Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან მნიშვნელოვანია გვიყვარდეს შვილიშვილებისა და შვილების წახალისება, მაგრამ არა ტკბილეულით,“- ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

„ძალიან მნიშვნელოვანია გვიყვარდეს შვილიშვილებისა და შვილების წახალისება, მაგრამ არა ტკბილეულით,“- ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვებში სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ძალიან მნიშვნელოვანია გვიყვარდეს შვილიშვილებისა და შვილების წახალისება, მაგრამ არა იმ ტკბილეულით, რომლის გადაჩვევასაც მერე ვცდილობთ ხოლმე. ჩვენ დავაჩვევთ ამას და მერე ვცდილობთ გადავაჩვიოთ. დაჯილდოვება და წახალისება ხდება სხვა ფორმითაც, არ არის საჭირო, რომ ეს გავაკეთოთ მხოლოდ ტკბილეულით. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ რაღაც უყვარს ბავშვს და ვერ გადავაჩვიე, აუცილებლად გავიხსენოთ, იქნებ ჩვენ გავასინჯეთ ეს პროდუქტი, რომელიც თვითონაც ვიცოდით, რომ არც ისე ჯანსაღია, მაგრამ გემრიელია. ბავშვის საგემოვნო ადაპტაცია მოხდა ჩვენი დამსახურებით. ასეთ შემთხვევაში ჩვენი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. თავიდანვე ნუ შევთავაზებთ ბავშვებს იმ პროდუქტს, რომელთანაც მერე იძულებით განშორება ძალიან მტკივნეული იქნება.

როდესაც ჩვენ ვეუბნებით ჩვენს შვილებს, რომ რაღაც პროდუქტი კარგია და რაღაც ცუდია, ამის მაგალითები, პირველ რიგში, ჩვენ ვართ. თუ ჩვენ არაჯანსაღ პროდუქტებს ხშირად მივირთმევთ, ეს აუცილებლად არის ცუდი მაგალითი. ჩვენ გვაქვს ოჯახში დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენი კვებითი ჩვევები, მაგალითად, მარილიანობის ჩვენი აღქმა, შეიძლება ოჯახისთვის ცუდი ტვირთი იყოს. თუ მუდმივად ჭარბად ვამარილებთ კერძს, ოჯახის წევრები ეჩვევიან ამას და მოთხოვნილება უჩნდებათ, რომ ასეთი პროდუქტები მიირთვან,“- მოცემულ საკითხზე მარი მალაზონიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად