Baby Bag

„სამწუხაროდ, საქართველოში აღზრდის საკითხებში მშობელთა განათლება ძალიან დაბალ დონეზეა,“- ფსიქოლოგი თეა კაჭარავა

„სამწუხაროდ, საქართველოში აღზრდის საკითხებში მშობელთა განათლება ძალიან დაბალ დონეზეა,“- ფსიქოლოგი თეა კაჭარავა

ფსიქოლოგმა თეა კაჭარავამ აღზრდის საკითხებში მშობლების განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, როდესაც დევიაციური ქცევის მოზარდებთან ვმუშაობთ, არის ოჯახის, მშობლების ფაქტორი. როგორ ოჯახში იზრდება? მშობლები ერთად ცხოვრობენ თუ არა? დასაქმებულები არიან თუ არა? მათ შორის როგორი ურთიერთობაა? ფსიქიკურად როგორ მდგომარეობაში არიან მშობლები? თუ რაიმე პრობლემებია ოჯახურ ურთიერთობებში, ეს აუცილებლად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. დევიაციური ქცევა შეიძლება პატარა ასაკიდანვე გაჩნდეს, მაგრამ მოზარდობისას ეს ნიშნები მწვავდება და ქცევის სახით გაქვთ დევიაცია მოცემული, იმიტომ, რომ მოზარდობის ასაკი არის ყველაზე კრიზისული ასაკი ადამიანის ცხოვრებაში.

როდესაც ბავშვთან მუშაობთ, ყოველთვის ბავშვის მოსაზრებასაც იგებთ და მის პრობლემას მისი თვალით ხედავთ. შემდეგ მშობელსაც ალაპარაკებთ ამაზე. ძალიან ხშირად ორი ხატი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. თქვენ ხვდებით, რომ აქ უკვე ხედვებშია განსხვავება. სხვადასხვანაირად ხედავენ რაღაცებს ბავშვები და მშობლები.

სამწუხაროდ, საქართველოში აღზრდის საკითხებში მშობელთა განათლება ძალიან დაბალ დონეზეა. შეიძლება ვიღაცამ თქვას: რაში სჭირდება მშობელს განათლება? რაში მჭირდება მე დედობის სწავლა და მამაკაცს მამობის სწავლა? ეს ხომ ინსტინქტია?! ეს ინსტინქტი იყო ოდესღაც, როდესაც ქალს არ სჭირდებოდა იმის სწავლა, თუ რა არის დედობა. 21-ე საუკუნეში, როდესაც ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ამ გავლენის პირობებში ჩვენ თანდათან ვცილდებით ჩვენს ინსტინქტებს. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ დედობა ეს არის სამსახური. ეს არის სამუშაო. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი ფაქტორი, შეიძლება იყოს ცხოვრების აზრი, მაგრამ დედობა არ არის რაღაც ისეთი, რაც თავისთავად გამოსდის დღეს ქალს. ამ უნარებს უკვე სჭირდება შეძენა. ისევე, როგორც ყველა სამუშაოში რაღაცას ვსწავლობთ, ასევე უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს, ეფექტიანი მშობლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ბავშვს განვითარებაში. მან თავისი რესურსები უნდა აღმოაჩინოს და თვითონ გადადგას ნაბიჯი განვითარებისკენ,"- აღნიშნა თეა კაჭარავამ.

წყარო:​ „აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად