Baby Bag

„ადამიანები, რომლებსაც ეს სიმპტომები აქვთ, ხშირად მიდიან სხვადასხვა ექიმთან და უამრავ გამოკვლევას იტარებენ,“ - ფსიქიატრი ეკა ჭყონია

„ადამიანები, რომლებსაც ეს სიმპტომები აქვთ, ხშირად მიდიან სხვადასხვა ექიმთან და უამრავ გამოკვლევას იტარებენ,“ - ფსიქიატრი ეკა ჭყონია

ფსიქიატრმა ეკა ჭყონიამ შფოთვითი აშლილობებისთვის დამახასიათებელი სომატური ჩივილები დაასახელა:

„შფოთვითი აშლილობები დიდ უმრავლესობაში ვლინდება სომატური ჩივილებით. ეს ადამიანები ხშირად თვლიან, რომ აქვთ მძიმე სომატური მდგომარეობა. მათ აქვთ მოხრჩობის შეგრძნება, გულის ფრიალი, აჩქარება, რიტმის ცვალებადობა, წნევის ცვალებადობა, ტემპერატურის ცვალებადობა, ტრემორი, წამოწითლება, ოფლიანობა, ძლიერი დაჭიმულობა. ეს დაძაბულობა არის გახანგრძლივებული. მთელი ტანი შეიძლება გტკიოდეს. გარდა ამისა, ამ შიშზე იწყებ გახშირებულ სუნთქვას. ეს ზედაპირული სუნთქვაა, თითქოს ცარიელი გაქვს თავი, თავბრუსხვევის შეგრძნებაა, თითქოს სადაცაა გული წაგივა. ზოგჯერ შეიძლება ეს მდგომარეობა გახანგრძლივდეს. ადამიანი, რომელსაც ეს სიმპტომები აქვს, ხშირად მიდის სხვადასხვა ექიმთან.

ეს ადამიანები დადიან სხვადასხვა ექიმთან, ფინანსურადაც დიდი ტვირთია. უამრავ გამოკვლევას იტარებენ, სანამ მიხვდებიან, რომ შფოთვითი მდგომარეობაა. არის კულტურები, სადაც თუ არ არის ფიზიკური პრობლემა, მიაჩნიათ, რომ ეს პრობლემა არ არის. ხშირად გამიგია, რომ ამბობენ: „აიყვანე თავი ხელში.“ შფოთვაც სამედიცინო პრობლემაა. ესეც არის დაავადება, რომელსაც სჭირდება შესაბამისი მიხედვა,“ - მოცემულ საკითხზე ეკა ჭყონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო: ​„ამ შაბათ-კვირას“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვებში რთული ქცევის შესახებ ინსტაგრამ ბლოგერი დეა შიმშინაშვილი საუბრობს

ბავშვებში რთული ქცევის შესახებ ინსტაგრამ ბლოგერი დეა შიმშინაშვილი საუბრობს

არ არსებობს ბავშვი, რომელსაც რთული ქცევა ერთხელ მაინც არ გამოუვლენია. ხშირად მშობლებმა ამ ფრაზის რეალური ახსნა არ იციან, არც გამომწვევი მიზეზები, შესაბამისად, აკრავენ ბავშვებს იარლიყებს, როგორებიცაა: ცუდი ბავშვია, უზრდელია, თავხედია და ა.შ

და მაინც, რა არის რთული ქცევა?

ეს არის ბავშვის მხრიდან უარყოფითი ემოციების გამოვლენა, სხვადასხვა გზით. მაგ: არ ემორჩილება წესებს. ყვირის. ცდილობს საკუთარი თავის ან სხვის დაზიანებას, (კბენა, დარტყმა და სხვა) აქვს ტანტრუმი.

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ბავშვებში ნორმალურია, მანამ სანამ მათი ემოციური და სოციალური უნარები განვითარდება.

რა იწვევს რთულ ქცევას ?

მშობელი ყოველთვის უნდა დააკვირდეს ბავშვის რთული ქცევის გამოვლენის მიზეზს, ანუ იმას, თუ რა უსწრებს წინ ამ ქცევას. 

ეს შეიძლება იყოს:

1. დაღლილობა
2. შიმშილი
3. ზედმეტად აქტიური გრაფიკი
4. რუტინების ნაკლებობა
5. ქცევითი დარღვევები
6. ოჯახური მდგომარეობის ცვლილება
7. შიში
8. გადაჭარბებული დრო ეკრანთან
9. იარლიყები
10. განვითარების ეტაპები
11. მშობლების მხრიდან ყურადღების ნაკლებობა და სხვა.

რატომ არ უნდა დასაჯოთ ბავშვი რთული ქცევის გამოვლენის დროს?

ფსიქოლოგების თქმით, ბავშვები ხანდახან მშობლისთვის არასასურველ ქცევებსაც სწავლობენ. შედეგად მათ ხშირად სჯიან იმის გამო, რომ „კარგად“ არ იქცევიან, თუმცა იმის განსაზღვრა, რა არის ”კარგი”, „ნორმალური“ და „ცუდი“ ქცევა, ადვილი საქმე არ გახლავთ. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე: ბავშვის ასაკზე, მის პიროვნულ თავისებურებებზე, ფიზიკური და ემოციური განვითარების დონეზე.

მაგალითად, თუ ორი წლის ბავშვი დარბის და ძირს ყრის სათამაშოებს, იქექება უჯრებში და ბევრ შეკითხვას სვამს, ეს მისი ასაკისთვის ბუნებრივი ქცევაა და ამის გამო არ უნდა დაისაჯოს. რთული ქცევის უამრავი განსხვავებული განმარტება არსებობს. 

როდესაც ხდება ბავშვის პრობლემური ქცევის მიზეზების განსაზღვრა, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა ასაკი, სქესი და კულტურული წარმომავლობა. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ბავშვები „კარგად“ არ იქცევიან, მშობლები მათ ფიზიკურად სჯიან და მიაჩნიათ, რომ ასე ისინი ბავშვის სასიკეთოდ იქცევიან. სინამდვილეში კი ფიზიკური შეხებით ბავშვს სერიოზულ ზიანს ვაყენებთ, ისინი ხდებიან უფრო ჯიუტები, დაუმორჩილებლები და სწავლობენ ქცევის აგრესიულ ფორმებს, ფიზიკური დასჯის შედეგად ბავშვი უფრო აგრესიული ხდება და თვითონაც იწყებს სხვა ბავშვების ცემას - აღნიშნავენ ფსიქოლოგები. 


როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ბავშვი ავლენს რთულ ქცევას?


7 რჩევა ფსიქოლოგ ნინუ კიკნაველიძისგან:

1. ბავშვსა და უფროსს შორის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება ეხმარება ბავშვს, შეცვალოს ქცევის მიუღებელი სტრატეგიები და სტილი, ჩაერთოს საკუთარი ქცევის ცვლილების პროცესში.
2. სიტყვა და უარყოფა ,,არა”.

მშობელი ვერ მიაღწევს წარმატებას მხოლოდ იმის აღნიშვნით, თუ რა არ უნდა გააკეთოს ბავშვმა. აუცილებელია, მივუთითოთ იმაზეც, თუ რა სახის ქცევა უნდა შესრულდეს სანაცვლოდ. მიუთითოს არა მხოლოდ ქცევის შეწყვეტის საჭიროებაზე, არამედ იმაზეც, თუ რა ქცევით შეიძლება ჩაანაცვლოს.
3. ნაცვლად იმისა, რომ მივუთითოთ ნეგატიურ ქცევაზე, უნდა წავახალისოთ მისაღები ქცევა.

4. აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს და წახალისდეს ბავშვის მიერ სასურველი ქცევის განხორციელების მცირე მცდელობაც კი.

5. როდესაც სასურველი ქცევა პირველად აღმოცენდება, შეძლებისდაგვარად სწრაფად დააჯილდოვეთ ბავშვი, შეაქეთ, წაახალისეთ.

6. ნუ შეადარებთ ბავშვს სხვებს. სხვებთან მუდმივი შედარება იწვევს ბავშვის თვითშეფასების დაქვეითებას, აგრესიას მშობლის მიმართ და აგრეთვე იმის მიმართ, ვისაც ხშირად ადარებენ.

7. ბავშვის წარმატების შეფასებისას, შეაფასეთ მისი მოქმედება და არა თავად ბავშვი. განხორციელებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დასჯის ისეთი სახეები, როგორიცაა შენიშვნის მიცემა, ჩხუბი, ბავშვის დროებითი იზოლირება და ჯარიმები, დადებითი შედეგების ნაცვლად, არასასურველ, პრობლემური ქცევის გახშირებას იწვიეს.

რჩევები მშობლებს:

დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ საკუთარი ემოციების მართვა, მანამ სანამ ამას არ ისწავლიან. დაუდასტურეთ ემოციები, დაარქვით ამ ემოციებს
სახელები და შეასწავლეთ მათი მნიშვნელობა. შესთავაზეთ ალტერნატივები და გაუზიარეთ პირადი გამოცდილებები. მაგ: როდესაც მე გაბრაზებული ვარ, თავს ბალიშზე ვდებ და ვყვირივარ, შენც შეგიძლია ასე მოიქცე. ასწავლეთ ემოციების გამოხატვა სწორი გზით, ნუ ჩაუხშობთ მათ და არ გამოიყენოთ ფრაზები როგორებიცაა: ნუ ტირიხარ! ნუ ყვირიხარ და სხვა.

ბავშვებს ემოციების გამოხატვის შესწავლა სჭირდებათ, რაშიც ჩვენ, მშობლები უნდა დავეხმაროთ. ეს არ არის მარტივი გზა და ყველა მშობელს გვიჭირს ამ ეტაპის გავლა.

ისწავლეთ საკუთარი თავის კონტროლი, იყავით გულწრფელები თქვენი შვილების მიმართ, მიიღეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც არის. გახსოვდეთ, ახალი უნარის დასწავლა სწრაფად არ ხდება, ამიტომ მშვიდად მიყევით თქვენს მიერ შერჩეულ სტრატეგიას.

ავტორი: ინსტაგრამ ბლოგერი დეა შიმშინაშვილი

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის იხილეთ ინსტაგრამ გვერდი - deamommi.

წაიკითხეთ სრულად