Baby Bag

„ცოლ-ქმრულ ურთიერთობას სჭირდება სულის შებერვა, აუცილებელია რომანტიკული საღამოები, შიდა რიტუალები,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ცოლ-ქმრულ ურთიერთობას სჭირდება სულის შებერვა, აუცილებელია რომანტიკული საღამოები, შიდა რიტუალები,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში რომანტიკისა და ურთიერთგაგების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როგორც კოცონს სჭირდება სულის შებერვა, ისე სჭირდება ურთიერთობას, მით უფრო ცოლ-ქმრულ ურთიერთობას. ამისთვის უნდა გავისარჯოთ. ზოგს ჰგონია, რომ გავთხოვდი და მორჩა. მხოლოდ ზღაპრებშია, რომ გათხოვდა და სამუდამოდ ბედნიერია. ოჯახში აუცილებელია შიდა რიტუალები, რომანტიკული საღამოები, 2-3 დღის წასვლა კურორტზე, განრიდება ყველასგან, მარტო ყოფნა, ერთმანეთის თვალებში ჩახედვა, მოსმენა, მეტი კონტაქტი.

ამას წინათ ერთ ბიჭს ვკითხე, რა ფერის თვალები აქვს შენს ცოლს-მეთქი და ვერ მიპასუხა. არ დავკვირვებივარო. როგორ ვცხოვრობთ, რომ თვალებშიც კი არ ჩაგვიხედავს ერთმანეთისთვის და თვალის კონტაქტიც არ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია პატარ-პატარა შიდა დღესასწაულები. ქალიც და მამაკაციც ყოველთვის უნდა იყოს რაღაცით მომხიბვლელი.

რას ნიშნავს ფუნქციური ოჯახი? როდესაც ოჯახი იქმნება, ორი სხვადასხვა ადამიანი ხვდება ერთმანეთს, განსხვავებული ოჯახებიდან. თუ ადამიანმა, პირველ რიგში, თავის თავზე არ იმუშავა, ძალიან უჭირს ურთიერთობა. თავიდან, როდესაც ეიფორიაშია, ბევრ პრობლემას ვერ ხედავს. დრო რომ გადის, ეჯახება რაღაც ისეთს, რაც მისთვის გაუგებარი და მიუღებელია. იწყება ურთიერთბრალდება, შეურაცხყოფა, უპატიებლობა, წამოძახება, მუდმივი დიდაქტიკური ტონი: მე ასეთი მინდოდა, მე ეს არ მეკადრება, ჩემი ქმარი ასეთი უნდა იყოს, ჩემი ცოლი ისეთი. წყვილი სივრცეს არ აძლევს ერთმანეთს. ფუნქციური ოჯახი ნიშნავს სიყვარულით შექმნილ ოჯახს, სადაც არის ღირებულებითი თახნვედრა. მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია წყვილს ემპათიურობა, რამდენად შემიძლია, რომ მიუხედავად ყველაფრისა პატივი ვცე მას, არ ვცადო მისი გადაკეთება. პატივისცემა არის უალტერნატივო,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნუ დაიცავთ ბავშვებს ოჯახური პრობლემებისგან, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მატერიალური - ბავშვს სჭირდება დადებითი და უარყოფითი ინფორმაციის ცოდნა“

„ნუ დაიცავთ ბავშვებს ოჯახური პრობლემებისგან, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მატერიალური - ბავშვს სჭირდება დადებითი და უარყოფითი ინფორმაციის ცოდნა“

რატომ არ უნდა მოვატყუოთ ბავშვს, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ეს ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, მარინა ბოსტოღანაშვილი.

- რატომ არ უნდა მოვატყუოთ ბავშვს, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ეს ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის?

როდესაც ოჯახში რაღაც საშინელი, უსიამოვნო ან უხერხული მოვლენა ხდება, ბევრ მშობელს ურჩევნია რაც შეიძლება დიდხანს დამალოს და არ გაუმხილოს ეს ამბავი შვილებს. ერთი მხრივ, უფროსები ასე ცდილობენ შვილებზე ზრუნვას, რათა დაიცვან ისინი ნეგატიური ინფორმაციისგან. მეორე მხრივ, ეს ძალიან რთულია თავად მშობლებისთვის. ისინი ვერ უძლებენ იმ დაძაბულობას, რომელსაც გრძნობენ მოვლენის შედეგად და როდესაც დგება საჭიროება, რომ უამბონ ბავშვს მომხდარის შესახებ უფრო მეტად იძაბებიან.

ძირითადად ყველა ბავშვი გრძნობს, რომ რაღაცას უმალავენ და მათი თანდასწრებით თავს იკავებენ საუბრისგან. ზრდასრულმა (მშობელმა) არა მარტო უნდა შეძლოს არ გაამხილოს პრობლემა, არამედ ოსტატურად უნდა შენიღბოს საკუთარი ემოციები, თუმცა ასე მხოლოდ ფილმებში ხდება. ბავშვები კი - სიმართლისადმი უკიდურესად მგრძნობიარე არსებები არიან - წამებში კითხულობენ მშობლების ქცევაში უმცირეს უზუსტობებს.

ადამიანი ინფორმაციას აღიქვამს ორ დონეზე: ცნობიერი (მე მესმის) და არაცნობიერი (მე ვგრძნობ). როდესაც მშობელი ამბობს სიმართლეს, ორივე დონეზე ინფორმაცია ემთხვევა ერთმანეთს და თუ მშობლები ცდილობენ ბავშვი მოატყუონ, მაშინ ემოციები არ ემთხვევა ინფორმაციას.

რატომ ამბობს დედა, რომ ყველაფერი კარგადაა? იღიმის, მაგრამ ამავე დროს ის ძალიან ღელავს? ნუთუ ადამიანი წუხს, როცა ყველაფერი კარგადაა? - ბავშვს მსგავსი კითხვები უჩნდება, როდესაც მშობლები ატყუებენ.

ტყუილის დროს ყალბი ემოციებით ვცდილობთ დავარწმუნოთ ბავშვი ჩვენი სიტყვების ჭეშმარიტებაში. ამით ჩვენ ვიწვევთ იმას, რომ შემდგომში ის საფრთხეს ვერ გრძნობს და ენდობა ადამიანების ყალბ ქცევას და ემოციას.

ყოველთვის სჯობს ბავშვს ვუთხრათ სიმართლე მისივე ასაკისთვის შესაბამისი სიტყვების მოძიებით.

ტყუილი შობს უნდობლობას!

- როგორ მივაწოდოთ ბავშვს სწორად არასასურველი ინფორმაცია, რათა არ გამოვიწვიოთ მისი ფსიქოლოგიური პრობლემები ?

- სიმართლე უნდა ითქვას ფრთხილად. სწორად შეარჩიეთ სიტყვები, რომ საყვარელ ადამიანებს უთხრათ მნიშვნელოვანი, მაგრამ არც ისე სასიამოვნო რამ. ფრაზა უნდა შედგებოდეს სამი ნაწილისგან:

1. მე და ჩემი ემოციები - ვნერვიულობ, ძალიან განვიცდი, ვბრაზობ და ა.შ;

2. საქმის არსი - ჩემი იმედგაცრუების ან გაბრაზების მიზეზები: იმიტომ, რომ შენ (ვინმეს), ან უბრალოდ ასე ხდება და ა.შ;

3. სიტუაციის გამოსწორებაზე ფიქრის მოწოდება - უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, შეცვალოთ რაღაც, ესაუბროთ ვინმეს;

მაგალითად: „მე მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა იცოდე, რომ მე და მამაშენი ერთად აღარ ვიცხოვრებთ და ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ, თუ როგორ ავაწყოთ კარგი ურთიერთობა“.

ამ ფორმით წარმოდგენილი ყველაზე რთული ნეგატიური ინფორმაციაც კი ადეკვატურად იქნება აღქმული, არა როგორც საყვედური ან შეურაცხყოფის მცდელობა, არამედ როგორც პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს ოჯახში.

ნებისმიერ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, კონფლიქტში ან „რთული“, „საშიში“, „არასასიამოვნო“ თემების განხილვისას, მოუსმინოთ საკუთარ თავს და იპოვოთ სიტყვები სიმართლისათვის, რომ შეძლოთ ცხოვრება შიშის, ეჭვების და საყვედურების გარეშე.

და რაც მთავარია - ასეთ ოჯახში მეტი ნდობა, გაგება და გულწრფელობაა ყოველთვის.

- გარკვეულ სიტუაციებში მშობლები ფიქრობენ რომ ესა თუ ის ფაქტი უმჯობესია არ იცოდეს ბავშვმა და ტყუილს ანიჭებენ უპირატესობას. რა შემთხვევებში შეიძლება იყოს გამართლებული ბავშვის მოტყუება?

ყველა ოჯახში რაღაც არ ითქმის ბოლომდე ან იმალება ან იცვლება სხვა ფორმულირებით. ბავშვების მოტყუება, როგორც წესი, ჩვენ გვეჩვენება უწყინარ ტყუილად, თუმცა ეს დამაზიანებელია მისი ფსიქიკისთვის და არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული.

სიმართლე გითხრათ, ბავშვების მოტყუება ძირითადად განპირობებულია მშობლის თავდაცვის სურვილით.

1. ბავშვის უარყოფითი ემოციებისგან დაცვის სურვილი;

2. მისი წყენინების შიში;

3. ბავშვებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი;

4. ბავშვის თვალში უკეთ გამოჩენის სურვილი;

5. განზრახვა ვაიძულოთ ბავშვს გააკეთოს ის, რაც ჩვენ სწორად მიგვაჩნია.

- აუარესებს თუ არა ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობას არაგულწრფელი საუბარი?

რა თქმა უნდა, არაგულწრფელი საუბარი აუარესებს მშობლის და ბავშვის ურთიერთობას. უფროსების სურვილია, თავი აარიდონ ბავშვებთან გარკვეულ თემებზე საუბარს, ეს ასწავლის მათ იფიქრონ, რომ ეს თემები აკრძალულია. დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდება ბავშვებში იწვევს დაუსაბუთებელ შფოთს.

არ არის აუცილებელი ბავშვებს მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი არ კითხულობენ, რომელსაც ჯერ ემოციურად ვერ უმკლავდებიან, რისი გაგებისთვის ჯერ მზად არ არიან. საუკეთესო ვარიანტია ბავშვების კითხვებზე მარტივი და გულწრფელი პასუხის გაცემა. ნუ დაიცავთ ბავშვებს ოჯახური პრობლემებისგან, როგორც ფსიქოლოგიური (თუნდაც იყოს უბედურება, ვინმეს ავადმყოფობა ან სიკვდილი), ასევე მატერიალური (ეს ასწავლის გამოსავლის პოვნას). ბავშვს სჭირდება დადებითი და უარყოფითი ინფორმაციის ცოდნა. ასეთი დამოკიდებულება ასწავლის მათ რეალობასთან დაპირისპირებას.

არასოდეს მოატყუოთ ბავშვს, თუნდაც ეს ნაკარნახევი იყოს საუკეთესო რწმენით და მისი სიმშვიდისა და კეთილდღეობისადმი ზრუნვით. ბავშვები ამ ტყუილს გრძნობენ და მათი ნდობის დაიბრუნება რთული იქნება

- და ბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს?

პირველ რიგში, მშობლებს ვურჩევდი ბავშვებთან გულწრფელობას, მათი ნდობის მოპოვებას და შენარჩუნებას. გრძელი გზაა, მაგრამ ეს აუცილებლად დადებითად აისახება ოჯახურ ურთიერთობებზე და ბავშვის მომავალ ცხოვრებაზე. მაშ, რას აკეთებთ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შესაქმნელად?

1იყავით გულრწფელები - გულრწფელი მშობლები გულწრფელად საუბრობენ თავიანთ გრძნობებზე. თუ დედა ან მამა გაბზარაზებულები არიან უნდა აუხსნან ბავშვს მიზეზი. როგორ უნდა ისწავლოს ბავშვმა გულწრფელობა, თუ მშობლები თავად არ არიან გულახდილები?!.

2. მიიღეთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის - ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისი ყველა ემოცია მნიშვნელოვანია, შეძლოს მათი მშობლებთან გაზიარება და არ ეშინოდეს, რომ აღარ შეიყვარებს მას მშობელი, თუ მოწყენილი იქნება ან ტკივილს განიცდის;

3. შექმენით მკაფიო საზღვრები - ბავშვისთვის გასაგები საზღვრები დაეხმარება მას, გამოიყენოს საკუთარი თავისუფლება და მოხსნას მშობლების შფოთვა. პატარა ბავშვმა უნდა იცოდეს, რომელი თაროებიდან შეუძლია ნივთების აღება და რომლიდან არა, ხოლო მოზარდმა - რა დროს და რატომ უნდა დაბრუნდეს სახლში. ეს საზღვრები უნდა იყოს კონკრეტული და ცალსახა. არ შეიძლება დღეს რაღაც იყოს დაშვებული, ხვალ კი ამისთვის დაისაჯონ.

4. ესაუბრეთ ბავშვს - მშობლებს ზოგჯერ უკვირთ, რომ ბავშვი არ საუბრობს იმაზე, რაც მას საბავშვო ბაღში ან სკოლაში შეემთხვა, არამედ კითხვაზე „როგორ ჩაიარა დღემ?“ უბრალოდ პასუხობს „OK“. ამ შემთხვევაში მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ თავს. იფიქრეთ იმაზე, იციან თუ არა თქვენმა შვილებმა რას აკეთებთ და როგორ გადის თქვენი დღეები? თუ არა, მაშინ თქვენ უნდა დაიწყოთ საკუთარი თავით და ყოველდღე ისაუბროთ თქვენს დღეზე, რადგან მხოლოდ ასე ისწავლიან ბავშვები იმავეს გაკეთებას. ბავშვი სწავლობს კოვზის გამოყენებას მშობლების ყურებით, ის იგივენაირად სწავლობს კომუნიკაციასაც.

5. სერიოზულად მოეკიდეთ თქვენი შვილის გრძნობებს - მაგალითად, ბავშვს სათამაშო წაართვეს და ის ტირილით მიდის მშობლებთან, ისინი არ რეაგირებენ ამაზე, რადგან პრობლემა მათთვის რეალური არ ჩანს. დიახ, 35 წლის ასაკში ეს არ არის პრობლემა, მაგრამ 5 წლის ასაკში ეს ნამდვილი კატასტროფაა. ბავშვის გამოცდილება სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, არ გაუფასურდეს და საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. ნდობაზე დაფუძნებული გულწრფელი ურთიერთობის ჩამოყალიბება ბავშვის დაბადებიდანვე სჯობს. მშობლებსა და შვილებს შორის ნდობა ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად