Baby Bag

„სამწუხარო მატრავმირებელი გამოცდილებები მოზარდებს უხვად აქვთ სკოლიდან,“- ფსიქოლოგი სოფო მახარაძე

„სამწუხარო მატრავმირებელი გამოცდილებები მოზარდებს უხვად აქვთ სკოლიდან,“- ფსიქოლოგი სოფო მახარაძე

ფსიქოლოგმა სოფო მახარაძემ მოზარდობის ასაკში ბავშვის ფსიქიკაზე სასკოლო სივრცის უდიდესი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„მოზარდობის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ სასკოლო სივრცე. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მიწევს შეხება მოზარდებთან. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც სამწუხარო მატრავმირებელი გამოცდილებები მოზარდებს უხვად აქვთ სკოლიდან. ეს არ ეხება ყველა სკოლას და ყველა პედაგოგს. ჩვენ გვყავს უამრავი მასწავლებელი, რომელიც აბსოლუტურად პირნათლად ასრულებს თავის პასუხისმგებლობას, მაგრამ სამწუხაროდ ბევრია ასეთი შემთხვევები.

საყოველთაო შერცხვენები, საჯარო გაკრიტიკება ბავშვის, პირად, სენსიტიურ თემებზე საჯარო შეურაცხმყოფელი შეხება ბავშვს საკუთარი თავის მნიშვნელობას აკარგვინებს. სკოლის ფუნქცია არ არის მხოლოდ განათლების მიცემა, არამედ მასწავლებლის ფუნქცია არის ყოველ მოსწავლეში უნიკალურის, პერსონალურის აღმოჩენა და წინ წამოწევა. სამწუხაროდ, სკოლა ხშირ შემთხვევაში ამ ფუნქციას ვერ ასრულებს დღეს.

გარდამავალ ასაკში უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვი იყოს ჩართული ცოდნის მიღების პროცესში, ის ამ პროცესიდან სიამოვნებას იღებდეს და ამ პროცესში საკუთარ თავს გამოხატავდეს. თუ ბავშვი საკუთარ თავს კონსტრუქციულ პროცესში გამოხატავს, ის არასდროს არ წავა, არ ჩაიკეტება და არ ჩაებმება თამაშებში, არასდროს არ მოიხმარს ნარკოტიკს. იქ, სადაც ადამიანი გამოხატავს საკუთარ თავს, მას არ უჩნდება ეს იმპულსი საკუთარი თავის დესტრუქციისა. სკოლის პასუხისმგებლობაა, რომ სასწავლო პროცესი იყოს პროცესზე ორიენტირებული და არა შედეგზე, ნიშანზე, მასწავლებლის მაამებლობაზე, კარგი სამსახურის შოვნაზე. განათლებამ თავისი სულიერი კომპონენტი დაკარგა, მხოლოდ მატერიალური დარჩა მას,“- მოცემულ საკითხზე სოფო მახარაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე სუპერმარკეტში ვიყავი და შენთან არ მოვედი, ღმერთო. შენ დაგტოვე მარტო, როდესაც ტაძარში იწექი ჯვარზე გაკრული,“ - მამა შალვას მოწოდება საყოველთაო სინანულისკენ

„მე სუპერმარკეტში ვიყავი და შენთან არ მოვედი, ღმერთო. შენ დაგტოვე მარტო, როდესაც ტაძარში იწექი ჯვარზე გაკრული,“ - მამა შალვას მოწოდება  საყოველთაო სინანულისკენ

დეკანოზმა შალვა კეკელიამ​ ადამიანებში რწმენის დეფიციტის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსული ინფექციის შიშით ტაძარში მისვლაზე უარის თქმა მორწმუნე ადამიანის ქცევა არ არის:

„მე სულ ვამბობდი, ვეკამათებოდი ყველას, რომ არ შეიძლება ადამიანი აღდგომას წირვაზე არ მოვიდეს. არ შეიძლება ადამიანმა წითელ პარასკევს მაცხოვარი დატოვოს მარტო. მაცხოვარი შენ გამო ჯვარზე გაეკრა. ერთადერთი დღეა წითელი პარასკევი, როდესაც უნდა მიხვიდე იქ, დაუჩოქო და შენდობა სთხოვო. რომ წამოვედი დილით წითელ პარასკევს მაღაზიები სავსე იყო ხალხით, რიგები იდგა. ხალხი გარბოდა, რომ საჭმელი შეეგროვებინათ. როგორ უნდა დადგეს ეს ერი ფეხზე, თუ ამ ერმა ეს არ შეინანა?! თუ შენდობა არ სთხოვა ღმერთს ამ ყველაფრის გამო, რომ „მე სუპერმარკეტში ვიყავი და შენთან არ მოვედი, ღმერთო. შენ დაგტოვე მარტო, როდესაც ტაძარში იწექი ჯვარზე გაკრული, როდესაც შენ გადმოგასვენეს ჯვრიდან, მე შენთან არ მოვსულვარ.“ ამის შენდობა ხალხს არ უთხოვია ღვთის წინაშე.“

მამა შალვამ აღნიშნა, რომ მთელმა ერთმა ღმერთს შენდობა უნდა სთხოვოს რწმენის ნაკლებობის გამო:

„როდესაც აღდგომის შემდეგ გაქრა ეს სენი, ეს ხალხი, ვინც ამბობდა, რომ ეკლესიაში მყოფი ადამიანები უნდა გამოეკეტათ და ჩაეხოცათ ეკლესიაში, თვითონ ბათუმში გაიქცა გასართობად. ღამის კლუბები გადაივსო ხალხით. მაშინ ​რომ დაიწყო სენი, არ გაჩერებულა დღევანდელ დღემდე. ყოველდღე 30, 40, 60 ადამიანი იღუპება. ერი ვერ ხვდება ამას, რომ უნდა შეინანოს მთელმა ერმა ეს. გონზე უნდა მოვიდეს მთელი ერი.“

„დავფიქრდეთ ამაზე, ვინ ვართ, რა ვართ, სად მივდივართ. ​ყველანი პასუხისმგებლები ვართ ჩვენს საქციელზე, ჩვენს ქმედებაზე. ყველას შენდობა გვაქვს სათხოვი ღვთის წინაშე. ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება ღმერთთან. ბედნიერების ერთადერთი წყარო არის სინანული. ვისაც სინანული აქვს, ის ბედნიერია," - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

​წყარო 

წაიკითხეთ სრულად