Baby Bag

„ეს არის მოუნელებელ ტრავმაზე ახალი რეტრავმატიზაცია,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ეს არის მოუნელებელ ტრავმაზე ახალი რეტრავმატიზაცია,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ იმ ზეგავლენის შესახებ ისაუბრა, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე ომი ადამიანების ფსიქიკაზე ახდენს:

„ეს რეტრავმატიზაცია ჩვენზე აბსოლუტურად გადმოვიდა. 2008 წლის ამბების განახლება მოხდა. სხეულებრივად იმავე მდგომარეობაშია ძალიან ბევრი ადამიანი ჩავარდნილი. ეს არის 90-იანი წლები, მერე სოხუმის დაცემა, ცხინვალის ომი, უკრაინა. ბევრი ადამიანი არის ამ ყველაფრის მომსწრე. ეს არის მოუნელებელ ტრავმაზე ახალი რეტრავმატიზაცია.“

მარინა კაჭარავას თქმით, მსგავსი დიდი სტრესის პირობებში ადამიანები რამოდენიმე ფაზას გადიან:

„გლობალურ დონეზე არის განგაშის ფაზა, გაფრთხილების ფაზა, რომელიც იწყება. შემდგომში ყველა დაეხმარება, გაუგზავნის დახმარებას, როგორც ჩვენგან იგზავნება რაღაც. ეს როდესაც გაივლის, მოდის საოცარი სიცარიელის და ფრუსტრაციის განცდა. ის, რაც დაემართათ ჩვენს დევნილებს. შემდეგ ეს განცდა შოკიდან ბრაზში გადადის: „რატომ მე?“ ჯერ არ გჯერა. ბრაზობ: რატომ დამემართა მე. მერე ეს სევდაში გადადის და მერე ადაპტაციაში.“

„ჩვენ გვგონია, რომ პანიკა არ არის, მაგრამ სადაც ბავშვები იხოცებიან და ბავშვი მიწისქვეშა გადასასვლელში იბადება, როგორ შეიძლება არ იყოს პანიკა?! ეს არის მობილიზაცია, რაც სტრესმა იცის. გვერდით უნდა დავუდგეთ ერთმანეთს, ვილოცოთ და ვიზრუნოთ ერთმანეთისთვის,“- აღნიშნულ თემაზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად