Baby Bag

„განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, როგორც არასდროს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არსებული უფსკრულის შესახებ ისაუბრა:

„უზნაძემ თქვა, რომ არსებობს უფსკრული ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს შორის. ზრდასრულ ადამიანს, აღმზრდელს, მასწავლებელს ამოძრავებს შესანიშნავი მიზნები. მას სურს ბავშვისგან მიიღოს საუკეთესო, რაც კი შესაძლებელია. მასწავლებელი როგორ შედის საკლასო ოთახში? ის შედის თავისი გეგმებით. კარგი მასწავლებელი შედის ძალიან გრანდიოზული გეგმებით, რომ მიაღწიოს შედეგებს, ბავშვებს უნარები ჩამოუყალიბოს, ცოდნა შესძინოს.“

„არის ადამიანი, რომელიც უფსკრულის მეორე ნაპირზე დგას. განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირიქით, პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, რომ ასეთი მოტივირებული არასდროს არ არის. გთხოვს, რომ უფრო რთული ამოცანა მისცე, ინგლისური სიტყვები შეეკითხო. რას ამბობს უზნაძე? ის ამბობს, რომ ბავშვი არის აწმყოს სუბიექტი და მასწავლებელი ხელმძღვანელობს მომავლით. აცდენილია დროში ეს ორი სუბიექტი. ერთი ელაპარაკება, ვინ მინდა, რომ შენგან 20 წლის შემდეგ მივიღო. მინდა, არაჩვეულებრივი გამოხვიდე, ჭკვიანი, დამოუკიდებელი. არსებობს გამონათქვამი, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კარგი განზრახვებით არის მიმოფანტული. ბავშვი აწმყოს სუბიექტია. იმას იმ მომენტში სულ სხვა რაღაც უნდა. ორი მოტივი არის სრულიად აცდენილი ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი თავისი მიზნებით და ბავშვი თავისი სურვილებით დგანან ორ განსხვავებულ პოლუსზე,“ - აღნიშნა ლელა ტყეშელაშვილმა.

წყარო:​ აზროვნების აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

„ორი წლის ბავშვზე რომ გეტყვიან ჰიპერაქტიურიაო, უნდა იყოს! ეს არის მისი ინტელექტის განვითარების აუცილებელი პირობა,“ - თამარ გაგოშიძე

„ორი წლის ბავშვზე რომ გეტყვიან ჰიპერაქტიურიაო, უნდა იყოს! ეს არის მისი ინტელექტის განვითარების აუცილებელი პირობა,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლების მხრიდან ბავშვის თავისუფლების ზედმეტად შეზღუდვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი წლის ასაკში ბავშვის ჭარბი აქტიურობა ნორმალური მოვლენაა:

„ორი წლის ბავშვზე რომ გეტყვიან ჰიპერაქტიურიაო, უნდა იყოს! ჩვენ არ გვინდა, რომ იყოს და ვცდილობთ, რომ გავაჩეროთ, მივაჩეჩოთ ტელეფონი. გვეშინია, რომ არ დაეცეს. ეს არის მისი ინტელექტის განვითარების აუცილებელი პირობა. ცხადია, ბავშვს უსაფრთხო გარემო უნდა შეუქმნა. ფანჯრები კარგად უნდა ჩაკეტო. ​საშუალება უნდა მისცე ბავშვს მოძრაობის. ხელში აყვანილი რომ დაგყავს მთელი ცხოვრება, იატაკზე არ სვამ, არაფრის საშუალება არ აქვს ამ ბავშვს, ასე არ შეიძლება.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვს ძალიან დიდი ყურადღება და უსაფრთხო გარემოს შექმნა სჭირდება:

​ბავშვს დიდი ყურადღება სჭირდება. გვერდით გაიხედავ და მართლა შეიძლება ორი წლის ბავშვმა რაღაც ისეთი გააკეთოს, რომ გული გაგიხეთქოს. სწორედ ამიტომ, მჭრელი საგნები ზემოთ უნდა იყოს. ზემოთაც აძვრება ბავშვი, არ არის პრობლემა. ამის დაშლა არ შეიძლება. უნდა მიჰყვე ბავშვს. აიღო დანა? აჩვენე, რა არის, როგორ არის. ამის მოთმინება, დრო და ნერვები ვის აქვს ახლა?! შენ კიდევ ყველაფერს უკრძალავ. ეუბნები: „ამას ხელი არ მოკიდო, იმას ხელი არ მოკიდო.“ ეგ არ არის თავისუფლების შეზღუდვა?!“

„საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას ბავშვი ძალიან არ უნდა შევაშინოთ.​ ბავშვები ძალიან შემეცნებითი ტიპები არიან. ინფორმაცია უნდა იყოს ობიექტური, არაემოციური. ძალიან შეშინება, როგორც ვიცით ხოლმე, რომ „ცეცხლი წაგეკიდება და ვიღაცები შეგჭამენ,“ ასე არა. ჩვეულებრივად ვეუბნებით ბავშვს: „დაგეწვება ხელი, გაგიწითლდება, გეტკინება.“ ვამბობთ იმას, რაც რეალურია, ყოველგვარი ემოციური რაღაცების გარეშე. ხშირად არის, აინტერესებს ბავშვს, რატომ უნდა გაიხედოს მარჯვნივ, მარცხნივ ქუჩაზე გადასვლისას. ამ შემთხვევაში უნდა ვუთხრათ: „იმიტომ, რომ დაგეჯახება მანქანა, თუ არ გაიხედავ.“ არიან ბავშვები, ვისაც რისკის შეგრძნება არ აქვს. ჰიპერაქტიური და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვები ამით გამოირჩევიან,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„დიალოგოსი“

წაიკითხეთ სრულად