Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი არ გაუშვათ მარტო ძილში, რას გამორბიხარ ოთახიდან? მოუგონე ბავშვს ზღაპარი, თვითონ გახადე გმირი,“- შალვა ამონაშვილი

„ბავშვი არ გაუშვათ მარტო ძილში, რას გამორბიხარ ოთახიდან? მოუგონე ბავშვს ზღაპარი, თვითონ გახადე გმირი,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია 13 წლამდე ასაკის ბავშვები დასაძინებლად მარტო არ გაუშვან და ძილის წინ მათ მიმართ განსაკუთრებული სითბო გამოიჩინონ:

„ბავშვი არ გაუშვათ მარტო ძილში. „უკვე დროა, დაწექი!“- ეს შეიძლება 13-14 წლის ბავშვს. იმასაც კი უნდა, რომ დედა დაუჯდეს გვერდით, აკოცოს, მოეფეროს. კი გეტყვის, დამანებე თავიო, მაგრამ თავმოყვარეობა არ აძლევს ნებას. რას გამორბიხარ ოთახიდან? დააწვინე ბავშვები? რაღაცა უთხარი, შენი ცხოვრებიდან უთხარი რაღაც, მამის ცხოვრებიდან უთხარი, ​გუშინდელი ზღაპარი გააგრძელეთ. ამ ზღაპარში თვითონ გახადე გმირი.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვის აღზრდა ძილშიც გრძელდება:

„მოუგონე ბავშვს ზღაპარი. იყო ერთი პატარა ბიჭი, სახელად დანიელი ერქვა, დანიელი და დედა სადღაც წავიდნენ. დანიელმა ასე გააკეთა, ისე გაააკეთა, დანიელმა დაიცვა დედა. შეაბრუნე ისტორია. დანიელი ზღაპარში კარგად იქცევა, ჩაეძინება. ​ძილში აღზრდა გრძელდება. სული არცერთი წამით არ იძინებს. სულმა ძილი არ იცის და აღზრდა სულში ხდება, სხეულში კი არა. მე გავაყოლე რა ხატი ბავშვს, მან ის უნდა დაამუშავოს. შიგნით ნათელი წერტილი გაჩნდება.“

„დილით გაიღვიძა ბავშვმა, მოეფერე. მოთმინება და დრო თუ დათმე, სიყვარულიც ვერ გაუძლებს ბოლომდე. გიყვარს ბავშვი, მაგრამ აღზრდის სიყვარულით არ გიყვარს. დაისვი ბავშვი და ჰკითხე: „აბა, როგორ მიყვარხარ მე: „ამხელათი თუ ამხელათი?“ თუ იცი, რატომ მყავხარ შენ ან შენ რატომ გყავარ მე?! ოთხი წლის ბავშვთან ასეთი საუბარი შეიძლება. დილით უთხარი ბავშვს, რომ დღეს ეს საქმე მაქვს, შენ რას გააკეთებ? ცხოვრება აუგე შვილს. ერთად ითამაშეთ ძალიან ხშირად. ოთხი წლის ბავშვს ახსნა-განმარტებები და თითის ქნევა არ ეყურება. ​დააძინე ბავშვი ასე: ლოცვები წაუკითხე, მოეფერე, უთხარი: როგორ მინდა შენი თითები მეფერებოდეს, დამაძინე რა... სიყვარულში გაავარჯიშე ბავშვი,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად