Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადამიანები რომ დავყოთ ასე აცრილებად და აუცრელებად, ეს ყოვლად მიუღებელია,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„ადამიანები რომ დავყოთ ასე აცრილებად და აუცრელებად, ეს ყოვლად მიუღებელია,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ვაქცინაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის განხეთქილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მისცენ:

„ერთმანეთს ძალიან გაუფრთხილდით. ასე საუბარი არ შეიძლება! ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება! ​ვინც აიცრა, მადლობა ღმერთს, თუ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ამით საკუთარ თავს უშველოს და სხვაც გადაარჩინოს. ნუ ლანძღავ იმ ადამიანს, ვინც არ იცრება. ვკითხულობდი, რომ ვინც არ აიცრება, სახლში გამოკეტეთ. მახსენდება აღდგომის პერიოდი, როდესაც ადამიანებს, რომლებიც ტაძარში მოდიოდნენ, მკვლელებს ეძახდნენ. ასე ადამიანებს მოექცე, ასე ადამიანებს ესაუბრო, ასე გათელო ადამიანი?!“

დეკანოზის თქმით, ადამიანებს აქვთ როგორც აცრის გაკეთების, ასევე საპირისპირო გადაწყვეტილების მიღების უფლება:

„ადამიანებს გვაქვს კითხვები. ამ კითხვებზე არ გვაქვს პასუხი. ჩემი ბევრი მეგობარი სასულიერო პირი აიცრა. ჩათვალეს, რომ უნდა აცრილიყვნენ და მათ ამის სრული უფლება აქვთ. ჩემი სულიერი შვილები, ​ჩემი უახლოესი ადამიანები, ვინც ძალიან მიყვარს, აცრილები არიან. მათ აქვთ ამის უფლება. ადამიანები რომ დავყოთ ასე აცრილებად და აუცრელებად, ყოვლად მიუღებელია. ძალიან გთხოვთ, ყველამ თავი შეიკავეთ ერთმანეთის ლანძღვისგან. არ ღირს ეს ყველაფერი ამად.“

„ერთმანეთს პატივი ეცით, ერთმანეთის სიყვარულით იცხოვრეთ. რადგან შენ აცრა გაიკეთე, ასე დასცინო და აბუჩად აიგდო ადამიანები, მიუღებელია. ეს არის ძალიან დაბალი დონე ადამიანისა, მდაბიოობა ადამიანისა. რადგან შენ ეს გააკეთე, სხვას თვლი უგუნურ ადამიანად, ეს ასე არ არის. საფრანგეთის მოსახლეობის უმეტესობა გამოდის და საყოველთაო აცრას აპროტესტებს. ძალიან ბევრი მაღალი დონის ექიმი თვლის, რომ არ უნდა აიცრას. ძალიან ბევრი მაღალი დონის ექიმი თვლის, რომ უნდა აიცრას. ყველამ პირადად უნდა გადავწყვიტოთ, რას ვაპირებთ. ​ერთმანეთზე ნუ ვიძალადებთ ფსიქოლოგიურად. ყველა ადამიანს დაუტოვეთ უფლება, რომ თვითონ გადაწყვიტოს ეს ყველაფერი. ის, რომ ვიღაც აცრას არ ენდობა, არ ნიშნავს, რომ ეწინააღმდეგება მედიცინას. ადამიანებს გვინდა სწორი ინფორმაცია,“ - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად