Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ავტორიტარულ ოჯახში გაზრდილი ბავშვი გარანტირებულად იქნება დეპრესიული სამომავლოდ,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„ავტორიტარულ ოჯახში გაზრდილი ბავშვი გარანტირებულად იქნება დეპრესიული სამომავლოდ,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დეპრესიის გამომწვევი მიზეზები დაასახელა და ხაზი გაუსვა გენეტიკის, გარემო პირობებისა და ადამიანის ტიპაჟის მნიშვნელობას:

„დეპრესიისთვის მზაობა შეიძლება იყოს გენეტიკური. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეპრესია იქნება. შემდეგი მიზეზი არის გარემო პირობები, რომელმაც შეიძლება დეპრესიას პროვოცირება გაუკეთოს. ​მნიშვნელოვანია აღზრდის პროცესები, სადაც ჩამოყალიბდება ეს დეპრესიულობა.“

ნანა ჩაჩუას თქმით, დეპრესიული ტიპის ადამიანს პიროვნებად შედგომის შიში აქვს:

„შემდეგი არის ტიპაჟი. ა​დამიანები მიეკუთვნებიან ან დეპრესიულ ტიპს, ან შიზოიდურ ტიპს, ან კომპულსიურს და ისტერიულ ტიპს. თითოეულ მათგანს აქვს თავისი შიშები. დეპრესიულისთვის დამახასიათებელია პიროვნებად შედგომის შიში. დეპრესიულ ადამიანს არ შეუძლია რეალობის პირისპირ დგომა. ის გაურბის ამ რეალობას და პასუხისმგებლობას ვერ იღებს.“

​ავტორიტარულ ოჯახში გაზრდილი ბავშვი გარანტირებულად იქნება დეპრესიული სამომავლოდ. დეპრესიულ მშობლებს და განსაკუთრებით დეპრესიულ დედას დიდი ალბათობით ბავშვიც დეპრესიული ჩამოუყალიბდება. როგორ მივუდგეთ დეპრესიულობისკენ მიდრეკილ ბავშვებს? მათ პასუხისმგებლობა იმთავითვე უნდა აიღონ. ბავშვი რომ ჭამს თვითონვე, თავისი ხელით და ჩამოითხვრება, დედა ჰკიდებს კოვზს ხელს და ეუბნება: „მე გაჭმევ.“ სჯობს ,რომ ბავშვმა ჩამოითხვაროს. ბავშვს უნდა უთხრა: „ყოჩაღ, შენ რა კარგად შეგიძლია.“ რატომ არის ეს საჭირო? იმიტომ, რომ ადამიანი თავის თავს ხედავს თავის ნამოქმედარში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად