Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„სამ წლამდე ასაკის ბავშვებს უკვე უნდა გამოვუმუშაოთ პასუხისმგებლობის გრძნობა,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

„სამ წლამდე ასაკის ბავშვებს უკვე უნდა გამოვუმუშაოთ პასუხისმგებლობის გრძნობა,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე გადაცემაში „პირადი ექიმი“ ბავშვებში პასუხისმგებლობის უნარის განვითარების შესახებ საუბრობს:

„ადრეულ ასაკში საძირკველის ჩაყრის გარეშე, შეუძლებელია, რომ უნარების განვითარება დავიწყოთ მოგვიანებით. ჩვენდა სამწუხაროდ ეს ასეა, რაც სპეციალისტებსაც ურთულებს შემდგომში საქმეს. ბუნებრივია, ადრეული ასაკის ბავშვს იმავე ენით ვერ დაველაპარაკებით, რომლითაც 14-15 წლის ასაკის ბავშვებს. არსებობს გარკვეული ორიენტირები, ხრიკები, ქცევის მოდელი, რომელიც უნდა დავიცვათ ადრეული ასაკიდან. ეს უნდა იყოს ბუნებრივი, მყარი და საიმედო ბაზა შემდგომ ახალ-ახალ გამოწვევებთან გამკლავებისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, სამ წლამდე ასაკის ბავშვებსაც გარკვეულ ქმედებებთან მიმართებაში უკვე უნდა გამოვუმუშაოთ პასუხიმგებლობის გრძნობა. ეს თითქოს, ერთის მხრივ, ღიმილის მომგვრელია. მას უნდა შეეძლოს კონკრეტული საქციელის გამო დანაშაულის აღიარება. ბუნებრივია, ჩვენ მიერ საყვედურის თქმის ფორმა უნდა განსხვავდებოდეს, მაგრამ მან უნდა აღიაროს, რომ ცუდად მოიქცა. თუ მან მოხატა კედელი, უნდა მივიდეს იმის აღიარებამდე, რომ ხატვისთვის არსებობს სახატავი ფურცლები. უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვმა გააცნობიერა თავისი ცუდი საქციელი.“

თამარ ედიბერიძის თქმით, მშობელმა ბავშვს სხვისი საკუთრების პატივისცემა უნდა ასწავლოს:

„თუ ბავშვი სხვის ნივთს აზიანებს, უნდა ავუხსნათ, რომ ეს ნივთი არ არის მისი. საკუთარ ნივთს, შეიძლება, უფრო თამამად მოეპყრას ადამიანი, თუმცა მის გაფრთხილებასაც აქვს თავისი წესები. ის, რაც სხვისია, არ შეიძლება ავიღო დაუკითხავად. უნდა ვიკითხო, მაქვს თუ არა ამის უფლება. ის, რაც სახლში ბევრჯერ ამიხსნეს, მაგ. წიგნს დახატვა აფუჭებს, უნდა გავიგო და სხვისი ნივთი არ უნდა დავაზიანო.“

თამარ ედიბერიძე აღნიშნავს, რომ ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობას ადრეული ასაკიდანვე თუ არ ჩავუნერგავთ, შესაძლოა, შემდეგ ძალიან გვიანი აღმოჩნდეს:

„ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად შინაარსი და კონტექსტი იცვლება. თუ მანამდე ბავშვს პასუხისმგებლობაზე არ ვესაუბრებოდით, რა თქმა უნდა, დავაგვიანეთ. მოზარდობის ასაკი საკმაოდ რთული ეტაპია. რთული არა მხოლოდ ჩვენთვის, მშობლებისთვის, არამედ, პირველ რიგში, ბავშვებისთვის. მათ ძალიან უჭირთ ამ ეტაპის გადალახვა. ეს არის ძალიან ბობოქარი პერიოდი, ჰორმონალურად, შინაგანად. საკუთარი თავის აღქმა პრაქტიკულად მთლიანად იცვლება. ჩვენ გვინდა, რომ შვილები თავისუფალ პიროვნებებად აღვზარდოთ. თავიდანვე ყველა უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი პირადი სივრცე. საერთო სივრცეში ქცევის განსხვავებული წესებია, უბრალოდ ეს წესები არის მოლაპარაკებაზე დამოკიდებული. შენი სახლის კედლების დაზიანებისას უნდა იცოდე, რომ ეს შენი სახლია, მაგრამ კედლები ყველასია. შესაბამისად შენ ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტ, აქ დახატავ, თუ იქ დახატავ.“

თამარ ედიბერიძის თქმით, ბავშვებთან სამხედრო წესებით ვერ ვიხელმძღვანელებთ:

„ბუნებრივია, სამხედრო წესები პატარებთან არ მუშაობს. უფროსების პასუხისმგებლობაა ბავშვისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომ მას დაზიანების სურვილი არ გაუჩნდეს და სხვაგან მიმართოს თავისი სურვილები და მისწრაფებები. არ ვამბობ, რომ ვიყვიროთ, ვიძალადოთ ან სასტიკად დავსაჯოთ ბავშვი, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ მან არასწორი საქციელი ჩაიდინა, არ გამოუვიდა ის, რასაც მისგან მოველოდით.“

„ალბათ, საქართველოში ძნელად მოიძებნება ოჯახი, სადაც მსგავსი რამ არ მომხდარა. ბავშვმა ფეხი წამოკრა რაღაცას და მაგიდას დაეჯახა. იმ წუთში მიცვივდნენ მშობლები, ოჯახის წევრები და ეუბნებიან: „ნუ გეშინია, ამ მაგიდამ გატკინა ხომ შენ? მოდი, ვცემოთ, ვცემოთ.“ ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პატარა ბავშვთან მიმართებაში გავაკეთოთ. ნახეთ, ბავშვს რას ვასწავლით, რომ შეიძლება შენი მოუქნელობა, შენი უხარისხო ქმედება დააბრალო სხვას, რომელიც რეალურად მსხვერპლია. მაგიდა სადაც დადგეს, იქ იდგა. მე წამოვედე ამ მაგიდას და ყველაფერი მას დავაბრალე, თან ვიძალადე კიდეც მასზე. თითქოს რა მოხდა, 3 წლის ბავშვს თუ ეს ვუთხარით, მაგრამ ეს ყველაფერი ილექება. 15-16-17 წლის აგრესიულ ქცევაში, შეიძლება, აღმოვაჩინოთ „ნაცემი მაგიდის“ ფენომენი. მოზარდი ნებისმიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოავლენს აგრესიულ ქცევას. რა იქნებოდა სწორი 2-3 წლის ბავშვთან მიმართებაში? რა უნდა გაგვეკეთებინა? უნდა მივსულიყავით, გვეკოცნა და ტკივილი დაგვეამებინა. უნდა გვეთქვა, რომ სხვა დროს შორიდან შემოურბინოს მაგიდას. მეორე ვარიანტია, რომ მე გავწიო მაგიდა და სხვაგან დავდგა, რადგან ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო ვერ შევქმენი. ის, რომ ბავშვს აგრესია ჩამოვუყალიბე მაგიდის მიმართ, მომავალში ძალიან ცუდად დაგვიბრუნდება. მოზრდილ ასაკში ამან, შესაძლოა, ცუდი გამოძახილი ჰპოვოს,“ - აღნიშნავს თამარ ედიბერიძე. 


წაიკითხეთ სრულად