Baby Bag

„ადამიანები, რომლებსაც ეს სიმპტომები აქვთ, ხშირად მიდიან სხვადასხვა ექიმთან და უამრავ გამოკვლევას იტარებენ,“ - ფსიქიატრი ეკა ჭყონია

„ადამიანები, რომლებსაც ეს სიმპტომები აქვთ, ხშირად მიდიან სხვადასხვა ექიმთან და უამრავ გამოკვლევას იტარებენ,“ - ფსიქიატრი ეკა ჭყონია

ფსიქიატრმა ეკა ჭყონიამ შფოთვითი აშლილობებისთვის დამახასიათებელი სომატური ჩივილები დაასახელა:

„შფოთვითი აშლილობები დიდ უმრავლესობაში ვლინდება სომატური ჩივილებით. ეს ადამიანები ხშირად თვლიან, რომ აქვთ მძიმე სომატური მდგომარეობა. მათ აქვთ მოხრჩობის შეგრძნება, გულის ფრიალი, აჩქარება, რიტმის ცვალებადობა, წნევის ცვალებადობა, ტემპერატურის ცვალებადობა, ტრემორი, წამოწითლება, ოფლიანობა, ძლიერი დაჭიმულობა. ეს დაძაბულობა არის გახანგრძლივებული. მთელი ტანი შეიძლება გტკიოდეს. გარდა ამისა, ამ შიშზე იწყებ გახშირებულ სუნთქვას. ეს ზედაპირული სუნთქვაა, თითქოს ცარიელი გაქვს თავი, თავბრუსხვევის შეგრძნებაა, თითქოს სადაცაა გული წაგივა. ზოგჯერ შეიძლება ეს მდგომარეობა გახანგრძლივდეს. ადამიანი, რომელსაც ეს სიმპტომები აქვს, ხშირად მიდის სხვადასხვა ექიმთან.

ეს ადამიანები დადიან სხვადასხვა ექიმთან, ფინანსურადაც დიდი ტვირთია. უამრავ გამოკვლევას იტარებენ, სანამ მიხვდებიან, რომ შფოთვითი მდგომარეობაა. არის კულტურები, სადაც თუ არ არის ფიზიკური პრობლემა, მიაჩნიათ, რომ ეს პრობლემა არ არის. ხშირად გამიგია, რომ ამბობენ: „აიყვანე თავი ხელში.“ შფოთვაც სამედიცინო პრობლემაა. ესეც არის დაავადება, რომელსაც სჭირდება შესაბამისი მიხედვა,“ - მოცემულ საკითხზე ეკა ჭყონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო: ​„ამ შაბათ-კვირას“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ აღვზარდოთ გენიოსი - აღზრდის 10 პრინციპი ებრაელი მშობლებისგან

როგორ აღვზარდოთ გენიოსი - აღზრდის 10 პრინციპი ებრაელი მშობლებისგან

გენიოსი შვილის აღზრდაზე ბევრი დედა ოცნებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობის შესახებ უამრავი საინტერესო რჩევის მოსმენის შესაძლებლობა გვაქვს, არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც გენიოსის აღზრდაში დაგვეხმარება. ებრაელი მშობლები ფსიქოლოგიურ ნაშრომებს თითქმის არასდროს ეცნობიან, ისინი არც მშობელთა ფორუმებს სტუმრობენ, რათა საინტერესო რჩევები მოისმინონ, თუმცა გენიოსების აღზრდას მაინც წარმატებით ახერხებენ. ჩვენს სტატიაში მათი წარმატების საიდუმლოს გარკვევას შევეცდებით და აღზრდის იმ პრინციპებს გაგაცნობთ, რომლებსაც ებრაელი მშობლები ერთგულად იცავენ.


1. დამოუკიდებლობის წახალისება

ოჯახები, როგორც წესი, ბავშვების წახალისებას ცდილობენ. მშობლები შვილებს არწმუნებენ, რომ ისინი მომავალში წარმატების მიღწევას აუცილებლად შეძლებენ. ებრაელი მშობლები შვილებს ასწავლიან, რომ მათ წარმატების მიღწევა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით შეუძლიათ. ებრაელმა პატარებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მომავალი თავად უნდა შექმნან და დინების მიმართულებით ცურვას არ დასჯერდნენ.

2. შთამაგონებელი ფრაზა: „დასაწყისი ყოველთვის რთულია“

ბავშვები დამოუკიდებლები რომ გახდნენ, მათი წამოწყებები და ინიციატივები მშობლებმა აუცილებლად უნდა წაახალისონ. აუცილებელია, რომ პატარების ნებისმიერი ჰობი უფროსებმა სერიოზულად აღიქვან. როდესაც ბავშვები სირთულეებს ცხოვრებაში პირველად ეჯახებიან, ებრაელი მშობლები მათ შემდეგი სიტყვებით ამშვიდებენ: „დასაწყისი ყოველთვის რთულია.“

3. ნდობა, როგორც საუკეთესო ჯილდო

როგორ უნდა დავაჯილდოვოთ ბავშვები, როდესაც ისინი კეთილი საქმის გაკეთებას ცდილობენ? ებრაელი მშობლები თვლიან, რომ ბავშვისთვის ნდობა საუკეთესო ჯილდოა. როდესაც უფროსები ბავშვს საქმის დამოუკიდებლად გაკეთების შესაძლებლობას აძლევენ, ის თვლის, რომ კარგ საქმეს აკეთებს, რაც მის თვითშეფასებაზე დადებითად აისახება.

4. გარეგნულ იერსახეზე ნაკლები ზრუნვა

მომავალი გენიოსები გარეგნულ იერსახეზე განსაკუთრებულად არასდროს ზრუნავენ. როდესაც მშობლები ცდილობენ, რომ გარეთ ყოფნისას ბავშვები მოწესრიგებულები იყვნენ და სუფთად გამოიყურებოდნენ, ისინი ამისთვის უდიდეს ენერგიას ხარჯავენ. ეს ყოველივე კი ბავშვსაც ძალიან აწუხებს. ებრაელი მშობლები გარეგნულ იერსახეზე გამუდმებით ზრუნვას ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად არ მიიჩნევენ. ეზოში თამაშისას პატარები საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან.

5. უწესრიგობასთან შეგუება

ბავშვებს წესრიგი არ უყვართ. ებრაელი მშობლები უწესრიგობის გამო პატარებზე არასდროს ბრაზობენ. მათ კარგად ესმით, რომ ბავშვებისთვის წესრიგი მოსაწყენია. ებრაელი მშობლები შვილებს მოუწესრიგებელი ოთახის გამო არ საყვედურობენ. ისინი პატარებს კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევენ. სისუფთავისა და წესრიგის მნიშვნელობას კი დროთა განმავლობაში ასწავლიან.

6. ბავშვების სურვილების პატივისცემა

მშობლების ნაწილი ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში შენიშვნებს აძლევს, სირბილს, ხტუნვას და ხმამაღლა საუბარს უკრძალავს. ებრაელი მშობლები შვილებს მეტ თავისუფლებას აძლევენ. ისინი ბავშვებს ჭარბი ენერგიისგან გათავისუფლებაში ხელს არ უშლიან. ასეთი ბავშვები თავდაჯერებულ და მიზანდასახულ ზრდასრულებად ყალიბდებიან. ისინი არასდროს ნებდებიან და დასახული მიზნისთვის ბოლომდე იბრძვიან.

7. თავისუფლებისადმი ბრძნული დამოკიდებულება

თანამედროვე ბავშვებს მშობლები თავისუფლად ზრდიან და მათ უფლებებს არავინ ზღუდავს. ებრაელი მშობლებისთვის არსებობს ზღვარი, რომელსაც ბავშვმა არ უნდა გაადააბიჯოს. ბავშვს უფლება არ აქვს მშობელს ან ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენოს. ასეთ შემთხვევაში მას მკაცრი სასჯელი ელის.

8. მშობლების პატივისცემა

ებრაელმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მშობლები ოჯახის წინამძღოლები არიან. ისინი დედას და მამას ძალიან დიდ პატივს სცემენ. მიუხედავად ამისა, ებრაელი ბავშვი არასდროს არის მშობელზე დამოკიდებული. თუ მას რაიმე საქმის გაკეთება სურს, ყველაფერს თავად აკეთებს. ებრაელი მშობლები შვილს დათვურ სამსახურს არასდროს უწევენ. მან ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს.

9. განსაზღვრული წესების დამკვიდრება

ებრაელი მშობლები ბავშვებს შეცდომების გამო იშვიათად სჯიან. ისინი პატარების კარგ ქცევას აჯილდოვებენ. ოჯახში ყოველთვის არსებობს განსაზღვრული წესები, რომელთა შესრულება ბავშვს ჯილდოს მიღებაში ეხმარება. ამ გზით ბავშვი შეცდომების გამოსწორებას სწავლობს და საკუთარ ქცევას გარედან აკვირდება.

10. ბავშვის ხშირი დაჯილდოვება და წახალისება

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვები კარგი ქცევის გამო ყოველთვის არ უნდა შევაქოთ. ებრაელი მშობლები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პატარების დადებითი ქცევები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. ებრაელი მშობლები შვილებს რეგულარულად აჯილდოვებენ. თუ ბავშვი დედას გაურკვეველი ფიგურებით მოხატულ ხელსახოცს საჩუქრად მიართმევს, ის მშობლისგან მოწონებას და ქებას დაიმსახურებს. დედა შვილს აუცილებლად აგრძნობინებს, რომ მას საჩუქარი ძალიან მოეწონა, რათა ბავშვის მოსაწონი ქცევა წაახალისოს. 

მომზადებულია ​​brightside.me​-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად