Baby Bag

რატომ ვერ მეცადინეობს გაკვეთილებს ბავშვი, რომელსაც სტრესი აქვს? - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

რატომ ვერ მეცადინეობს გაკვეთილებს ბავშვი, რომელსაც სტრესი აქვს? - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სტრესი ბავშვს უქმნის. მისი თქმით, სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს სასკოლო მასალის ათვისება უჭირს:

„ბოლო პერიოდში ჩემთან მოდიან ხოლმე მშობლები ჩივილით, რომ ბავშვი ვერ სწავლობს. ის ვერ სწავლობს ჩვეულებრივ სასკოლო პროგრამას. ეს არ მიკვირს, იმიტომ, რომ ჩვენთან ძირითადად ამ ტიპის ბავშვები მოდიან, მაგრამ მიკვრის ის, რომ ამ ბავშვებს პრობლემა არ აქვთ ინტელექტუალური. მათ აქვთ ემოციური პრობლემები.“

„ამ ბავშვების მშობლების ნაწილი არის მარტოხელა, დაშორებული, ნაწილი კი არ არის, მაგრამ ოჯახებში არის დაძაბულობა. მშობელი ამბობს: „მასწავლებელი მეუბნება, რომ ბავშვი გაშტერებული ზის.“ გაშტერებული ჯდომა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის სტრესულ სიტუაციაში. წარმოიდგინეთ, სტრესულ სიტუაციაში რომ ჩავარდებით, ხომ არ გესმით და არც ფიქრობთ არაფერზე. ძალიან დაძაბულები არიან ბავშვები. ეს გარედან კი არ ჩანს. ბავშვი არასდროს არ იტყვის მშობელთან, რომ შეწუხდა, გაბრაზდა. ამას არ გამოხატავს. მას ეშინია, რომ არასწორად გაუგებენ. სხვათა შორის, ეს არის ძალიან საინტერესო კიდევ: ბავშვები ყოველთვის თვლიან, რომ მშობლების დაშორებისას დამნაშავეები თვითონ არიან. პატარა ბავშვებზეა საუბარი,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად