Baby Bag

„ადამიანები, რომლებსაც ეს სიმპტომები აქვთ, ხშირად მიდიან სხვადასხვა ექიმთან და უამრავ გამოკვლევას იტარებენ,“ - ფსიქიატრი ეკა ჭყონია

„ადამიანები, რომლებსაც ეს სიმპტომები აქვთ, ხშირად მიდიან სხვადასხვა ექიმთან და უამრავ გამოკვლევას იტარებენ,“ - ფსიქიატრი ეკა ჭყონია

ფსიქიატრმა ეკა ჭყონიამ შფოთვითი აშლილობებისთვის დამახასიათებელი სომატური ჩივილები დაასახელა:

„შფოთვითი აშლილობები დიდ უმრავლესობაში ვლინდება სომატური ჩივილებით. ეს ადამიანები ხშირად თვლიან, რომ აქვთ მძიმე სომატური მდგომარეობა. მათ აქვთ მოხრჩობის შეგრძნება, გულის ფრიალი, აჩქარება, რიტმის ცვალებადობა, წნევის ცვალებადობა, ტემპერატურის ცვალებადობა, ტრემორი, წამოწითლება, ოფლიანობა, ძლიერი დაჭიმულობა. ეს დაძაბულობა არის გახანგრძლივებული. მთელი ტანი შეიძლება გტკიოდეს. გარდა ამისა, ამ შიშზე იწყებ გახშირებულ სუნთქვას. ეს ზედაპირული სუნთქვაა, თითქოს ცარიელი გაქვს თავი, თავბრუსხვევის შეგრძნებაა, თითქოს სადაცაა გული წაგივა. ზოგჯერ შეიძლება ეს მდგომარეობა გახანგრძლივდეს. ადამიანი, რომელსაც ეს სიმპტომები აქვს, ხშირად მიდის სხვადასხვა ექიმთან.

ეს ადამიანები დადიან სხვადასხვა ექიმთან, ფინანსურადაც დიდი ტვირთია. უამრავ გამოკვლევას იტარებენ, სანამ მიხვდებიან, რომ შფოთვითი მდგომარეობაა. არის კულტურები, სადაც თუ არ არის ფიზიკური პრობლემა, მიაჩნიათ, რომ ეს პრობლემა არ არის. ხშირად გამიგია, რომ ამბობენ: „აიყვანე თავი ხელში.“ შფოთვაც სამედიცინო პრობლემაა. ესეც არის დაავადება, რომელსაც სჭირდება შესაბამისი მიხედვა,“ - მოცემულ საკითხზე ეკა ჭყონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო: ​„ამ შაბათ-კვირას“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი იტყუება, ეს მშობლის დანაშაულია და არა ბავშვის,“ - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

​ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი გადაცემაში „სხვა შუადღე“ ბავშვებში ტყუილის თქმისკენ მიდრეკილების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბავშვის მიერ ტყუილის თქმა მშობლის დანაშაულია და არა ბავშვის:

„ძალიან ​ბევრი მშობელი მოდის, მეუბნება: „ბავშვმა მომატყუა.“ ეს არ არის ბავშვის დანაშაული, ეს მშობლის დანაშაულია. ბავშვი სამი მიზეზით იტყუება. პირველი არი შიში, მას სურს თავიდან აიცილოს რაღაც არასასურველი, მეორე - მას სურს დაიცვას მეორე ადამიანის ემოცია, არ უნდა, რომ დედა გაანერვიულოს, მესამე - ბავშვს სჭირდება აღიარება და პოზიტიური იმიჯის შექმნა. საჭიროა, რომ სამყაროს ბავშვის თვალებით შევხედოთ.“

ზაზა ვარდიაშვილი მშობლებს პრაქტიკულ რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ბავშვის ტყუილში გამოჭერისას:

​თუ ბავშვი გაკვეთილიდან იპარება და გატყუებთ, ამ დროს მას დახმარება უნდა შესთავაზოთ. უთხარით ბავშვს, რომ თუ ის დაიღლება, მას დაეხმარებით ყველაფრის მოგავრებაში. თუ ბავშვი ამას ჩვეულებრივ მოვლენად მიიღებს და კვლავ მოითხოვს იმავეს გაკეთებას, მას აუხსენით, რომ გაკვეთილის გაცდენა მომავალში მასზე ცუდად აისახება და სხვები ბევრად მეტს გაიგებენ. ყველაფერი პოზიტიური დამოკიდებულებით, პოზიტიური ლავირებით უნდა შევძლოთ. დაკვირვებით ბავშვი ძალიან ბევრ რამეს სწავლობს. მან არ უნდა დაინახოს ზედმეტი ფრუსტრაცია მშობლების მხრიდან, ზედმეტი ჩივილები გარემოს მიმართ, არ უნდა იყოს ხშირი კონფლიქტი მშობლებს შორის მისი თანდასწრებით.“

ზაზა ვარდიაშვილის თქმით, ავტორიტარული აღზრდის მეთოდის გამოყენებისას ბავშვებს უინიციატივო ადამიანებად ვაყალიბებთ:

​ადრე იყო ავტორიტარული აღზრდის მეთოდი. ეს მეთოდი დღემდე არსებობს. ავტორიტარული აღზრდის სტილის გამოყენებისას უმეტეს შემთხვევაში გამოდის კარგი ადამიანი, მაგრამ ის არის უინიციატივო, რომელიც ყოველთვის არის სხვების ზურგს უკან. ის თავის თავზე არ იღებს ბევრ რამეს. არცერთ მშობელს არ გვინდა, რომ ჩვენი შვილი ასეთი იყოს. ბევრი ნიჭიერი ადამიანი დაიკარგა სწორედ ამიტომ, რომ ვერ შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა, თვითრეალიზაცია.“

ზაზა ვარდიაშვილი აღნიშნავს, რომ ავტორიტეტული აღზრდის სტილი გაცილებით პოზიტიური და ნაყოფიერია:

„როდესაც ავტორიტეტულ სტილს ვირჩევთ, ​მაქსიმალურად ბავშვის გვერდით ვართ, ვაჩვევთ ნდობას და ვაძლევთ თავისუფლებას. ასეთი ადამიანი არის ინიციატივიანი, ის არასდროს განახორციელებს ბულინგს სხვა ადამიანზე, არავის დაჩაგრავს. ის ყოველთვის იქნება მიღებული საზოგადოებაში. მას საზოგადოება გაუღებს კარს.“

„ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩატარდა ერთ-ერთი ექსპერიმენტი. ბავშვი უყურებდა თოჯინების თეატრს, სადაც იყო ორი ფისო და ძაღლი, რომელიც ცდილობდა ყუთიდან ბურთის ამოღებას. ნაცრისფერი ფისო ძაღლს ეხმარებოდა, მეორე კი ხელს უშლიდა ამოღებაში. ბავშვებს წარმოდგენის დასრულების შემდეგ არჩევანის წინაშე აყენებდნენ, რომ აერჩიათ ფისო, რომელიც მოსწონდათ. მათი 80 % ირჩევდა ნაცრისფერ ფისოს, რომელიც ავლენდა პოზიტიურ ქცევას. ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა პოზიტიური ადამიანების მხარესაა, ემხრობა კეთილს და კეთილი ადამიანია. შემდგომში ცხოვრებისეული გამოცდილება, შიშები და ფრუსტრაციები იწვევს ნეგატივის გაღვივებას,“ - აღნიშნავს ზაზა ვარდიაშვილი.

წყარო: ​სხვა შუადღე

წაიკითხეთ სრულად