Baby Bag

რატომ ვერ მეცადინეობს გაკვეთილებს ბავშვი, რომელსაც სტრესი აქვს? - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

რატომ ვერ მეცადინეობს გაკვეთილებს ბავშვი, რომელსაც სტრესი აქვს? - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სტრესი ბავშვს უქმნის. მისი თქმით, სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს სასკოლო მასალის ათვისება უჭირს:

„ბოლო პერიოდში ჩემთან მოდიან ხოლმე მშობლები ჩივილით, რომ ბავშვი ვერ სწავლობს. ის ვერ სწავლობს ჩვეულებრივ სასკოლო პროგრამას. ეს არ მიკვირს, იმიტომ, რომ ჩვენთან ძირითადად ამ ტიპის ბავშვები მოდიან, მაგრამ მიკვრის ის, რომ ამ ბავშვებს პრობლემა არ აქვთ ინტელექტუალური. მათ აქვთ ემოციური პრობლემები.“

„ამ ბავშვების მშობლების ნაწილი არის მარტოხელა, დაშორებული, ნაწილი კი არ არის, მაგრამ ოჯახებში არის დაძაბულობა. მშობელი ამბობს: „მასწავლებელი მეუბნება, რომ ბავშვი გაშტერებული ზის.“ გაშტერებული ჯდომა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის სტრესულ სიტუაციაში. წარმოიდგინეთ, სტრესულ სიტუაციაში რომ ჩავარდებით, ხომ არ გესმით და არც ფიქრობთ არაფერზე. ძალიან დაძაბულები არიან ბავშვები. ეს გარედან კი არ ჩანს. ბავშვი არასდროს არ იტყვის მშობელთან, რომ შეწუხდა, გაბრაზდა. ამას არ გამოხატავს. მას ეშინია, რომ არასწორად გაუგებენ. სხვათა შორის, ეს არის ძალიან საინტერესო კიდევ: ბავშვები ყოველთვის თვლიან, რომ მშობლების დაშორებისას დამნაშავეები თვითონ არიან. პატარა ბავშვებზეა საუბარი,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

დაუმორჩილებელი და ჯიუტი ბავშვები ცხოვრებაში წარმატებას მარტივად აღწევენ

დაუმორჩილებელი და ჯიუტი ბავშვები ცხოვრებაში წარმატებას მარტივად აღწევენ

ჯიუტი ბავშვის მშობლობა ძალიან რთულია. ხშირად უფროსები ვერ იგებენ, რატომ იქცევა ბავშვი ყოველთვის მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ისინი იწყებენ ფიქრს, რომ ცუდი მშობლები არიან. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ დაუმორჩილებელი შვილის ყოლა მშობლისთვის ბედნიერებაა. კვლევებით დგინდება, რომ ჯიუტი ბავშვები ზრდასრულ ასაკში წარმატებას მარტივად აღწევენ.

მშობლები ფიქრობენ, რომ სკოლაში მისვლის შემდეგ ბავშვი მაღალ ნიშნებზე უნდა სწავლობდეს, დამჯერი მოსწავლე იყოს და იდეალურად იქცეოდეს, რათა უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონდეს. მეცნიერები 8-12 წლის ასაკის ბავშვებს აკვირდებოდნენ. ისინი მოზარდების მატერიალურ სტატუსს, ოჯახურ მდგომარეობას, სასკოლო და დღიურ აქტივობებს, განცდებს, ფიქრებსა და ჩვევებს სწავლობდნენ.

კვლევის ჩატარება 1968 წელს დაიწყეს. ორმოცწლიანი დაკვირვების შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც უფროსების მითითებებს არასდროს ემორჩილებოდნენ, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურუებდნენ და წარმოუდგენლად დიდ მიზნებს ისახავდნენ. ზრდასრულ ასაკში მათ ბიზნესში კრეატიული იდეების მოფიქრება არ უძნელდებოდათ. დაუმორჩილებელი, მეამბოხე და ჯიუტი ბავშვები მორჩილ და მოწესრიგებულ თანატოლებთან შედარებით ზრდასრულ ასაკში სამსახურში ბევრად მაღალ პოზიციებს იკავებდნენ და მეტ თანხებსაც გამოიმუშავებდნენ.

ბავშვების ხასიათისა და ქცევის თავისებურებები მათ წარმატებას და წარუმატებლობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. კარგი კარიერის გაკეთებაში ადამიანებს მიღებული ცოდნა და პასუხისმგებლობის გრძნობაც ძალიან ეხმარებათ.

ჯიუტი ბავშვების წარმატების საიდუმლო მათ ეგოიზმშია. ისინი საკუთარ თავს ყოველთვის ყველაზე წინ აყენებენ და ზრდასრულ ასაკში უდიდეს წარმატებას აღწევენ. ისინი არასდროს ემორჩილებიან წესებს და დადგენილ საზღვრებს ყოველთვის უარყოფენ, რის გამოც კარიერულ კიბეზე გზას მარტივად იკვალავენ და გამუდმებით ზევით მიიწევენ.

ბავშვები, რომლებიც 40-50 წლის წინ დაუმორჩილებლებად და ჯიუტებად ითვლებოდნენ, სავარაუდოდ, სკოლაში ცუდად სწავლობდნენ და ცუდი ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ. გამუდმებულმა წინააღმდეგობამ ისინი უამრავ რამეზე დააფიქრა, რის გამოც, სხვა ბავშვებზე უკეთ ჩამოუყალიბდათ მომავლის ხედვის უნარი. თუ თქვენი შვილი მეამბოხე და ჯიუტი ადამიანია, ამის გამო ნუ ინერვიულებთ. შესაძლოა, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ადამიანად იქცეს.

მომზადებულია ​brightside.me-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად