Baby Bag

„ბავშვები უკვე რუსობანას და უკრაინელობანას თამაშობენ და ომის თამაშში გადატანას ცდილობენ,“- ფსიქოთერაპევტი მერი გელაშვილი

„ბავშვები უკვე რუსობანას და უკრაინელობანას თამაშობენ და ომის თამაშში გადატანას ცდილობენ,“- ფსიქოთერაპევტი მერი გელაშვილი

ფსიქოთერაპევტმა მერი გელაშვილმა ბავშვებზე ომთან დაკავშირებული ნეგატიური ინფორმაციის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„ექვს წლამდე ბავშვთან როდესაც ვსაუბრობთ, მან შეიძლება ინტერესის დასაკმაყოფილებლად დასვას კითხვა და არ ღელავდეს. შეიძლება პირიქით, დიდი შფოთვა ჰქონდეს და ამაზე არ ლაპარაკობდეს. ამიტომ გამოვკითხოთ, როგორ გრძნობენ თავს. ცოტა უფრო დიდ ბავშვებს, შეგვიძლია ვესაუბროთ როგორც დიდებს. არ უნდა გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოცია. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მეტ-ნაკლებად ვაკონტროლებთ ყველაფერს.“

მერი გელაშვილის თქმით, უფროსებმა დოზირებულად უნდა მოუსმინონ ომთან დაკავშირებულ ინფორმაციას:

„ყველა ოჯახში დღეს ჩართულია ტელევიზორი. იმ წამს ბავშვი არ გამოხატავს, რომ ნერვიულობს. დოზირება მართებთ უფროსებს. მუდმივ რეჟიმში ეს ეკრანი მათზე ნეგატიურად მოქმედებს. უკვე შეიმჩნევა ტრავმული თამაშები. ბავშვები უკვე რუსობანას და უკრაინელობანას თამაშობენ და ომის თამაშში გადატანას ცდილობენ. ეს ჭარბი ნეგატიური ინფორმაციის შედეგია.“

„შეიძლება იყოს ჩაძინების სირთულე, მადის დაქვეითება ან მოზღვავება. თვალსაჩინო ფსიქოსომატური სიმპტომია მუცლის, თავის ტკივილი. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ემოციის აკუმულირება მოხდა, რომლის გადამუშავებას ის ვერ ახერხებს. ბევრი უნდა ვესაუბროთ ამაზე. აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ ეს დასრულდება. უფრო ხშირად სიკეთე იმარჯვებს,“- აღნიშნულ საკითხზე მერი გელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მუდმივი შენიშვნები, მითითებები ტიკების სიხშირეს უფრო აძლიერებს'' - როგორ შეიძლება, დავეხმაროთ ბავშვებს ტიკების დაძლევაში?

,,მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მუდმივი შენიშვნები, მითითებები ტიკების სიხშირეს უფრო აძლიერებს'' - როგორ შეიძლება, დავეხმაროთ ბავშვებს ტიკების დაძლევაში?

რა არის ტიკი, როგორი შეიძლება იყოს ტიკის გამოხატულება და როგორ დავეხმაროთ ბავშვებს მის დაძლევაში?- ​MomsEdu.ge-ს ამ და სხვა კითხვებს ფსიქოლოგმა მარიამ ბასოშვილმა უპასუხა.

- პირველ რიგში განგვიმარტეთ რა არი ტიკი?

- ტიკი ეს არის კუნთების უნებლიე, სწრაფი მოძრაობა, რომელიც ვლინდება სხეულის სხვადასხვა ნაწილში წინასწარი განზრახვის გარეშე და იწოდება როგორც, ტიკური აშლილობა. არსებობს მოტორული დარვევები, რომლებიც ძალიან ჰგავს ტიკებს მაგალითად, კუნთების უეცარი შეკრთომა ან დაკლაკნილი ჭიისებრი მოძრაობები, თუმცა ეს ტიკი არ არის და აუცილებელია სწორი დიაგნოსტირება.

- როგორი შეიძლება იყოს ტიკის გამოხატულება?

- არსებობს მარტივი და რთული ტიკები, მოტორული და ვოკალური. მარტივი მოტორული ტიკები ხასიათდება კუნთების სწრაფი, ხანმოკლე მოძრაობებით, მაგალითად, თვალების ხამხამი, წარბების აწევა ან სხვა სახის ჟესტები, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია და კონტექსტს არ შეესაბამება, ასევე მხრების მოძრაობები.

რთული მოტორული ტიკები არის უფრო ნელი უნებლიე მოძრაობები ვიდრე მარტივი მოტორული ტიკები. ხასიათდება საგნების ხელით მოსინჯვით, ფეხების ბაკუნით, უკუღმა სიარულით ან ცეკვით,ხტუნვითი მოძრაობებით.ხელებისა და ფეხების ქნევა, ასევე უხამსი ჟესტები მიეკუთვნება რთულ მოტორულ ტიკებს.

მარტივი ვოკალური ტიკები ეს არის - ჩახველება, სრუტუნი, ბურტყუნი.

რთულ ვოკალურ ტიკებს მიეკუთვნება სიტყვების ან მთელი ფრაზების უნებლიე წამოყვირება. შესაძლოა იყოს უხამსი და სოციალურად მიუღებელი სიტყვები.

- ვინ აფასებს ბავშვს და რა ასაკში შეიძლება გამომჟავნდეს ტიკები?

- დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოებში, როგორც ზემოთ ვახსენე, დიაგნოზი იწოდება, როგორც ტიკური აშლილობა, ხოლო არის თუ არა გარდამავალი ტიკური აშლილობა, ქრონიკული თუ კომბინირებული, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ამას განსაზღვრავს ფსიქიატრი ან ნეიროფსიქოლოგი, შესაძლოა,  ნევროლოგის შეფასებაც გახდეს საჭირო.

გარდამავალი ტიკური აშლილობა იწყება ადრეულ ბავშვობაში. მარტივი ტიკები რამდენიმე კვირა ან თვე გრძელდება და სხვა სირთულეები თან არ ახლავს. ეს მდგომარება 3-4 ჯერ უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. ადრეულ ბავშვობაში ბავშვებისთვის რაიმეს დასწავლის ერთ-ერთი გზა მიმბაძველობაა. ამ დროს ტიკის ათვისება უფრო მარტივად ხდება.

გარდამავალი ტიკური აშლილობის დროს ერთი ტიკი შესაძლოა, შეიცვალოს და ჩანაცვლდეს მეორე ტიკით, მაგალითად, ჩახველება სრუტუნით ან პირიქით. ქრონიკული ტიკური აშლილობისას კი ტიკი არ იცვლება ასე მარტივად.

- რა არის ტიკის გამომჟღავნების მიზეზი, რამ შეიძლება გაამწვავოს ტიკი?

- სტრესულ სიტუაციაში ბავშვებს ხშირად ეწყებათ თვალების ხამხამი, ფეხების ბაკუნი, მხრების აჩეჩვა, ჩახველება. მაგალითად, ბავშვებს თუ უწევთ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ნერვიულობის ფონზე შეიძლება დაიწყოს უნებლიე ჩახველება, მხრების ჩეჩვა - ეს ყველაფერი არის ტიკი, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში უკვალოდ, ყოველგვარი ჩარევის გარეშე ქრება.

ტიკის სიხშირე მატულობს სტრესის ფონზე, დაღლილობისას, ხოლო მისი სიხშირე მცირდება ფიზიკური ან გონებრივი აქტივობებისას, ასევე ძილში.

- როგორ შეიძლება, დავეხმაროთ ბავშვებს ტიკების დაძლევაში, რა რჩევებს მისცემთ მშობლებს?

- ტიკები, როგორც წესი, ბავშვებისთვის კომპლექსად იქცევ ადა გავლენას ახდენს მათ თვითშეფასებაზე. აუცილებელია, რომ მასწავლებელმა, ასევე ბავშვებმა იცოდნენ ტიკის შესახებ და თანაკლასელი არ გახდეს სოციუმის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი. გარშემომყოფებს, მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მუდმივი შენიშვნები, მითითებები ტიკების სიხშირეს უფრო აძლიერებს.

გარდა იმისა, რომ დიაგნოსტირება აუცილებელია, ასევე ფსიქოთერაპია ძალიან კარგი მეთოდია ტიკებთან სამუშაოდ. ზღაპრით თერაპია, არტ-ტერაპია, ფიზიკური-გონებრივი აქტივობები მკვეთრად დაეხმარება ბავშვს ტიკების დაძლევაში. ბავშვისთვის მშვიდი გარემო, ნაკლები სტრესი და მშობლების მხრიდან მხარდაჭერა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

ესაუბრა მაკა ქაფიანიძე 

წაიკითხეთ სრულად