Baby Bag

„პირველ რიგში, ქალი უნდა იყოს კარგად, რომ შეძლოს ამ ყველაფრის ტვირთვა და გაძღოლა,“ - ფსიქოთერაპევტი მარიამ ალანია

„პირველ რიგში, ქალი უნდა იყოს კარგად, რომ შეძლოს ამ ყველაფრის ტვირთვა და გაძღოლა,“ - ფსიქოთერაპევტი მარიამ ალანია

ფსიქოთერაპევტმა მარიამ ალანიამ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპეციალისტს აღნიშნული პრობლემით ქალების 20% მიმართავს:

„ეს 20% არის ის, ვინც მიმართა სპეციალისტს. გაცილებით მეტია, ვინც არ მიმართა. თუ ამას ადამიანი რაღაცნაირად თვითონ გადალახავს, შედეგების გარეშე არ ჩაივლის ეს. არ უნდა მოვტყუვდეთ, რომ გადალახა და ყველაფერი კარგად არის. შეიძლება გავიდეს წლები და წლების შემდეგ ამან სადღაც იჩინოს თავი, ხშირად ბავშვთან ურთიერთობაში. შეიძლება დედასა და შვილს შორის ემოციური კავშირი დაირღვეს, ბავშვი იყოს აგრესიული. აქაც ჩაკეტილ წრემდე მივდივართ, რომ, ალბათ, დედის ბრალია. რაღაც დედამ ვერ გააკეთა ისე, როგორც უნდა გაეკეთებინა.“

„აქცენტი გადატანილია ბავშვზე, როგორ გამოვკვებავ, როგორ მოვუვლი. დედა გადადის მეორე პლანზე. ეს ისედაც ასე ხდება, ბუნებრივად ასეა. მთელი ორსულობის განმავლობაში რაღაც შეზღუდვები უწევს ქალს, ის არ უნდა ჭამოს, იქ ვერ წავა. მშობიარობის პროცესიც სულ იდეალურად რომ იყოს, მაინც ძალიან სტრესულია ბავშვის მოვლა, ღამის თენება. კიდევ ამის აქცენტირება, რომ ბავშვზე უნდა იყო პასუხისმგებელი, ეს უნდა გააკეთო, ის უნდა გააკეთო, რომ კარგი დედა იყო, არ არის სწორი. თუ შემოვატრიალებთ ამ აქცენტს და ვიტყვით, რომ ჯერ დედა უნდა იყოს კარგად, მერე ბავშვიც კარგად არის და ყველა კარგად არის. პირველ რიგში ქალი უნდა იყოს კარგად, რომ შეძლოს ამ ყველაფრის ტვირთვა და გაძღოლა,“- აღნიშნულ საკითხზე მარიამ ალანიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბულინგის შემთხვევების დროს სკოლა ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ეს არ მომხდარა სკოლაში. ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ,“ - მაია ცირამუა

„ბულინგის შემთხვევების დროს სკოლა ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ეს არ მომხდარა სკოლაში. ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ,“ - მაია ცირამუა

ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ მოზარდებს შორის ბულინგის შემთხვევების გახშირების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ჩაგვრის აღმოფხვრაში სკოლის მნიშვნელოვან როლს:

„პირველი რგოლა არის სკოლა. სკოლას თავისი რესურსით უნდა შეეძლოს განმუხტვა, ცეცხლის ჩაქრობა და არა გაჩაღება. როდესაც ჩვენს ქვეყანაში მსგავსი შემთხვევებია, ისინი ყოველთვის ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს არ მომხდარა სკოლაში, ეს მოხდა სხვადასხვა სკოლის მოსწავეებს შორის. აქ ძალიან კარგად ჩანს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისა და თავის მართლების პოზიცია.​ მგონია, რომ მიდგომა უნდა შევცვალოთ.“

მაია ცირამუას თქმით, სკოლის გარეთ ჩაგვრის არსებობის შემთხვევაში, ბულინგის ნიშნები საკლასო ოთახშიც იჩენს თავს:

„ის, რაც ბავშვებს შორის ხდება სკოლის გარეთ, ეს აუცილებლად ჩანს საკლასო ოთახშიც. ​ბავშვი, რომელიც სასტიკად ეპყრობა თავის თანატოლს, ის აუცილებლად ავლენს მსგავს ნიშნებს სხვაგანაც. პედაგოგს ამ ნიშნების იდენტიფიცირების ვალდებულება აქვს. პედაგოგს ასევე ვალდებულება აქვს მშობლების საქმის კურსში ჩაყენების, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის ჩართვის. არსებობს სასკოლო მედიაციის გარკვეული პრაქტიკა.“

„თუ უკვე ზიანი ძალიან მაღალია, რომელიმე მხარეს სერიოზული ქცევითი დარღვევები ვლინდება, იკვეთება სპეციალისტის ჩართვის საჭიროება, აქ უკვე საჭიროა ჩართო გარედან სპეციალისტი. ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს კარგად გააზრებული, როგორ იმუშაოს მსგავს საკითხებზე. მიდგომით, რომ ეს ჩემს სკოლაში არ ხდება და სკოლის გარეთ მოხდა, ​ჩვენ ვერასდროს ბულინგის პრობლემას სკოლებში ვერ მოვაგვარებთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ცირამუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა,.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად