Baby Bag

„დედების მხრიდან ხშირად არის მოთხოვნა, რომ უცხო ენებზე საუბრობდეს ძიძა, რაც რეკომენდებული არ არის,“- ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

„დედების მხრიდან ხშირად არის მოთხოვნა, რომ უცხო ენებზე საუბრობდეს ძიძა, რაც რეკომენდებული არ არის,“- ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ საქართველოში უცხოენოვან ძიძებზე მაღალი მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ წლებში ბავშვს დამატებითი ენის სწავლა ბარიერებსა და პრობლემებს უქმნის:

„დედების მხრიდან ძალიან ხშირად არის ეს მოთხოვნა, რომ სხვადასხვა ენაზე საუბრობდეს ძიძა, შეეძლოს კომუნიკაცია და თუნდაც თამაშით სწავლება ამ ენების, რაც, რა თქმა უნდა, რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით პირველ წლებში, რადგან ბავშვს დამატებითი ენის სწავლა აძლევს ბარიერს, რომელიც შემდგომში ფსიქიკურ პრობლემებსაც ქმნის. ჩვენ შემდგომში ვსაუბრობთ ისეთ დარღვევებზე, როგორიც არის ქცევითი ტიპის დარღვევები, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტივობის სინდრომი. ერთის მხრივ, კარგია, რომ ბავშვი ბევრ ენაზე საუბრობს, მაგრამ მისთვის ძალიან რთულია იდენტიფიკაცია, რომელია მისი ენა.

ბავშვს ექმნება მეტყველების აღრევის პრობლემა. ის კონკრეტულ ადამიანს ირჩევს, ვისთანაც ამ ენაზე იწყებს საუბარს. სამწუხაროდ, სკოლებში ძალიან ხშირად ვხვდებით, რომ ბავშვებს უცხოენოვანი აღმზრდელები ჰყავთ და სკოლაში მოეთხოვებათ ქართულ ენაზე სწავლა და უჭირთ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც დღეს დგას,“- მოცემულ საკითხზე ნინო კერესელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

გამონაყარი ჩვილებში - რა არის გამომწვევი მიზეზი და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

გამონაყარი ჩვილებში - რა არის გამომწვევი მიზეზი და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ჩვილის კანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარი ჩნდება, რომელიც სხეულის სხვადასხვა უბანში გვხვდება. უმეტეს შემთხვევაში მსგავსი გამონაყარი უსაფრთხოა და მარტივად განკურნებადია. მართალია, ის ბავშვისთვის დისკომფორტს წარმოადგენს, მაგრამ განგაშის საფუძველი იშვიათად არის. იშვიათ შემთხვევებში გამონაყარი სერიოზული დაავადების ერთ-ერთი ნიშანიც შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანია, მშობლები კარგად გაერკვნენ, თუ როდის მიმართონ ექიმს დახმარებისთვის.

ჩვილის კანი ძალიან სათუთია, მისი იმუნური სისტემა კი ჩამოყალიბების პროცესშია. პატარების კანი ძალიან ბევრ გამღიზიანებელზე სწრაფად რეაგირებს. ჩვილებში გამონაყარის მაპროვოცირებელი მიზეზებია:

  • სიცხე
  • ალერგია
  • ქიმიკატები
  • ტენიანობა
  • არომატიზატორები
  • ქსოვილები
  • ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები

გამომწვევი მიზეზის მიხედვით, გამონაყარი შესაძლოა გაჩნდეს ბავშვის სხეულის სხვადასხვა უბანზე:

  • სახე
  • ხელები
  • ფეხები
  • კისერი
  • ნაკეცები
  • საფენქვეშა კანი
  • ტორსი

ჩვილებში ყველაზე გავრცელებული გამონაყარის ტიპებია:

  • ჩვილების აკნე, რომელიც ჩვეულებრივ სახეზე გვხვდება
  • ე.წ. „აკვნის ქუდი“
  • საფენის გამონაყარი
  • ნერწყვით გამოწვეული გამონაყარი (ჩნდება ნერწყვით ხშირი გაღიზიანების გამო პირისა და კისრის მიდამოებში)
  • ეგზემა - ყველაზე ხშირად გვხვდება სახეზე, მუხლების უკანა არეში და მკლავებზე
  • ინფექციური ერითემა, იგივე მეხუთე დაავადება - გამონაყარი, რომელსაც შესაძლოა ახლდეს ცხელება, დაღლილობა და ყელის ტკივილი
  • ხელის, ფეხისა და პირის დაავადება - გადამდები ვირუსული დაავადება, რომელიც მსუბუქად მიმდინარეობს
  • გადახურებით გამოწვეული გამონაყარი - გვხვდება ტანსაცმლით დაფარულ ადგილებში, მკლავებზე, კისერზე, მკერდზე ,ტანსა და ფეხებზე
  • ჭინჭრის ციება
  • იმპეტიგო
  • ინფექციური გამონაყარი - წითელა, ჩუტყვავილა, როზეოლა
  • კანდიდოზური სტომატიტი

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს გამონაყართან ერთად აქვს ცხელება!

როგორ ვუმკურნალოთ გამონაყარს ჩვილებში?

საფენის გამონაყარი ჩვილებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამონაყარია. მისი მკურნალობის საუკეთესო გზაა საფენის ხშირად გამოცვლა, კანის დამცავი კრემის გამოყენება, თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ მჟავე საკვების მიღების შემცირება, ციტრუსებსა და პომიდორზე უარის თქმა. საფენის გამოცვლამდე ყოველთვის კარგად დაიბანეთ ხელები, რათა გამონაყარი არ დაინფიცირდეს.

ჩვილებში გამონაყარის გაჩენის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია ეგზემა. მისი მკურნალობისთვის საუკეთესო გზაა: გამონაყარით დაფარული კანის სუფთად და მშრალად დიდხანს გაჩერება, სპეციალური კრემები და მალამოები, პოტენციური ალერგიის არსებობის დადგენა, ექიმთან კონსულტაცია, ალერგენების გამოვლენა და ეგზემის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

ნერწყვით გაღიზიანების გამო გამონაყარი ჩვილებს ასევე ხშირად უჩნდებათ. როგორც წესი, ის რამოდენიმე კვირაში თავისით გაქრება, მაგრამ არსებობს დახმარების რამოდენიმე გზა: ბავშვის სახის კანის გასაშრობად ნაზად დააწექით კანს და უხეშად არ გაამშრალოთ. მოერიდეთ სახეზე საპნის გამოყენებას. ნაზად მოაშორეთ ბავშვს სახიდან საკვები. მოერიდეთ სურნელოვანი კრემებისა და ლოსიონების გამოყენებას. შეძლებისდაგვარად შეამცირეთ საწოვარას გამოყენება.

ზოგიერთი გამონაყარი, მაგალითად, ჩვილების აკნე რამოდენიმე კვირაში თავისით გაივლის.

„აკვნის ქუდის“ შემთხვევაში, გამონაყარი შეგიძლიათ დაამუშაოთ ქოქოსის ზეთით, მასზე კარგად ზემოქმედებს თავის დაბანაც.

ინფექციური გამონაყარის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და დაუშვებელია თვითმკურნალობა.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

მშობელმა ექიმს უნდა მიმართოს, თუ ბავშვს გამონაყართან ერთად აქვს ცხელება. თუ ბავშვს გამონაყარი ერთ კვირაზე მეტხანს უგრძელდება, არ ემორჩილება მკურნალობას და ჩვილს აწუხებს, აუცილებლად მიაკითხეთ პედიატრს.

თუ თქვენს პატარას უვითარდება ჭინჭრის ციება, განსაკუთრებით პირის გარშემო, ან უვითარდება ჭინჭრის ციება, რომელსაც თან ახლავს ხველა, ღებინება, ხიხინი ან სხვა რესპირატორული სიმპტომები, უნდა მიმართოთ სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ეს შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება.

გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ძალიან მაღალი ცხელება, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, ნევროლოგიური ცვლილებები ან უკონტროლო კანკალი, შესაძლოა გამოწვეული იყოს მენინგიტით და საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.

ჩვილებში გამონაყარის პრევენციისთვის: ხშირად გამოუცვალეთ ბავშვს საფენი, შეუნარჩუნეთ კანს სიმშრალე და სისუფთავე, გამოიყენეთ ჩვილებისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებები, ჩააცვით ბავშვს მსუნთქავი ქსოვილის ტანსაცმელი, უპირატესობა მიანიჭეთ ბამბას, ჩააცვით ბავშვს ამინდის შესაბამისად და დაიცავით ის გადახურებისგან, თვალყური ადევნეთ ბავშვის კანის რეაქციას მიღებულ საკვებზე, დროულად ჩაუტარეთ ბავშვს გეგმიური ვაქცინაცია, არ მისცეთ უცხო ადამიანებს ბავშვის კოცნის უფლება, გამოიყენეთ ბავშვის მგრძნობიარე კანისთვის შექმნილი შამპუნები, ლოსიონები და საპონი.

წყარო: ​Healt​hline.com

წაიკითხეთ სრულად