდულობენ.