Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„საშხაპის თავი თვეში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა დამუშავდეს ძმრით,“ - ქირურგი რეზო ომიაძე

„საშხაპის თავი თვეში ერთხელ მაინც აუცილებლად  უნდა დამუშავდეს ძმრით,“ -  ქირურგი რეზო ომიაძე

ქირურგმა რეზო ომიაძემ აბაზანაში ჰიგიენის წესების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშხაპის თავზე დიდი რაოდენობით მიკრობაქტერია ბინადრობს:

​ჩვენი აბაზანა შეიძლება ისეთ ბაქტერიებს მალავდეს, რომელზეც ჩვენ საერთოდ არ გვაქვს წარმოდგენა. 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საშხაპის თავზე, სადაც ილექება შლამი, ძალიან დიდი რაოდენობით მიკრობაქტერია ბინადრობს. საშხაპის თავი თვეში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა დამუშავდეს ძმრით.“

რეზო ომიაძის თქმით, ბაქტერიების საყვარელი ბუდე პირსახოცია:

„ბაქტერიების საყვარელი ბუდე არის პირსახოცი. სუფთა პირსახოცზე არანაირი ბაქტერიები არ ბინადრობდნენ. ბანაობის დროს, რაც უნდა კარგად მუშაობდეს აბაზანაში გამწოვი საშუალება, მაინც დგება ორთქლი. ორთქლის გაჩენის შემდეგ პირსახოციც სველდება და ეს არის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იმისა, რომ პირსახოცის ზედაპირზე გამრავლდეს სხვადასხვა ბაქტერიები. ​ბანაობის დროს რეკომენდებულია, რომ პირსახოცი რაც შეიძლება შორის იყოს შხაპისგან, რათა არ მოხდეს მისი დასველება და ბაქტერიების გამრავლება.“

„აბაზანის ფარდა შხეფების მოხვედრის შემდეგ კარგად უნდა გაშრეს და  ქიმიურად დამუშავდეს. თუ ქიმიურად დამუშავება ვერ შევძელით, ძმრით გავწმინდოთ. აბაზანის ფარდა თვეში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ,“ - აღნიშნულ საკითხზე რეზო ომიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო:​ „ექიმები“

წაიკითხეთ სრულად