Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედის სიყვარული არის უპირობო სიყვარული, მამის სიყვარულს სჭირდება დამსახურება,“- ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

„დედის სიყვარული არის უპირობო სიყვარული, მამის სიყვარულს სჭირდება დამსახურება,“- ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

​ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი ბავშვის აღზრდაში მამის მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ორივე მშობელს თავისი განსხვავებული როლი აქვს:

„ბავშვის მოვლა, აღზრდა და უპირობო სიყვარული მშობლის მოვალეობაა ზოგადად, მაგრამ დღეს ძალიან პოპულარულია აზრი: „რა მნიშვნელობა აქვს დედაა თუ მამა, რასაც დედა აკეთებს, მამამაც გააკეთოს.“ ეს ნამდვილად არ არის ასე. შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ჩემი შეხედულება არის მოძველებული და არ არის სწორი. მე მოგიყვებით ბოლო მონაცემების შესახებ, გესაუბრებით ფილიპ ზიმბარდოს ნაშრომზე, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფსიქოლოგია. ის გვეუბნება, რომ განხვავებაა მამის სიყვარულსა და დედის სიყვარულს შორის. დედის სიყვარული არის უპირობო სიყვარული, მამის სიყვარულს სჭირდება დამსახურება. მთელი ჩვენი ფსიქოლოგიური პრობლემები აღზრდის პრობლემებია.“

ლელა ტყეშელაშვილის თქმით, ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად მისი მამასთან ურთიერთობა იკლებს, რაც დამღუპველია ბავშვისთვის:

„რაც შეეხება იმას, რაც საქართველოში ხდება, ​მამა გასულია და დედასთან არის ბავშვი. რა მნიშვნელობა აქვს, რა მიზეზით არ არის მამა ბავშვის გვერდით?! კვლევების მონაცემებით, ყოველ 44 საათზე, რომელსაც ბავშვი სმარტფონთან ატარებს, მოდის ნახევარი საათი მამასთან გატარებული საუბარში. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მამას ნაკლები კონტაქტი აქვს თავის შვილთან. ეს დამღუპველია ბიჭისთვის და ძალიან მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გოგონას. დასავლეთში და ჩვენთანაც დღეს არის დაშლილი ოჯახების პრობლემა. ყოველი მესამე ბავშვი მამასთან არ იზრდება. მამის დეფიციტის პრობლემა არ არის ქართული პრობლემა და არის მთელ მსოფლიოში. ზიმბარდო ამბობს, რომ სამყარო დაიღუპება არა იმიტომ, რომ დედამიწას ასტეროიდი დაეჯახება, არამედ იმიტომ, რომ ბიჭები ჩათრეული იქნებიან კომპიუტერულ, ვირტუალურ თამაშებში. ამ ყველაფერს ის აბრალებს მამასთან ურთიერთობის ნაკლებობას.“

ლელა ტყეშელაშვილი იმ დანაკლისზე საუბრობს, რასაც ბავშვი მამასთან ურთიერთობის დეციფიტის გამო განიცდის:

„რას კარგავს ბავშვი, რომელსაც მამასთან არ აქვს ურთიერთობა? კი, შეიძლება დედამ და მამამ გაცვალონ როლები და მამამ აჭამოს, დაბანოს, გამოუცვალოს ბავშვს, მაშინ დედამ უნდა გააკეთოს ის, რაც მამის მოვალეობაა. ეს მოლაპარაკების ამბავია, ვისაც როგორ სცალია, ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. ​შეიძლება ერთ-ერთმა მშობელმა მოუაროს ბავშვს გარკვეულ ასაკამდე, მაგრამ უსაფრთხოებისა და აღიარების გარანტი არის მამა. ბიჭმა, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და აღიარებული იყოს, როგორც მამაკაცი, ის აღიარებული უნდა იყოს მამისგან. როდესაც ეს მამისგან არ მოდის, ისინი ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ეძებენ ვირტუალურ სამყაროში. რეალობასთან შეხება მათთვის არაკომფორტულია.“

„მამასთან ურთიერთობა გოგონასთვის არის მაგალითი, რას უნდა მოელოდნენ მომავალში მამაკაცისგან. გოგონას ნაკლები საფრთხე აქვს მამასთან ურთიერთობის დანაკლისისას. გარემო, რომელშიც ბავშვები იზრდებიან, არის ფემინიზებული. მასწავლებლები ძირითადად ქალები არიან, იზრდებიან დედასთან. ქალისთვის ქალური გარემო გარანტირებულია. მე არ ვამბობ, რომ კაცი ​უნდა იყოს მასწავლებელი და ქალი არა, მაგრამ ბალანსი რომ ძალიან დარღვეულია ქალების მიმართულებით, ეს ძალიან ცუდია. კაცის და ქალის აღზრდის სისტემა ოდითგან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. არავის ეგონოს, რომ თანამედროვე ფსიქოლოგიაშია ნათქვამია, თითქოს ბავშვი ისე უნდა გაიზარდოს, როგორც გვინდა და არ აქვს მნიშვნელობა გოგო იქნება თუ ბიჭი. იმის შედეგები, რომ აღზრდის სისტემაში განხვავება არ არის, უკვე სახეზეა, რაზეც ზიმბარდო ძალიან დარდობს,“ - აცხადებს ლელა ტყეშელაშვილი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად