Baby Bag

„განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, როგორც არასდროს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არსებული უფსკრულის შესახებ ისაუბრა:

„უზნაძემ თქვა, რომ არსებობს უფსკრული ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს შორის. ზრდასრულ ადამიანს, აღმზრდელს, მასწავლებელს ამოძრავებს შესანიშნავი მიზნები. მას სურს ბავშვისგან მიიღოს საუკეთესო, რაც კი შესაძლებელია. მასწავლებელი როგორ შედის საკლასო ოთახში? ის შედის თავისი გეგმებით. კარგი მასწავლებელი შედის ძალიან გრანდიოზული გეგმებით, რომ მიაღწიოს შედეგებს, ბავშვებს უნარები ჩამოუყალიბოს, ცოდნა შესძინოს.“

„არის ადამიანი, რომელიც უფსკრულის მეორე ნაპირზე დგას. განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირიქით, პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, რომ ასეთი მოტივირებული არასდროს არ არის. გთხოვს, რომ უფრო რთული ამოცანა მისცე, ინგლისური სიტყვები შეეკითხო. რას ამბობს უზნაძე? ის ამბობს, რომ ბავშვი არის აწმყოს სუბიექტი და მასწავლებელი ხელმძღვანელობს მომავლით. აცდენილია დროში ეს ორი სუბიექტი. ერთი ელაპარაკება, ვინ მინდა, რომ შენგან 20 წლის შემდეგ მივიღო. მინდა, არაჩვეულებრივი გამოხვიდე, ჭკვიანი, დამოუკიდებელი. არსებობს გამონათქვამი, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კარგი განზრახვებით არის მიმოფანტული. ბავშვი აწმყოს სუბიექტია. იმას იმ მომენტში სულ სხვა რაღაც უნდა. ორი მოტივი არის სრულიად აცდენილი ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი თავისი მიზნებით და ბავშვი თავისი სურვილებით დგანან ორ განსხვავებულ პოლუსზე,“ - აღნიშნა ლელა ტყეშელაშვილმა.

წყარო:​ აზროვნების აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვმა ატაროს მზის სათვალე ვარდისფერი, ლურჯი ან ცისფერი შეფერილობის ლინზებით,“ - ევგენი კომაროვსკი

„არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვმა ატაროს მზის სათვალე ვარდისფერი, ლურჯი ან ცისფერი შეფერილობის ლინზებით,“ - ევგენი კომაროვსკი

​​პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმსოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მშობლებს აუხსნა, თუ როგორ და რა პრინციპით უნდა შეარჩიონ ბავშვებისთვის მზის სათვალე. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

მზის სათვალეები ბავშვის მხედველობის დასაცავად აუცილებელია. მზის სათვალე თქვენს შვილს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს, რომლის მიმართაც ათ წლამდე ასაკის ბავშვის თვალს განსაკუთრებით სუსტი გამძლეობა აქვს.

საბავშვო მზის სათვალის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ პლასტმასის ჩარჩოს მქონე მოდელებს, ხოლო ლინზები, სჯობს, პოლიკარბონატის შეარჩიოთ. მსგავსი სათვალეები ნაკლებად სახიფათოა ტრავმის ან დაზიანების მიღების თვალსაზრისით. სათვალეები ბავშვთან ერთად შეარჩიეთ. მნიშვნელოვანია, რომ მასალა ჰიპოალერგიული იყოს. საბავშვო სათვალე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ მოთხოვნას: ის უნდა იყოს მსუბუქი და კომფორტული.

საბავშვო სათვალე უმჯობესია ცნობილი ბრენდის იყოს და მითითებული ჰქონდეს, რომ აქვს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თვალის დაცვის ფუნქცია. საბავშვო სათვალე ბავშვის ასაკის შესაბამისი უნდა იყოს. თორმეტი წლის შემდეგ ბავშვებს შეუძლიათ უფროსებისთვის განკუთვნილი სათვალით ისარგებლონ.

სასურველია, რომ საბავშვო სათვალის ლინზას ნაცრისფერი, ყავისფერი ან მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობა ჰქონდეს. არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვმა ატაროს სათვალე ვარდისფერი, ლურჯი ან ცისფერი შეფერილობის ლინზებით. აღნიშნული ფერები თვალის გუგის გაფართოებას უწყობს ხელს, რაც ​სათვალის ხანგრძლივად ტარების შემთხვევაში უსაფრთხო არ არის.

საბავშვო მზის სათვალის შეძენამდე აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, თუ რა ხარისხით იცავს ის თვალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. სათვალის დამცველობითი ფუნქცია არ არის დამოკიდებული მინის შეფერილობაზე. არსებობს სპეციალური ფილტრები, რომლებიც თვალს გამოსხივებისგან იცავს. კარგ ფილტრს 99-100 %-იანი დამცველობითი უნარი აქვს. ხშირად და რეგულარულად შეამოწმეთ საბავშვო მზის სათვალის ლინზები. არ შეიძლება, რომ ლინზას რაიმე დაზიანება ან ნაკაწრი ჰქონდეს. დაზიანებული სათვალე დაუყოვნებლივ უნდა გამოცვალოთ. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად მისი მზის სათვალე ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეცვალოთ. ბავშვებს სათვალის სწორად მოხმარება, მისი ​მოვლა და გაწმენდა უნდა ასწავლოთ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად