Baby Bag

„ადამიანები, რომლებსაც ეს სიმპტომები აქვთ, ხშირად მიდიან სხვადასხვა ექიმთან და უამრავ გამოკვლევას იტარებენ,“ - ფსიქიატრი ეკა ჭყონია

„ადამიანები, რომლებსაც ეს სიმპტომები აქვთ, ხშირად მიდიან სხვადასხვა ექიმთან და უამრავ გამოკვლევას იტარებენ,“ - ფსიქიატრი ეკა ჭყონია

ფსიქიატრმა ეკა ჭყონიამ შფოთვითი აშლილობებისთვის დამახასიათებელი სომატური ჩივილები დაასახელა:

„შფოთვითი აშლილობები დიდ უმრავლესობაში ვლინდება სომატური ჩივილებით. ეს ადამიანები ხშირად თვლიან, რომ აქვთ მძიმე სომატური მდგომარეობა. მათ აქვთ მოხრჩობის შეგრძნება, გულის ფრიალი, აჩქარება, რიტმის ცვალებადობა, წნევის ცვალებადობა, ტემპერატურის ცვალებადობა, ტრემორი, წამოწითლება, ოფლიანობა, ძლიერი დაჭიმულობა. ეს დაძაბულობა არის გახანგრძლივებული. მთელი ტანი შეიძლება გტკიოდეს. გარდა ამისა, ამ შიშზე იწყებ გახშირებულ სუნთქვას. ეს ზედაპირული სუნთქვაა, თითქოს ცარიელი გაქვს თავი, თავბრუსხვევის შეგრძნებაა, თითქოს სადაცაა გული წაგივა. ზოგჯერ შეიძლება ეს მდგომარეობა გახანგრძლივდეს. ადამიანი, რომელსაც ეს სიმპტომები აქვს, ხშირად მიდის სხვადასხვა ექიმთან.

ეს ადამიანები დადიან სხვადასხვა ექიმთან, ფინანსურადაც დიდი ტვირთია. უამრავ გამოკვლევას იტარებენ, სანამ მიხვდებიან, რომ შფოთვითი მდგომარეობაა. არის კულტურები, სადაც თუ არ არის ფიზიკური პრობლემა, მიაჩნიათ, რომ ეს პრობლემა არ არის. ხშირად გამიგია, რომ ამბობენ: „აიყვანე თავი ხელში.“ შფოთვაც სამედიცინო პრობლემაა. ესეც არის დაავადება, რომელსაც სჭირდება შესაბამისი მიხედვა,“ - მოცემულ საკითხზე ეკა ჭყონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო: ​„ამ შაბათ-კვირას“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, უცებ ასტკივდა მუცელი და 24-48 საათში უკვე საოპერაციოში ხვდება,“- ბავშვთა ქირურგი მალხაზ კარტოზია აპენდიციტის ნიშნებზე

ბავშვთა ქირურგმა მალხაზ კარტოზიამ ბავშვებში აპდენდიციტის ნიშნები დაასახელა და მშობლებს მოუწოდა, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინონ და პედიატრს მიმართონ:

„პატარა ბავშვის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ორი წლის ასაკიდან, რომელიც ჭირვეულობს, აუხსნელია ტკივილი, თუ ჭირვეულობის მიზეზი, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია, აქ მიმდინარეობდეს მწვავე ქირურგიული პათოლოგია, როგორიც არის აპენდიციტი. თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, დახტის, უცებ ასტკივდა მუცელი და ეს პაციენტი, 24-48 საათში უკვე სტაციონარში ხვდება, საოპერაციოში ხვდება.

ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ არ გამოგვეპაროს ქირურგიული პათოლოგია. პატარა ბავშვებში როდესაც იწყება მუდმივი ჭირვეულობა, როდესაც ბავშვს ცხელება წამოუვა, როდესაც ღებინების ეპიზოდია, როდესაც უძილო ღამეა, მშობლები ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ პირველივე ასეთ სიტუაციაში მივმართოთ პედიატრს,“- მოცემულ საკითხზე მალხაზ კარტოზიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად