Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„რა დროს ტვინდემიაა ხალხო?! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწად-ნახევარია,“ - გიორგი ფხაკაძე

„რა დროს ტვინდემიაა ხალხო?! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწად-ნახევარია,“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ტვინდემიის პოტენციური საფრთხის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია:

„ახლა ტვინდემიაზე ლაპარაკობენ. ​რა დროს ტვინდემიაა ხალხო?! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწად-ნახევარია. აქ ადამიანები არ აიცრნენ კოვიდზე და შენ კიდევ ახალ რაღაცას აკეთებ. მე არ ვიცი ეს ხალხი სად ცხოვრობს. რაც ჩამოვედი საქართველოში, შემოვიარე აჭარიდან კახეთამდე ყველაფერი. დამიჯერეთ, საქართველოში კოვიდი არ არსებობს. მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ არსებობს. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ Facebook-ზე პოსტების დაწერა არის გამოსავალი, ძალიან ცდებიან.“

​გიორგი ფხაკაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესის მართვაში ცვლილებების შეტანაა საჭირო:

„თავს ვიტყუებთ. ისეთი შეგრძნებაა, რომ ვითომ არ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ პანდემია. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ვაქცინაზე და არა სინოფარმზე, სინოვაკზე და ა.შ. უნდა იყოს ერთი სპიკერი, რომელიც იქნება გენერალი ვაქცინების. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში 10 სპიკერი ლაპარაკობდეს. ერთი ამბობს, რომ ფაიზერს ვადა აქვს გასული, მეორე ამბობს, რომ ჩინურს არ უნდა ბუსტერი და ფაიზერს უნდა.“

​ქვეყანა უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე - ფაიზერზე. ვიფიქროთ იმაზე, რაც არის საუკეთესო,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი ფხაკაძემ TV პირველის გადაცემაში „შუადღე Live” ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე Live”

წაიკითხეთ სრულად