Baby Bag

როგორი აღზრდა აყალიბებს მოძალადე და ტირან ადამიანს? - ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

როგორი აღზრდა აყალიბებს მოძალადე და ტირან ადამიანს? - ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელიც ადამიანს ძალადობრივ, ტირანულ და სადისტურ თვისებებს უყალიბებს:

„ვეცდები, მაქსიმალურად სტრუქტურირებული სურათი შევქმნა. ჩვენი პიროვნების ფორმირება ხდება ბავშვობაში. ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც შენობა იგება. ის მერე განიცდის ცვლილებებს, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. მხოლოდ მას შეუძლია მოინდომოს ცვლილება, დაიხმაროს სპეციალისტი. კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საკითხები, რომლებიც დიდი რისკის მატარებელია ძალადობრივი, ტირანული, სადისტური თვისებების ჩამოყალიბებისთვის. 6 წლამდე ხდება არაცნობიერი განწყობების ჩამოყალიბება, რომელიც შემდგომში თავისთავად ვლინდება.“

თეა გოგოტიშვილის თქმით, ძალადობის გარემოში აღზრდა მჩაგვრელ ადამიანს აყალიბებს:

„ძალადომის გარემოში ყოფნა ერთ-ერთი მიზეზია. ოჯახის გარემო არის გადამწყვეტი ასეთ შემთხვევაში. ოჯახი, მშობლები, აღმზრდელები არიან ადამიანის პიროვნული ჩონჩხის შემქმნელები. თუ ბავშვი თავს დათრგუნულად გრძნობს, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ჩაგვრის მსხვერპლია, ეს რისკს ზრდის. გარემო დაკვირვების საფუძველზე გაშინაგნდება. ბავშვი 3-დან 6 წლამდე მშობლებთან გაიგივებას ახდენს. უმეტეს შემთხვევაში საკუთარი სქესის მშობელთან ახდენს გაიგივებას. იწყება ქცევის მოდელების ჩაწერა პირდაპირ. 3-დან 6 წლამდე ბავშვს მშობლის იდეალიზაციის მოთხოვნილება აქვს. ეს ბუნებრივი ტენდენციაა. ზოგჯერ იმდენად ფრუსტრაციის გარემოა, რომ ეს იდეალიზაციის რეალიზება ვერ ხდება. აქ იწყება ტრავმის მიღება.“

„პატარა ბავშვი როგორც ღრუბელი ისრუტავს იმას, რასაც ხედავს. მას არ აქვს კრიტიკის უნარი. ის ხედავს და ამას აღიქვამს. ერთ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება ძალადობა ჩამოუყალიბდეს, როგორც ქცევის მოდელი, ან პოლარობამ იმოქმედომ. შეიძლება ის გახდეს მჩაგვრელი ან მეორე უკიდურესობის განწყობა შეექმნას და თვითონ გახდეს მსხვერპლი. ბავშვი, რომელიც იზრდება ჩაგვრის გარემოში, შეიძლება თავს გრძნობდეს ჩაგრულად ან ჰქონდეს მჩაგვრელთან იდენტიფიკაცია. დიქტატორს შეიძლება თვითონ არ ჩაგრავდნენ, მაგრამ ისინი ბავშვობიდან იდენტიფიცირდნენ მჩაგვრელთან. ის ტირანს უყურებდა როგორც იდეალს ბავშვობაში. მას ჰქონდა ფონი, რომ უნდა იდენტიფიცირებულიყო მჩაგვრელთან, იმიტომ, რომ ძალაუფლება იდგა ჩაგვრაზე,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა გოგოტიშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად