Baby Bag

„ფრაზები: „რა გატირებს? ვინ არ ყოფილა ორსულად? რა არის ეს ტირილი?“ ძალიან გულსატკენია იმ მდომარეობაში,“ - მზიკო დალაქიშვილი

„ფრაზები: „რა გატირებს? ვინ არ ყოფილა ორსულად? რა არის ეს ტირილი?“  ძალიან გულსატკენია იმ მდომარეობაში,“ - მზიკო დალაქიშვილი

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობიარობის შემდგომი დეპრესიისა და შფოთვის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობიარობის შემდეგ სევდიანობა ბუნებრივი მდგომარეობაა:

„ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, როდესაც ქალბატონი მშობიარობის შემდგომ თავს დაძაბულად, დაღლილად, არასასურველად გრძნობს. თვლის, რომ მის გარშემო ყველაფერი ისე არ არის, როგორც საჭიროა. დავიწყოთ იქიდან, რომ ფიგურა იცვლება, განწყობა იცვლება. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ემოციურ ფონს, რომელსაც ბევრი არქმევს დეპრესიას, თუმცა მე მაინც გავმიჯნავდი დეპრესიას იმ მდგომარეობისგან, რომელზეც მე ახლა ვისაუბრე.“

მზიკო დალაქიშვილის თქმით, ორსულობისას ჰორმონალური ცვლილებები გარდაუვალია, რისთვისაც ყველა ქალი მზად უნდა იყოს:

„ჰორმონალური ცვლილებები გარდაუვალია. ეს ყველასთან ხდება, რომლის შედეგადაც რაღაც ცვლილებები არის. ჭრილობა რომ გაქვს გახსნილი და ყველაფერი მტკივნეულია, ასეთები ვხდებით ბუნებრივად. გარემო ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ გარემო ამას გაგებით მოეკიდება და თითოეულ ცრემლს მიიღებს ნორმალურად, არ მოხდება ამაზე გამახვილება ყურადღების, ეს დადებითად იმოქმედებს. „რა გატირებს? ვინ არ ყოფილა ორსულად? რა არის ეს ტირილი?“- ეს ყველაფერი ძალიან გულსატკენია იმ მდომარეობაში. შეიძლება ამას დაემატოს რაღაც წყენა, რომელიც გაგახსენდება და მიდიხარ რაღაც მდგომარეობამდე.“

„დეპრესიაში მყოფი ადამიანი იმ მდგომარეობამდე მიდის, რომ შვილი საერთოდ არ უნდა, აღარც ქმარი უნდა, აღარც თავისი თავი მოსწონს. ამ სამყაროში ამოვარდნილად გრძნობს თავს, ვერ ხედავს მომავლის პერსპექტივას. გარემოც ძალიან წუხდება მუდმივად შეწუხებული ადამიანით. ყველაზე მთავარი მაინც ბავშვია. რაც უნდა მგრძნობიარე იყო, ეს ცრემლები იყოს სიყვარულის და ნუ იქნება დარდის, რომ რა გავაკეთე ეს?! ამასაც გაგებით მოვეკიდები. შეიძლება ყველაფერი დაემართოს ადამიანს, მაგრამ მივმართოთ პროფესიონალს და ვაღიაროთ ეს მდგომარეობა. დავიწყოთ ცხოვრება თავიდან,“- აღნიშნულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე... დანაშაულია, როდესაც ადამიანი გენდობა და უმტყუნებ მას...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ღალატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაზე ყველაზე დიდი დანაშაულია:

„გობი არის დიდი ჯამი. შიგნით კარგი დიასახლისი საკვებს მოამზადებდა. მას გარშემო შემოუსხდებოდნენ შინაურები, ზოგჯერ მოწვეულებიც. ერთად ჭამდნენ საჭმელს. ერთი გობიდან ჭამდნენ. ვინც ერთი გობიდან, ერთად ჭამა რამე, მერე ისინი ითვლებოდნენ ახლო ადამიანებად. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე და შენ ერთად თუ ვისხედით და ერთად ვჭამეთ პური, ამის შემდეგ უნდა ვყოფილიყავით ერთგული ერთმანეთისა. ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. აქედან წარმოიშვა სიტყვა „მეგობარი.“ რაკი პური გავტეხეთ და ერთმანეთს ჭიქა მივუჭახუნეთ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის შემდეგ ერთმანეთს ვუღალატოთ, ცუდი გავიფიქროთ ერთმანეთზე, პირიქით, თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ, შევეშველოთ, ვუთანაგრძნოთ, ხელი გავუწოდოთ და არასდროს არ ვუღალატოთ.

ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე. მე რომ ვიღაცას ვუღალატო, ის გულში ჩაირჩენს წყენას. დაიხსომეთ, რომ ღალატი ყველაზე ცუდი დანაშაულია. როდესაც ადამიანს უმტყუნებ, ის ადამიანი შენ გენდობა და შენ უმტყუნებ მას, ეს არის დიდი დანაშაული. კაცი შენ გენდო და ნდობა არ შეუსრულე, უთხარი მაინც, რომ ჩემზე არ ააგო იმედები, ჩემი იმედი ნუ გექნება, არ მენდო. ღალატი ყველაზე დიდი ცოდვაა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად