Baby Bag

„2020 წლიდან 4-ჯერ გაიზარდა სიძულვილის ენა სოციალურ ქსელში... სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია ვაქცინაციის საკითხთან,“- ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

„2020 წლიდან 4-ჯერ გაიზარდა სიძულვილის ენა სოციალურ ქსელში... სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია ვაქცინაციის საკითხთან,“- ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების შესახებ ისაუბრა:

„სიძულვილის ენის გავრცელება მარტო ომთან არ არის დაკავშირებული. მთელს მსოფლიოში აღმოჩნდა, რომ 2020 წლიდან 4-ჯერ გაიზარდა სიძულვილის ენა სოციალურ ქსელში. სავარაუდოდ ეს დაკავშირებულია ვაქცინაციის საკითხთან, როდესაც ძალიან გაიყო საზოგადოება და ერთი მეორეს ისე გამეტებით ლანძღავდა, წარბს არ იხრიდა არავინ. ახლა დაგვემატა საომარი სიტუაცია. რამდენი წელია უკვე ამ დღეში ვართ, რომ ვერც მოვთვლი.“

ირინა ტაბუციძის თქმით, ადამიანები მარტივად აყენებენ შეურაცხყოფას სხვებს, რადგან ფიქრობენ, რომ თვითონ მართლები არიან:

„ჩვენ არ ვართ ერთიანი გუნდის და ერთი ჯგუფის წევრები. რაც უფრო გამყარებული მაქვს ჩემი აზრი, მით უფრო ადვილად შევდივარ დებატებში, ადვილად შემიძლია ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენო, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ მართალი ვარ. რაც უფრო მეტად გვაქვს ერთ ჯგუფთან მიკუთვნების განცდა, ნაკლებია ასეთი შეურაცხყოფის მიყენების ალბათობა. ახლა იქამდე მივედით, რომ ერთი ჯგუფი კი არა მტრის ხატიც კი არ გვაქვს საერთო ადამიანებს. ყველაზე მარტივი რჩევა იქნება, რომ დიდ ჯგუფებს უნდა მოერიდოთ. კომენტარები დიდ, საჯარო ჯგუფებში არ გააკეთოთ. ბოლო წლებია ჰობად მექცა, მგონი. პირველ რიგში, კომენტარებს ვკითხულობ და მერე ინფორმაციას. იქ ჩანს ადამიანების სახე და საზოგადოება როგორ უყურებს ყველაფერს. უმძიმესი სიტუაციაა. ჩვენ ერთადერთი გადაგვარჩენს ერთ ჯგუფად განცდის მომენტი.“

„ამ თვალსაზრისით მოწყვლადები არიან თინეიჯერები, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანები და მარტოსული ადამიანები. სჯობს, სოციალურ ქსელში მეტი კონტროლის მექანიზმი იყოს. ამ მხრივ სკოლებშიც საშინელი სიტუაცია გვაქვს. ბულინგი უმწვავევი თემაა. სოციალური ქსელები სარკეა ამის, რომ შეგიძლია შეხვიდე და ნახო, რა გვჭირს,“ -აღნიშნულ საკითხზე ირინა ტაბუციძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო: ​„ამ შაბათ-კვირას“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად