Baby Bag

„ჯანსაღი ცხოვრება მარტო ფიზკულტურაზე არ არის დაყვანილი... ზნეობრიობა არის ჯანსაღი ცხოვრების თავი და თავი,“ - მარინა კაჭარავა

„ჯანსაღი ცხოვრება მარტო ფიზკულტურაზე არ არის დაყვანილი... ზნეობრიობა არის ჯანსაღი ცხოვრების თავი და თავი,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრება არ არის მხოლოდ სუფთა ჰაერზე ყოფნა და ვარჯიში:

„ადამიანის ნება არის განმსაზღვრელი. ადამიანის გადაწყვეტილება ცვლის ფიზიოლოგიას, გენეტიკურ კოდებს ცვლის ადამიანი თავისი გადაწყვეტილებით და თავისი აზროვნებით. დაავადება არის გაქცევა. გაქცევა ხდება დაავადებაში ბევრი მიზეზის გამო. ამას ბევრი ფსიქოლოგიური მიზეზი აქვს. ჩვენ მოკვდავები ვართ. სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ დაავადების თავიდან აცილება ადამიანს შეუძლია სწორი ცხოვრებით.

ჯანსაღი ცხოვრება მარტო ფიზკულტურაზე არ არის დაყვანილი, როგორც ჩვენთან ძალიან მოდაშია ვარჯიში და სუფთა ჰაერი. ჯანსაღი ურთიერთობები, წესიერად ცხოვრება, ღვთის მცნებების დაცვა, ზნეობრიობა არის ჯანსაღი ცხოვრების თავი და თავი. ადამიანის სილამაზე არის შინაგანი მდგომარეობა. ახალგაზრდებს შეიძლება ეს არ ესმით და გაიცინონ. ბევრი მინახავს ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი, რომელიც მერე ცხოვრების წესიდან გამომდინარე შეიცვალა.

შინაგანი მდგომარეობა არის ბევრად უფრო მეტად განმსაზღვრელი გარეგნობისთვის, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია,“ - მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ „საზოგადოებრივი რადიოს“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „საზოგადოებრივი რადიო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედამთილებისგან ხშირად გვესმის ძალიან უსიამოვნო ფრაზა: დედა ერთია, ცოლი შეიძლება გყავდეს მრავალი,“ - ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

„დედამთილებისგან ხშირად გვესმის ძალიან უსიამოვნო ფრაზა: დედა ერთია, ცოლი შეიძლება გყავდეს მრავალი,“ - ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა დედამთილის მხრიდან რძლის მიმართ მოსიყვარულე დამოკიდებულების გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს, თავად დედამთილი რამდენად არის ოჯახურ ცხოვრებაში რეალიზებული:

„აღზრდასა და ბავშვობაში ჩამოყალიბებულ განწყობებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ მხრივ, ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში რა დამოკიდებულება გვექნება. ​როდესაც დედამთილი ახერხებს იყოს თავისი რძლის მოსიყვარულე, არ შეეჯიბროს მას და მისცეს ავტონომია ახლად შექმნილ წყვილს, არ შეიჭრას უხეშად, არ შექმნას დისკომფორტი უტაქტო ჩარევისა და თავისი აზრების თავზე მოხვევის თვალსაზრისით, ამაში დიდ როლს თამაშობს, რამდენად არის ეს ადამიანი თავის ოჯახურ ცხოვრებაში რეალიზებული.“

თეა გოგოტიშვილის თქმით, დედები ხშირად რეალიზაციას მთლიანად ვაჟიშვილში დებენ:

„არის მარადიული ბავშვის თემა, როდესაც დედები რეალიზაციას მთლიანად ვაჟიშვილში დებენ. ამ დროს პარადოქსული ამბავი ხდება. როდესაც ვაჟი დაიბადება და ის ცალკე ორგანიზმია, გადაიჭრება ჭიპლარი ,ფსიქოლოგიური ჭიპლარი არ იჭრება. ​დედა ხშირად არაცნობიერად ვაჟს განიხილავს, როგორც თავის ნაწილს, თავისი სხეულის ნაწილს, თავისი მთელის ერთ შემადგენელს.“

„დედა ვერ ახერხებს, რომ ფსიქოლოგიურად გამიჯნოს ეს ადამიანი, როგორც პიროვნება, რომელსაც აქვს თავისი დამოუკიდებელი სოციალური უჯრედი, რომელსაც ოჯახი ჰქვია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედას თავიდანვე ჰქოდეს თავის განწყობებში ჩადებული ეს მიმართება, რომ როდესაც შვილი ითხოვს ცოლს, ის უნდა იყოს მისი მეუღლის მეორე ნახევარი ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენ, სამწუხაროდ ხშირად გვესმის ჩვენს გარემოში ძალიან უსიამოვნო ფრაზა დედამთილებისგან: „დედა ერთია, ცოლი შეიძლება გყავდეს მრავალი.“ თითქოს ამ დროს ადამიანს ეშინია იმის, რომ მას წაართმევენ შვილს და მის სიყვარულს უყოფენ,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა გოგოტიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​პირველი არხი

წაიკითხეთ სრულად