მიგრაცია ძველი, დიდი და უსასრულო პროცესია, რომელსაც ვერანაირ ჩარჩოში ვერ მოაქცევ, არც თავი აქვს, ვერც ბოლოს იწინასწარმეტყველებ, მიზეზიც მრავალფეროვანია - შეიარაღებული კონფლიქტები, უმუშევრობა, ეკოლოგიური კატასტროფები... სახელმწიფოებმა და მათ შორის ყველაზე ცივილურმაც, სპეციალური უწყებები შექმნეს ამ პროცესების დასარეგულირებლად. სახეზე 21 - ე საუკუნე გვაქვს, კომპიუტერული ტექნოლოგიები ადამიანის ფანტაზიას სცდება, ცხოვრება ღილაკებსა და სენსორებზეა აწყობილი, მოიხედავ ამ დროს და ვინაა შენი მეზობელი? ვისი ტკივილის გაზიარება გიწევს? ვისი ინტერესების გათვალისწინების მოვალეა სახელმწიფო? დიახ, ესენი თავისივე ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული ადამიანები არიან, მიზეზი? მიზეზი - ომი! ომი პირდაპირი მნიშვნელობით: შეიარაღებული, სამხედრო შეტაკება თავისი სეპარატისტულ - ოკუპანტური გაგებით...
ვაჟა ციქუბაძე 58 წლისაა, ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში დაიბადა და გაიზარდა, საძმო სახლში ცხოვრობდნენ ის და მისი ძმა, როგორც ხშირად ხდება საქართველოში - დედმამიშვილთან ახლოს! დიდი ოჯახის და დიდი მეურნეობის პატრონი იყო: შვიდი სული საქონელი, ცხვარი, ღორი, კურდღელი, ქათამი, სახნავ - სათესი, სად ეცალა ვაჟას ქალაქისკენ გასახედად? მუხლჩაუხრელად შრომობდა ნინოსთან (მეუღლე) ერთად ქართველი კაცის უპირობო პროგრამით: შვილების დაზრდა, სწავლა - განათლება, გზაზე დაყენება ... გადიოდა დრო შიდა ქართლის შიდა გულის ერთ პაწია, კოხტა სოფელში, სულაც არ გეგმავდა ოჯახი ცვლილებებს 2008 წლის აგვისტომდე... საჰაერო დაბომბვის ეპიცენტრში რომ მოხვდა, მხოლოდ მაშინ დაფიქრდა პირველად, მამაპაპური სახლის დატოვება გარდაუვალი რომ იქნებოდა, ოჯახს, სამ შვილს ვერ გაწირავდა! მეურნეობის გადარჩენას იმ მომენტში ვინ დაეძებდა, ოღონდაც ცოლშვილი გამოეყვანა სამშვიდობოს... ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ჩავიდა, ფეხები უკან რჩებოდა, გული საგულეს არ იყო, თვალზე ბინდი ეკვროდა, სანამ მშობლიურ კუთხეს იხილავდა ,,იქნებ შეცდნენ“, ,,იქნებ ჩემი არა“ ... უთხრეს, შენი სახლი აღარ არისო და აჰა, გადაეშალა მწარე რეალობა : დამწვარი, ჩამონგრეული კედლებიღა დახვდა, ცხვარ - ძროხის ჭაჭანება აღარ იყო, მხოლოდ ორი სული საქონელი შეეფარებინა სასწაულებრივად გადარჩენილ ძმას... ჩამოჯდა, რამდენ ხანს იჯდა თავზარდაცემული არ ახსოვს, რა არ დატრიალდა მის თავში?! ერთი გაფიქრება ისიც კი დაუშვა, ნეტავ რამე ფილმში ხომ არ მიღებენო? არა, არ გამოვიდოდა სასოწარკვეთა და კაეშანი, სამი შვილი შემოჰყურებდა! ადგა, გამოირეკა თავისი ორი სული ძროხა, ძმას მაგრად გადაეხვია და წამოვიდა, დაშორდა დედმამიშვილს, სოფელს, შესისხლხორცებულ ხეობას... ქალაქად ჩამოვიდა, ტყუილად გაჩერება სიკვდილს, დამარცხებას ნიშნავდა, როგორც კი ოჯახი და თავი უსაფრთხოდ დაიგულა, გააგრძელა კაცმა ჭაპანის წევა, ნინო გვერდით ედგა, შვილებიც ჩაებნენ და ასე ნელნელა, გადარჩენაზე, ცხოვრების გაგრძელებაზე ფიქრით მოღონიერდა ოჯახი, კნოლევზე ტკივილი ტკივილად რჩებოდა, ფსიქოლოგიურად ესეც დაძლიეს, ან სად იყო დარდის დრო?! მალე სახლის შეძენაც შეძლეს და ჰა, ისევ ჩადგა კალაპოტში ცხოვრება შვილებზე, სირცხვილ - ნამუსზე, აქეთურ - იქითურზე ფიქრით! ოჯახმა ერთად დგომით დამწვარი სახლის აღდგენაც დაიწყო და დღემდე მისი სახურავის ქვეშ მოქცევაც შეძლო.
კნოლევი დღევანდელი რეალობით ქართული მხარის მიერ კონტროლირებად და ბოლო სოფლად ითვლება, ავლევის გორაზე ქართული პოლიციაა განლაგებული და სულ რამდენიმე ასეულ მეტრში უკვე რუსი დგას. კნოლევიდან მიგრირებულ ადამიანებს დევნილის სტატუსი არ მიენიჭათ, ეს სტატუსი მხოლოდ ზნაურ - ცხინვალის მოსახლეობამ მიიღო, სამაგიეროდ სახელმწიფო ყოველმხრივ შეეცადა ინფრასტრუქტურის განვითარებით დაემაგრებინა ადგილობრივი, ყველაფერი მოუწყო, ზოგადად, რასაც სოფელი ითხოვს ხოლმე - გზა, გაზი, წყლის ჭაბურღილი, სკოლის გარემონტებულ - გამყარებული შენობა. სოფელში რომ შეხვალ, მართლა გაგეხარდება: აგერ მსხვილფეხს დაინახავ, მერე ქათმებს, წიწილებს, ბატებს, ირგვლივ თვალს მოავლებ და ულამაზეს სერებს, მინდვრებს, ნახელავ - დამუშავებულ ნაკვეთებს, იტყვი, აქ ცხოვრებას არაფერი სჯობსო! ფრონისხეობის ეს ძველი, გასაოცარი, სალოცავებით მდიდარი სოფლები თავისი ხალხითაც გამორჩეულია, საკუთარი გამოცდილებით ვიცი, ჩემი დედულეთია, ოღონდ ცოტა ქვედა მხარე, ხალხი მშრომელი, წესიერი, უწყინარი, ადვილად რომ არ მიატოვებენ და გასაყიდად ვერ გაიმეტებენ სახლ-კარს.
ციქუბაძეების სახლთან ახლოს კობერიძეების სახლია, სახლს პირობითად თუ უწოდებ ბლოკით სახელდახელოდ აშენებულ, ორმოციოდე კვადრატულ მეტრ ოთახს, უშველებელი, ქვით მყარად ნაშენი სახლის ნანგრევების ფონზეც რომ უსუსურად გამოიყურება, მაგრამ ის ხუთსულიანი ოჯახის ერთადერთი თავშესაფარია, ორი მცირეწლოვანი ჰყავდათ კობერიძეებს 2008-ში, ახლა მესამეც მიემატათ. ყოველდღიური რუტინით დაღლილი, თავდავიწყებული დიასახლისი ვინ იცის რამდენჯერ გახედავს ერთ დროს სოფლის ამაღლებულ ადგილას შეღერებული, ლამაზი სახლის ჩამოშლილ, ნახანძრალ და უკვე გადარეცხილ კედლებს და მწარედ ამოიოხრებს, ისიც არ იცის ვისი მსახვრალი ხელი მოხვდა: რუსის, ოსის, ვინ გადამთიელის? არც ის იცის, შეძლებს თუ ვერა სიცოცხლეში მის აღდგენას, თუ ამ ოცდაათ კვადრატში მოუწევს ახალგაზრდობის გატარება. მისი შვილები? განა სხვა ქართველისგან განსხვავებულია მათზე ფიქრები? განათლება, დაბინავება, მიხმარება... ღმერთო, გაძლება მიეცი! ჯავახიშვილების სახლია იქვე, გულსაკლავად, ესეც უზარმაზარი! როგორ უყვართ ამ ხეობაში დიდი, კაპიტალურად მოწყობილი სახლები, მერე მთელი ცხოვრება ამ სახლების მოვლა და რა გასაკვირია, მსგავსი მიჯაჭვულობა ქონდეთ თავიანთ კერაზე ამ ხალხს?! აგერ, ჯავახიშვილისთვის კი აუშენებია მთავრობას პატარა საცხოვრისი, მაგრამ იქ არავინაა, დაკეტილია, მითხრეს პატრონი შრომით მიგრაციაშია წასული, ეგებ საჭირო თანხას მოუყაროს თავი და სახლი ააშენოს თავის ძველ ადგილასო.
კნოლევში კიდევ არაერთი სახლი შეეწირა ომის ამაოხრებელ ქაოსს, მაგრამ აქ სიცოცხლე გაგრძელდა და საბედნიეროდ, კიდევ მოჩანს პერსპექტივა, იქით, ზნაურისკენ ავნევი, ნული, ოქონა, ბალთა, თიღვა და კიდევ ბევრი ქართული სოფელი აგვისტოში პრაქტიკულად მიწის პირისაგან აღიგავა. მახსოვს ადრე ერთ სუფრაზე ავნეველ ახალგაზრდა კაცს შევხვდი, დედაქალაქში პატრულად მუშაობდა, ცოტა რომ დალია, თავის ბავშვობაზე ალაპარაკდა, მეც კითხვები მივაყარე და ბოლოს, ამდენი ხელოვნურად შენარჩუნებული სიმშვიდის მერე, აღარც ცრემლებს მოერიდა, ხმაც ღმუილნარევი გაუხდა და აღმოხდა: ,,ავნევი, ჩემი ავნევი“... არასოდეს დამავიწყდება ის ბიჭი და ის ემოცია, ეს სამოიდე სიტყვა, ყველაფერს რომ იტევს, იმ სევდასაც, მის მამამ ოჯახი რომ გამოისტუმრა და თავად იქაურობას შეეწირა...
ძნელია, საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი გაამხნევო, ენაც ვერ მოგიტრიალდება და ფიქრობ, ნეტავ რამე შემეძლოს, ნეტავ... დიდი სურვილი მაქვს სახელმწიფო გაძლიერდეს იმ დონეზე, შეძლოს თითოეული მათგანი დააბრუნოს, ეს პროგრამა მაქსიმუმია, მინიმუმი ხან გამოვა, ხან ვერა, მით უფრო მიგრაცია არაა მხოლოდ ქართული პრობლემა და სავსებით შესაძლებელია ჩვენც გავხდეთ უცხოტომელების თავშესაფარი, ჩვენც ვართ მოვალე განვახორციელოთ სამშვიდობო მისია, ალბათ...
ზემოთ შრომითი მიგრაცია ვახსენე, ოჯახის სარჩენად სოფლიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში წასვლა - წამოსვლა, ვერასოდეს მოვა ბომბებს გამოქცეული ადამიანების იძულებით გადაადგილების მიზეზთან, სამარცხვინო მაინც არაა იმასთან შედარებით, რაც ადრე ხდებოდა, ოჯახებით რომ მიდიოდნენ, ღირსების და პატივმოყვარეობის შელახვის ფასად უცხო ქვეყანას თავისი ქვეყნიდან პოლიტიკური ნიშნით დევნილებად რომ ბარდებოდნენ... ვერ დაძრახავ ადამიანს, საშინელი სამედიცინო დიაგნოზით, ხარისხიანი მკურნალობის აუცილებლობით რომ ცდილობს საზღვარი გადაკვეთოს და იქიდან სრულიად თუ არა, ნაწილობრივ გამოჯანმრთელებული მაინც დაბრუნდეს.
შრომითი მიგრაციის ავსა და კარგზე ბევრი თქმულა და დაწერილა, ფაქტია ამ მოვლენამ 90 - იანი წლებიდან მოყოლებული უამრავი ოჯახი გადაარჩინა შიმშილს, მეტიც, ქვეყნის სასარგებლოდ ეკონომიურადაც გააძლიერა. ბუნებრივია, სახელმწიფომაც აწონ - დაწონა ხალხის მოთხოვნა და დასაქმების მიზნით გამსვლელთა დახმარებას ოფიციალური სახე მისცა. გამოცხადდა გერმანიაში დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, პირველივე დღეებში ელექტრონულ პლატფორმაზე რამდენიმე ათეული ათასი მსურველი დარეგისტრირდა, ამ პროგრამით, სამთვიანი ვადითაა წასული ჩემი შვილიც, რომელიც შტუდგარდის შემოგარენში სასოფლო - სამეურნეო სამუშაოებშია ჩართული.
ძალიან თუ ჩავუღრმავდებით, იქნებ მიგრაციაში წასვლა ვიღაცისთვის თვალის ახელაა და საკუთარი თავის პოვნის შანსი, ან ზოგიერთი ქალისთვის ოჯახური ძალადობისგან თავის დაღწევა, ან კაცისთვის ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობისგან გაქცევა შორიდან უფრო კარგად დახმარების გამართლებით? ვინ იცის, ვინ გვეტყვის, ვიღაცას ამის ახსნაც არ აქვს, რატომ მიდის და დიდხანს რატომ არ ბრუნდება, თემა სენსიტიური და პირადულია, მიზეზი, პროცესი და შედეგი დაუთვლელი და დაუწერელი... ოღონდაც ომი, ნგრევა, მსვერპლი ნუ იქნება და იარონ, იმოძრაონ, გაიცვალოს აზრები და ენერგიები, კარგის დანახვა ყველაფერში შეიძლება, როდის იყო მედალს ორი მხარე არ ქონდა?!
P.S. თან ვურთავ სტატიისთვის ექსკლუზიურად გადაღებულ ფოტოებს: კნოლევში ვაჟა ციქუბაძის უკვე გადახურული სახლი; კობერიძეების, შემდეგ ჯავახიშვილების სახლი და ციქუბაძეების ოჯახი არასრული შემადგენლობით.
პატივისცემით, ირინე გოცირიძე