Baby Bag

რატომ ვერ მეცადინეობს გაკვეთილებს ბავშვი, რომელსაც სტრესი აქვს? - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

რატომ ვერ მეცადინეობს გაკვეთილებს ბავშვი, რომელსაც სტრესი აქვს? - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სტრესი ბავშვს უქმნის. მისი თქმით, სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს სასკოლო მასალის ათვისება უჭირს:

„ბოლო პერიოდში ჩემთან მოდიან ხოლმე მშობლები ჩივილით, რომ ბავშვი ვერ სწავლობს. ის ვერ სწავლობს ჩვეულებრივ სასკოლო პროგრამას. ეს არ მიკვირს, იმიტომ, რომ ჩვენთან ძირითადად ამ ტიპის ბავშვები მოდიან, მაგრამ მიკვრის ის, რომ ამ ბავშვებს პრობლემა არ აქვთ ინტელექტუალური. მათ აქვთ ემოციური პრობლემები.“

„ამ ბავშვების მშობლების ნაწილი არის მარტოხელა, დაშორებული, ნაწილი კი არ არის, მაგრამ ოჯახებში არის დაძაბულობა. მშობელი ამბობს: „მასწავლებელი მეუბნება, რომ ბავშვი გაშტერებული ზის.“ გაშტერებული ჯდომა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის სტრესულ სიტუაციაში. წარმოიდგინეთ, სტრესულ სიტუაციაში რომ ჩავარდებით, ხომ არ გესმით და არც ფიქრობთ არაფერზე. ძალიან დაძაბულები არიან ბავშვები. ეს გარედან კი არ ჩანს. ბავშვი არასდროს არ იტყვის მშობელთან, რომ შეწუხდა, გაბრაზდა. ამას არ გამოხატავს. მას ეშინია, რომ არასწორად გაუგებენ. სხვათა შორის, ეს არის ძალიან საინტერესო კიდევ: ბავშვები ყოველთვის თვლიან, რომ მშობლების დაშორებისას დამნაშავეები თვითონ არიან. პატარა ბავშვებზეა საუბარი,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გოგონებში ორ-ნახევარი ან სამ-ნახევარი წელი, ბიჭებში სამ-ნახევარი ან ოთხ-ნახევარი წელი არის იდეალური ასაკი ბაღისთვის,“ - ზაზა ვარდიაშვილი

„გოგონებში ორ-ნახევარი ან სამ-ნახევარი წელი, ბიჭებში სამ-ნახევარი ან ოთხ-ნახევარი წელი არის იდეალური ასაკი ბაღისთვის,“ - ზაზა ვარდიაშვილი

ფსიქოლოგმა ზაზა ვარდიაშვილმა ბაღისა და სკოლისთვის იდეალური ასაკის შესახებ ისაუბრა და ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

​იდეალური, როგორც ბაღისთვის, ასევე სკოლისთვის არის ინდივიდუალური შერჩევა. განვითარების ორი ტიპი გვაქვს. არის როგორც კონტინუალური, ასევე დისკრეტული განვითარება. ზოგიერთი ბავშვი საფეხურეობრივად ვითარდება, უცბად ხდება განვითარება, შემდეგ პლატოა. ზოგადად გოგონებში ორ-ნახევარი ან სამ-ნახევარი წლის, ბიჭებში სამ-ნახევარი ან ოთხ-ნახევარი წლის ასაკში არის იდეალური ასაკი ბაღისთვის.“

ზაზა ვარდიაშვილის თქმით, ბავშვის სასკოლო მზაობა ფსიქოლოგებმა უნდა შეაფასონ:

„ყველაზე სწორი იქნება, რომ ფსიქოლოგებმა შეაფასონ ბავშვის მზაობა სკოლისთვის. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც თუნდაც შვიდი წლის ასაკში მზად არ არის ბავშვი სკოლისთვის. რვა წლის ასაკში ის უკვე მზადაა სკოლისთვის. როდესაც ასეთი ბავშვი ექვსი წლის ასაკში მიდის სკოლაში, იქ იკარგება ძალიან ბევრი რამ, იკარგება მოტივაცია და ვიღებთ საკმაოდ ცუდ შედეგებს. ყველაზე კარგი ფორმა იქნება, რომ ინდივიდუალურად მოხდეს შერჩევა. ბავშვი ციდან არ ვარდება. ის არის დედის და მამის გენეტიკა. ​მშობელმა ყველაზე კარგად იცის ის უნარები, რომელიც მის შვილში განვითარებულია. ეს ყველაფერი ხომ გენეტიკურად არის პროგრამირებული ჩვენში.“

„ბაღში უფროსების რაოდენობა სხვადასხვა ასაკის ბავშვთან სხვადასხვა უნდა იყოს. ხუთ-ნახევარი წლის ბავშვებთან შესაძლებელია, რომ ოც ბავშვთან იყოს ერთი აღმზრდელი. მცირე ასაკში იყო სტანდარტი სოციალური ჰიგიენის. წლის- წლინახევრის ასაკში სამ ბავშვზე უნდა ყოფილიყო ერთი აღმზრდელი. არ არის სასურველი, რომ ბაღში ორ-ნახევარი წლის ასაკში ჯგუფში 7-8 ბავშვზე მეტი იყოს,” - აღნიშნულ საკითხებზე ზაზა ვარდიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დილა პირველზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა პირველზე“

წაიკითხეთ სრულად