Baby Bag

„რა უნდა ჰქონდეთ ჩვენს შვილებს იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ?“ - შალვა ამონაშვილის პასუხი

„რა უნდა ჰქონდეთ ჩვენს შვილებს იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ?“ - შალვა ამონაშვილის პასუხი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბედნიერების შესახებ ისაუბრა და მშობლებს შვილების გასაბედნიერებლად საინტერესო რჩევები მისცა:

„მე არ მინდა ბედნიერებას გამოვთიშო სიტყვა „ბედი.“ ეს ორი ერთად შეერთებული ცნებაა. მე ხშირად მიკითხავს მშობლებისთვის, რას ისურვებდით თქვენი შვილებისთვის-მეთქი. მიპასუხებენ ხოლმე, ბედნიერები რომ იყვნენო. გვინდა ჩვენი შვილები ბედნიერები იყვნენ. რა უნდა ჰქონდეთ მათ?! ბევრი ქონება ჰქონდეთ, უზრუნველყოფილი იყვნენ, არაფერზე იფიქრონ?! ამას დავარქვათ ბედნიერება, თუ მუდმივ ბრძოლაში, შემოქმედებაში იყვნენ ჩართული, რაღაცას ეძებდნენ, პოულობდნენ, კარგავდნენ, მაგრამ წინ მიიწევდნენ?!“

„თუ ბედნიერებას იმას დავარქმევთ, რომ ყველაფერი გვაქვს და არაფერი არ გვინდა, ეს გაჩერებული ცხოვრებაა. ილიასი არ იყოს, არაგვს რომ ეუბნება, აბა, ერთი წუთით დადექი და ნახე თუ გველ-ბაყაყებით არ გაივსოო. ასეთი ამბავი შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. ცუდი აზრები შემოგვესევა, ცუდ საქმეებს წამოვიწყებთ. თათქარიძის არ იყოს წამოვწვებით და ბუზების თვლას დავიწყებთ. ჩავთვალოთ „კაცია-ადამიანის“ გმირი ბედნიერ კაცად?! იმას თუ ვკითხავდით, გვეტყოდა ბედნიერი ვარ, დარეჯანი მყავს, თავადი ვარო. ბედი და ბედნიერება გასარკვევი ცნებებია. ხანდახან გვგონია, რომ ბედი გამოწერილი გვაქვს. ბედი არ მიწერიაო, ვიტყვით ხოლმე, ან ბედი გქონიაო. ბედი დაკავშირებულია მხოლოდ კარგ ამბავთან. თუ ბედი გვეწვია, ე.ი. რაღაც კარგი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. რასაკვირველია, მომავალში თითოეულ ჩვენგანს ბედი უწერია. ეს იმიტომ კი არა, რომ ვიღაცამ ჩვენი წიგნი აიღო და ჩაგვიწერა, რა უნდა დაგვემართოს. ჩვენი გვერდების მწერლები ჩვენ ვართ. თითოეული ჩვენი ქცევა მიზეზია მომავალი შედეგების. გვინდა, რომ მომავლის წიგნში ჩვენი კარგი ბედი ჩაიწეროს? ეს რომ მოიახლოვო, უნდა იმოქმედო. უნდა შევქმნა მიზეზთა მთელი ჯგუფი, რომ რაღაც მოხდეს. ხომ უნდა გავიგოთ ცხოვრების კანონები, ხომ უნდა ურთიერთობა დავამყაროთ ადამიანებთან, ხომ უნდა გემოვნება და კულტურა გვქონდეს?! თუ ყველა ეს სიკეთე შევაგროვეთ, სად გაექცევა ამას ის სიკეთე, რომელიც კარს მოგვადგება,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად