Baby Bag

როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს შვილს გარდატეხის ასაკი ეწყება? - ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს შვილს გარდატეხის ასაკი ეწყება? - ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე ისაუბრა:

„პირველ რიგში, თვითონ სიტყვას თუ დავუკვირდებით, ეს გარდამტეხი, რევოლუციური პერიოდია, როდესაც იცვლება ყველაფერი ორგანიზმის დონეზე, სამყაროს აღქმა იცვლება, იცვლება ხედვა, ვინ ვარ მე. ამ ასაკის ადამიანებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ, რასაც ვერ იღებენ. მათი ქცევა იმდენად რევოლუციურია, რომ პირველ ეტაპზე ბრაზს უფრო იწვევს ხოლმე. დიალოგით და მშვიდი საუბრით ყველაფერი შესაძლებელია. მათ კარგი კოგნიტური უნარები აქვთ და განსხვავებული აზრის მოსმენა შეუძლიათ, მაგრამ სწორი ფორმით უნდა მივაწოდოთ, რადგან ისინი ძალიან მოწყვლადები არიან. მე ყოველთვის გარემოზე ვაკეთებ აქცენტს, თუ როგორ დავინახავთ ამ ინდივიდებს, როგორ მივცემთ შესაძლებლობას მათ ინდივიდუალიზმს, რომ განვითარდეს.

გარდატეხის ასაკის დაწყება ინდივიდუალურია. ბიჭებში უფრო გვიან იწყება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ყველა ბიჭთან ასეა. ადამიანი გაუგებრობაშია, ვეღარ ხვდება დიდია თუ პატარა. ისეთი აზრები მოსდის მას თავში, რომ ეს ბავშვურ მდგომარეობას აღარ შეესაბამება. ეს ყველაზე დიდი გასაჭირია. მოდის რადიკალური აზროვნება, რომელიც იმდენად განსხვავდება ბავშვის აზროვნებისგან, რომელიც მას ახასიათებდა, რომ ეს მშობლისთვის მიუღებელია. იწყება ფარული ან ცხადი ომი. ამ დროს პროფესიონალის ჩართულობა აუცილებელია, რომ ეს გარდამავალი პერიოდი რაც შეიძლება ჰარმონიულად განხორციელდეს,“ - მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად