Baby Bag

თუ ბავშვმა ცუდი ნიშანი მიიღო, თქვენ სრული უფლება გაქვთ გამოხატოთ წყენა, მაგრამ გამოიყენეთ სიტყვა „არაუშავს“ - მზიკო დალაქიშვილის რეკომენდაცია

თუ ბავშვმა ცუდი ნიშანი მიიღო, თქვენ სრული უფლება გაქვთ გამოხატოთ წყენა, მაგრამ გამოიყენეთ სიტყვა „არაუშავს“ - მზიკო დალაქიშვილის რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა ბავშვებში ტყუილის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებთან საუბრისას სიფრთხილე გამოიჩინონ:

„მესმის ყველა მშობლის, რომელსაც უნდა, რომ ბავშვთან არ დასჭირდეს იმ ლექციის წაკითხვა, რომ მე შენ ყველაფერს გაგიგებ, არ მითხრა ტყუილი, ყველაფერს გაგიგებ, რაც უნდა მწარე იყოს სიმართლე. სიმართლის სიმწარე ბავშვებს უკვე ძალიან აშინებთ, როდესაც დედის ემოცია შეიძლება იყოს საშიში. მშობლებო, ეცადეთ, ამ ემოციას, რომელიც გეუფლებათ რაღაც ფაქტის დროს, გამოხატვის სწორი ფორმა შეუსაბამოთ.

ვთქვათ ბავშვმა ცუდი ნიშანი მიიღო. თქვენ სრული უფლება გაქვთ გამოხატოთ წყენა, უთხრათ: „მეწყინა, მერჩივნა უკეთესი ნიშანი მიგეღო, იმიტომ, რომ მგონია, კარგად იმეცადინე, თუმცა არაუშავს.“ ისევ და ისევ გამოიყენეთ სიტყვა „არაუშავს.“ თუ თქვენ გადახვალთ შეურაცხყოფასა და დამცირებაზე, ის დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს. ბავშვს უჩნდება სირცხვილის, დანაშაულის გრძნობა. ეს იმდენად უსუსურს და სუსტს ხდის, რომ თუ კიდევ ერთხელ მოხდა მსგავსი შემთხვევა და ცუდი ნიშანი მიიღო, ის აუცილებლად მოგატყუებთ. შეიძლება მან საერთოდ სწავლაზეც თქვას უარი. ამიტომაც, გამოიყენეთ სიტყვა არაუშავს. ზუსტად იმ მომენტში, სადაც ბავშვს სჭირდებით და სუსტად გრძნობს თავს, თქვენი მხარდაჭერით, სანდოობით შეძლებთ, რომ ეს მდგომარეობა შეცვალოთ,“-აღნიშნულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ პაციენტებს ნაკლები სიმძიმის კოვიდი ემართებათ,“ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი თიმ გურჩი

„ასეთ პაციენტებს ნაკლები სიმძიმის კოვიდი ემართებათ,“ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი თიმ გურჩი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი თიმ გურჩი პაციენტებში კოვიდ 19-ის მძიმე და მსუბუქი მიმდინარეობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ჯანმრთელ ადამიანებში ვირუსი მარტივად მიმდინარეობს:

„კვლევები ჯერჯერობით არ ჩატარებულა, მაგრამ ემპირიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ბევრი სპეციალისტი მივიდა დასკვნამდე, რომ თუ მოსახლეობა არის მომზადებული, არის ჯანმრთელად, თუ მათ თანმხლები დაავადებები აქვთ კომპენსირებადი, ​არ აქვთ გართულებები, დიაბეტი არის კარგად მართული, კარგად აქვთ ნამკურნალები ჰიპერტონიული, იშემიური დაავადებები, არიან ოჯახის ექიმის ან პირველადი ჯაჭვის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, აქვთ ხშირი და სწორი ვიზიტები, დანიშნულებისადმი დამყოლები არიან, ასეთ პაციენტებს ნაკლები სიმძიმის კოვიდი ემართებათ.“

თიმ გურჩი აღნიშნავს, რომ კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი მაღალია ეკონომიკურად შეჭირვებულ და არაკომპენსირებული თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში:

„კოვიდის დაავადებით უფრო ხშირად კვდებიან ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მრავალი თანმხლები დაავადება, რომლებიც არ არის კომპენსირებული. მათ აქვთ ნუტრიციული პრობლემები, ეკონომიკურად არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ არ აქვთ საშუალება მიმართონ ჯანმრთელობის ქსელს. თუ ჩვენ გვინდა ჩვენი მოსახლეობა მოვამზადოთ მძიმე დაავადებისთვის, ის უნდა იყოს რაც შეიძლება მეტად ჯანმრთელი, რომ რაც შეიძლება ჯანმრთელად შეხვდეს ნებისმიერ გამოწვევას, იქნება ეს ინფექციური თუ არაინფექციური დაავადება. თუ პაციენტი იყო მძიმე მდგომარეობაში, ხელოვნურ ვენტილაციაზე, მრავალი თანმხლები მძიმე დაავადებით, ​ასეთ პაციენტში მოსალოდნელია გახანგრძლივებული გამოჯანმრთელება. არ არის გამორიცხული, რომ ამ პაციენტებს განუვითარდეთ პერმანენტული ცვლილებები ფილტვებში, ნერვულ სისტემაში. ნებისმიერი პაციენტი, რომელიც იყო მძიმე ან საშუალოდ მძიმე მდგომარეობაში, უნდა იყოს ხანგრძლივი დაკვირვების ქვეშ.“

„ერთი ჯგუფი მინდა გამოვყო. ეს დაახლოებით 10 %-ია ამ პაციენტების, რომლებსაც მრავალსისტემური არასპეციფიკური სიმპტომები უჭიანურდება მრავალი კვირისა და თვეების განმავლობაში. ეს პაციენტები ხშირად უჩივიან დაღლილობას, მთელი სხეულის ტკივილს, კოგნიტური დისფუნქციები და უძილობები აქვთ. მათ ობიექტურად არ უვლინდებათ ორგანოების დაზიანება. ცნობილია ასევე პოსტვირუსული სისუსტის სინდრომი და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ამ პაცინეტთა მკურნალობა არის ძალიან ძნელი. ​უბრალოდ შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება, მოხდება თუ არა მათი მთლიანად განკურნება. უმეტესად ეს არის სინდრომული და სიმპტომური თერაპია. 80 %-ს არავითარი კვალი არ რჩება კოვიდის გადატანის შემდეგ. ის 20 % მოითხოვს ძალიან ყურადღებიან სიმპტომების მართვას,“ - აღნიშნულ საკითხზე თიმ გურჩი საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ საუბრობს.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად