Baby Bag

„უკვე ერთი წლის ასაკის ბავშვზეც შეიძლება ექიმმა ეჭვი მიიტანოს, რომ პოტენციურად, შესაძლოა, იყოს აუტიზმის სპექტრის აშლილობა,“- ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი

„უკვე ერთი წლის ასაკის ბავშვზეც შეიძლება ექიმმა ეჭვი მიიტანოს, რომ პოტენციურად, შესაძლოა, იყოს აუტიზმის სპექტრის აშლილობა,“- ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი

ფსიქოლოგმა მაია მაჭავარიანმა აუტიზმის სპექტრის აშლილობების შესახებ ისაუბრა და ის ასაკი დაასახელა, როდესაც პედიატრებს ან ბავშვთა ნევროლოგებს აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე ეჭვის მიტანა შეუძლიათ:

„2-3 წლამდე, როგორც წესი ოფიციალურად დიაგნოზის დასმა არ ხდება. რა თქმა უნდა, პედიატრმა ან ბავშვთა ნევროლოგმა უკვე ერთი წლის ასაკის ბავშვზეც კი შეიძლება ეჭვი მიიტანოს, რომ ეს პოტენციურად, შესაძლოა, იყოს აუტიზმის სპექტრის აშლილობა. ასეთ შემთხვევაში მშობელს ვურჩევთ ხოლმე, რომ იყოს ყურადღებით, რას მიაქციოს ყურადღება. გაიცემა რეკომენდაციები, რა შეიძლება გაკეთდეს სახლის პირობებში. ბავშვს აუცილებლად ვიბარებთ მონიტორინგზე. ბავშვი აუცილებლად უნდაა შეფასდეს კიდევ რამდენჯერმე. შემდგომში უკვე ხდება საბოლოოდ დიაგნოზის გამოტანა.

ეს ისეთი ტიპის დიაგნოზია, რომლის „მოხსნა“ არ ხდება. არის მდგომარეობები, რომელიც შეიძლება გაქრეს მკურნალობის პროცესში. ეს არ არის ის მდგომარეობა, რომელსაც განვკურნავთ. მხარდაჭერა სჭირდება ყველას იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მათ სოციუმში ინტეგრაციას და ცხოვრების ხარისხი ჰქონდეთ მაღალი. ამის მიხედვით უკვე სპეციალისტი წყვეტს რა გაკეთდეს.

ადრეულ ასაკში ვიყენებთ სასკრინინგო დანიშნულების კითხვარებს, რომელშიც არის წონიანი კითხვები, რომლებიც გადამწყვეტია ეჭვის მიტანისთვის. მშობლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვაკეთებთ დასკვნებს. ADOS-ის შემთხვევაში ამას აკეთებს სპეციალურად დატრენინგებული ადამიანი. მან იცის, რას უნდა დააკვირდეს, რა სტიმულები მიაწოდოს. ADOS ტესტს აქვს თავისი მოდულები, რომლებსაც ვარჩევთ იმის მიხედვით, რა დონეზე აქვს განვითარებული ბავშვს ენა. ხდება კლინიკური შეფასება, რის გამოც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიცისტის დატრენინგებას,“- მოცემულ საკითხზე მაია მაჭავარიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად