Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან ცელქია, სულ მაგიდაზე დგება, რომ იქიდან გვაკონტროლოს, თითს გვიქნევს უკვე,“- სოფო ნიჟარაძე ელის მარიაზე საუბრობს

„ძალიან ცელქია, სულ მაგიდაზე დგება, რომ იქიდან გვაკონტროლოს, თითს გვიქნევს უკვე,“- სოფო ნიჟარაძე ელის მარიაზე საუბრობს

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ შვილის ელის მარიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მშვიდი ბავშვი იყო, თუმცა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაცელქდა:

„იყო ძალიან წყნარი ბავშვი, მშვიდი, ძალიან ადვილი გასაზრდელი. რომ ჩამოვედით, საქართველომ გააგიჟა. ძალიან ცელქია უკვე, გაცელქდა, ჩხუბობს. განსაკუთრებით ეტყობა გადაღების შემდეგ თავი კომფორტულად იგრძნო სცენაზე, სულ მაგიდაზე დგება, რომ იქიდან გვაკონტროლოს, თითს გვიქნევს უკვე. ასე ვყავართ ყველა დაჩაგრულები. უფროსია ჩვენი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს.“

„სწრაფად დადის, დაადებს თავს. ეზოში რომ ჩავიყვან, სანამ პარკში გავალთ ან სათამაშო მოედნამდე, მოჰკიდებს თავისი ბავშვის ეტლს ხელს და მიქრის. არც მელოდება, თავისით მიდის. სისწრაფე უყვარს, ჩქარა-ჩქარა უნდა ყველაფერი. კუბიკებით შენება ძალიან უყვარს. სხვადასხვანაირი ზომის კუბიკები გვაქვს, აშენებს, მერე დაანგრევს, ზევიდან დასვამს თოჯინებს. საღამოს სახლში არეული-დარეული, დაყრილია ყველაფერი, ყველგან მისი სათამაშოებია. სამი ენა ესმის. ახლა ეტყობა აირია. აერია, რა ენაზე დედას ამბობს, რა ენაზე ბურთს ამბობს, ეს ყველაფერი არეული აქვს. ქართული, ინგლისური და რუსული იცის. მხოლოდ ჩემთან იძინებს და იძინებდა. ერთი პერიოდი აქტიურად მოითხოვდა, რომ მემღერა. ყოველ საღამო 40 წუთი მჭირდებოდა, რომ დამეძინებინა. ერთხელაც მგონია, რომ დავაძინე. 45 წუთი იყო გასული, წყნარად იყო. თვალები დახუჭული ჰქონდა. უცებ წამოჯდა და ტაში დამიკრა,“- აღნიშნულ საკითხზე სოფო ნიჟარაძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „ვანოს შოუ“ ისაუბრა.

წყარო:​ „ვანოს შოუ“

წაიკითხეთ სრულად