Baby Bag

რატომ ვერ მეცადინეობს გაკვეთილებს ბავშვი, რომელსაც სტრესი აქვს? - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

რატომ ვერ მეცადინეობს გაკვეთილებს ბავშვი, რომელსაც სტრესი აქვს? - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სტრესი ბავშვს უქმნის. მისი თქმით, სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს სასკოლო მასალის ათვისება უჭირს:

„ბოლო პერიოდში ჩემთან მოდიან ხოლმე მშობლები ჩივილით, რომ ბავშვი ვერ სწავლობს. ის ვერ სწავლობს ჩვეულებრივ სასკოლო პროგრამას. ეს არ მიკვირს, იმიტომ, რომ ჩვენთან ძირითადად ამ ტიპის ბავშვები მოდიან, მაგრამ მიკვრის ის, რომ ამ ბავშვებს პრობლემა არ აქვთ ინტელექტუალური. მათ აქვთ ემოციური პრობლემები.“

„ამ ბავშვების მშობლების ნაწილი არის მარტოხელა, დაშორებული, ნაწილი კი არ არის, მაგრამ ოჯახებში არის დაძაბულობა. მშობელი ამბობს: „მასწავლებელი მეუბნება, რომ ბავშვი გაშტერებული ზის.“ გაშტერებული ჯდომა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის სტრესულ სიტუაციაში. წარმოიდგინეთ, სტრესულ სიტუაციაში რომ ჩავარდებით, ხომ არ გესმით და არც ფიქრობთ არაფერზე. ძალიან დაძაბულები არიან ბავშვები. ეს გარედან კი არ ჩანს. ბავშვი არასდროს არ იტყვის მშობელთან, რომ შეწუხდა, გაბრაზდა. ამას არ გამოხატავს. მას ეშინია, რომ არასწორად გაუგებენ. სხვათა შორის, ეს არის ძალიან საინტერესო კიდევ: ბავშვები ყოველთვის თვლიან, რომ მშობლების დაშორებისას დამნაშავეები თვითონ არიან. პატარა ბავშვებზეა საუბარი,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადრე მშობლები გვეუბნებოდნენ: „9-ზე უნდა მოხვიდე სახლში. 10-ის ნახევარზე უხერხულია,“ ასე იყო და მორჩა,“ - ნათია ფანჯიკიძე საზოგადოებრივი აზრის შემზღუდავ ბუნებაზე

„ადრე მშობლები გვეუბნებოდნენ: „9-ზე უნდა მოხვიდე სახლში. 10-ის ნახევარზე უხერხულია,“ ასე იყო და მორჩა,“ - ნათია ფანჯიკიძე საზოგადოებრივი აზრის შემზღუდავ ბუნებაზე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ საზოგადოებრივი აზრის გადაჭარბებული სიმკაცრისა და ადამიანების ცხოვრებაზე მისი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„საზოგადოებრივი აზრი აწესრიგებს და მიჯნავს რა არის კარგი და ცუდი, მაგრამ ზოგჯერ იმ დონეზე მკაცრი და დიქტატორული ხდება, რომ ადამიანი ელემენტარული სიამოვნებისთვის თავისუფლებას ვერ ახერხებს, იმის შიშით, რომ ეს არ არის მიღებული. ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ: „9-ზე უნდა მოხვიდე სახლში. 10-ის ნახევარზე უხერხულია.“ 10-ის ნახევარსა და 9 საათს შორის ასეთი რა ზღვარი იყო, ან უხერხული რატომ იყო, ამ კითხვასაც კი არ ვსვამდით. ასე იყო და მორჩა. ​გვეუბნებოდნენ: „კაცი რომ სახლში მოვა, შენ უნდა წამოხვიდე, უხერხულია,“ „სადილობას რომ დაიწყებენ, წამოდი, უხერხულია.“ ახალგაზრდები მაინც ახერხებენ, რომ დაიცვან თავიანთი უფლებები და თერთმეტამდეც იყვნენ გარეთ.“

ნათია ფანჯიკიძის თქმით, გარესამყაროს აზრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია:

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარესამყაროს აზრი, თორემ დავრჩებოდით მარტო, მაგრამ არ შეიძლება ბოლომდე ამაზე დაფიქსირება და კალაპოტიდან გადავარდნა ყოველ ვიღაცის შეძახილზე, რომ შენ რასაც აკეთებ ცუდია, როგორც გამოიყურები ცუდია. ის ადამიანი, ვინც თქვენს მიმართ ცუდია, თვითონაც არ არის კარგად. სიტყვებს ნამდვილად აქვთ ჯადოსნური ძალა. ხშირად ხდება ჩაშლა რაღაც ინიციატივის, ადამიანი ვეღარ ახერხებს, რომ იყოს თამამი.“

„ჩვენ ნოსტალგიით ვიხსენებთ ხოლმე თბილისს, როგორი ფერადი იყო თბილისი. ყველას თავისი იერსახე ჰქონდა, ყველას თავისი სტილი ჰქონდა. დღევანდელ ​დღეს ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ ბევრ რამეს თუნდაც ჩვენი შვილების ქცევაში, ჩაცმულობაში. იმდენად შეშინებულები ვართ, რომ გამონაკლისი არავინ არ ვართ. ძალიან მკაცრ ჩარჩოებს ვუწესებთ შვილებს.,“ - აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.


წყარო: ​სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი "თანამონაწილე"

წაიკითხეთ სრულად