იჯდა და ელოდა... გათენებას... არაფერი იყო ამ მოლოდინზე საშინელი. საერთო საცხოვრებლის გიფს-კარდონით გატიხრული ოთახიდან ჩაქუჩის მონოტონური კაკუნი ისმოდა, არავინ იცის, როდის გამოამტვრევდა თავხედი მეზობელი კედელს. ამ ხმას ხან ღმუილი ცვლიდა, გაუსაძლისი ტკივილის დროს რომ გამოსცემს ადამიანი. ეს უკვე დღეები კი არა, თვეები გრძელდებოდა. უფრო მას შემდეგ დაიწყო, რაც მამამისი გარდაიცვალა. ფანჯრებზე ჯვრები ჩნდებოდა, სასაფლაოზე უცნაური მინიშნებები მოსალოდნელ საფრთხეს აუწყებდნენ, ერთხელ საფლავიც მოწამლეს, ჰო, მოწამლეს. საშინელი, მძიმე სუნი ასდიოდა და ალაგ-ალაგ სველი იყო. მკვდართან ომი დაიწყეს? მასაც იმიტომ ხომ არ ემუქრებიან? შეეშინდა და წამოვიდა... მერე მუქარამ ეზოში გადმოინაცვლა, მიწის გათხრა დაიწყეს, ფიცრებიც მოიტანეს, ალბათ, კუბოსთვის... იმიტირებული სიკვდილი გაითამაშეს, ესეც მის შესაშინებლად. კარებთან საფენის ქვეშ წარწერა ნახა, გზაზე არ გახვიდე, ფრთხილად იყავი - ნეტა ვინ დატოვა? წუხელ მთელი ღამე „სერენადები“ ასმენინეს - ძაღლის საზარელი ყმუილ-წკმუტუნი, ასეთი რა გაუკეთეს? ალბათ - შენც ასე იწამეო, განა ცოტას ეწამა? რამდენი თვეა, სინათლე არ აუნთია, განა იმიტომ, რომ არ უნდა ან არ აქვს, ასეთ სცენებს რომ მოერიდოს, იმიტომ.
ჭკუიდან ხომ არ შეიშალა? მეზობელმა სიტყვა გადაუკრა, ფსიქოლოგთან მივიდეთო, მაგრამ ის ხომ თავისი ფსიქოლოგიც არის და ფსიქიატრიც. რამდენ მანქანას აუვლია და ჩაუვლია მის ქუჩაზე, უამრავი ფერ-ზომის, მაგრამ ახლა სასწრაფოს მანქანამ ასე საეჭვოდ რატომ დაარტყა წრე მის ცხვირწინ, ეს რაღას ნიშნავს? ხომ არ მოწამლეს? რატომ დევნიან, ვინ აუგორა შავი პიარი? ბევრი მტერი შეიძინა. ორჯერ დევნილი გახდა საკუთარ სამშობლოში. ნუთუ ამისთვის ისჯება?!
ქართულ-ოსური კონფლიქტი რომ დაიწყო, იმ წელს ჩაირიცხა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. დედისერთა ჟღალთმიანი გოგო მაშინვე მოექცა მეგობრების ყურადღების ცენტში, მოეფერნენ, სახელიც გაუპრანჭეს, შეიყვარეს თვითონაც ყველაზე მზრუნველი და მოსიყვარულე. ის წლები წარუშლელი იყო მის ცხოვრებაში, მერე რა, რომ ჩაბნელებულ 90-იანებში, სამოქალაქო დაპირისპირების დროს მოუწია სტუდენტობამ, მათ თაობაზე გადაიარა, სამაჩაბლოს, აფხაზეთის, ომებმა, სამოქალაქო დაპირისპირებამ, „პუტჩმა“, რევოლუციამ და ბოლოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა.
თბილისში გამომცემლობაში მუშაობდა, კალამი უჭრიდა, მისი ლექსების კრებულიც გამოიცა, უამრავი მეგობარი შეიძინა სტუდენტობიდან მოყოლებული. არ გათხოვდა, წუნიაობის გამო? არა, უფრო სიამაყის.
2008 წელს მისი მშობლიური ლიახვის ხეობა დაბომბეს, მშობლები გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში შეასახლეს. მარტო არ დატოვა, წამოვიდა და მათთან დარჩა. დედაქალაქში დაბრუნების იმედით, სადაც სამსახური ელოდებოდა, უარი თქვა გორში გამოყოფილ ფართზე, დევნილის სტატუსზეც. ბაღის გამგე ღვთისნიერი ადამიანი აღმოჩნდა, ბავშვების სადილიდან ხიზნებს ლუკმას უნაწილებდა. დღისით მათთვის გამოყოფილ ერთ ოთახში იყვნენ გამოკეტილები, რომ არავის გაეგო მათი არსებობა. ოთახი არა, უფრო საკუჭნაო იყო, სადაც ყველაფერ ძველმანს მოეყარა თავი, არც გათბობა, არც სინათლე. საღამოს 6 საათიდან, როდესაც ბოლო აღსაზრდელი დატოვებდა ბაღის შენობას, ფაქტობრივად, ღამე იწყებოდა მათი ცხოვრება კონსპირაციულ თავშესაფარში. სინათლესაც მაშინ ანთებდნენ, ოღონდ პატარა მბჟუტავ ნათურას, შუქს გარეთ რომ არ გაეღწია. კითხულობდნენ კითხვას მონატრებული მოხუცები, დამსახურებული პედაგოგები, დევნილობაში სიბერე რომ არგუნა ბედმა, მაგრამ შვილის ხათრით ითმენდნენ. ხანდახან ძველი რადიო ჩაირთვებოდა. გარეთ გასვლას მხოლოდ იგი ახერხებდა და დარბოდა უწყებებში, აწუხებდა ყველას, ნაცნობ-უცნობს, წერდა განცხადებებს, საჩივრებს, თავი ყველას მოაბეზრა. მოდიოდნენ, ამოწმებდნენ და ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ, რომ თბილისში ვერ დაბრუნდებოდა, ქალაქში, რომელთანაც ბევრი მოგონება აკავშირებდა, სადაც მეგობრები ეგულებოდა, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. დაკარგა სამსახური. ეს მისთვის განაჩენი იყო. მაგრამ მთავარი ვერდიქტი თავს თვითონ გამოუტანა. სიჯიუტე.
საშინელმა პირობებმა, ნერვიულობამ თავისი ქნა. სიცივის გამო მუდმივად საწოლში წოლამ ჯერ დედა მიაჯაჭვა ლოგინს, ერთ დღესაც გარდაიცვალა და აქედან ნათესავთან გადაასვენეს... დიაბეტიანი მამა სანთლის შუქზე კითხვამ დააბრმავა, განგრენამ ჯერ თითები დააკარგვინა, შემდეგ ზედა კიდურებზე აინაცვლა, უძლებდა საშინელ ტკივილებს შვილის სამედიცინო მანიპულაციების ამარა დარჩენილი მოხუცი და როდესაც ექიმს დაუძახეს, უკვე გვიანი იყო, მამაც დაკარგა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა იძულებული, დაეტოვებინა საბავშვო ბაღი, სადაც მარტვილობის 5 წელი გაატარა.
ახლა, ყელამდე პრობლემების ჭაობში ჩაფლულს, ერთადერთ ნათელ წერტილად მისი ბავშვობის და სტუდენტობის მოგონებები დარჩა, სოფლის სახლი - უფრო ნასახლარი. ჯგუფელები - 30 წლის წინათ შეძენილი მეგობრები.
...როგორი უცხოა ეს ქალაქი მისთვის თავისი ყალბი ადამიანებით. არა, თბილისში დაბრუნებას აღარ ფიქრობს, არც სამართალის ძიებაში დაკარგულ წლებსა და ჯანმრთელობაზე, აღარც იმ ნათესავებზე, მისი არსებობა რომ დაივიწყეს. სხვა რამე ედარდება. მთელი ეს მინიშნებები, სიზმრები, ხილვები იქნებ იმისთვის იყო, რომ თვალი ახელოდა, თავისი მისია გაეგო, მან უნდა იხსნას კაცობრიობა განსაცდელისაგან. იცის როგორ დაამარცხოს ეს პანდემია, პოლიტიკური აშლილობა. მეგობრებს შეუძლიათ გაუგონ, რომ ეს მეგალომანიური ბოდვა და მკრეხელობა არაა. მიწერს მათ, ზარებით არ დაღლის. პირადულზე არა - ქვეყნის გადარჩენაზე.
…მოსვენება აქვს დაკარგული. როგორ ენატრება მშვიდი ძილი... ნეტავ ეს ხმები შეწყდებოდეს... იქნებ ეჩვენება...