Baby Bag

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ხილი თუ ხილის წვენი? - რომელია უმჯობესი?

ხილი თუ ხილის წვენი? - რომელია უმჯობესი?

ნუტრიოციოლოგმა მარი მალაზონიამ მთლიანი ხილისა და ხილის წვენის სასარგებლო თვისებების შესახებ ისაუბრა. 

,,ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მინდა გაგიზიაროთ, რომელიც არაერთი ორგანიზაციის მიერ არის შეჯერებული და ბავშვთა კვებისათვის განიხილება როგორც ერთ-ერთი მთავარი ღერძი. ბავშვთა ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანია ყველა ჯგუფის პროდუქტის მოხმარება, მათ შორის უპირველესად ბოსტნეულისა და ხილის.''

ნუტრიციოლოგმა განსაკუთრებით გამოყო ხილი. მან აღნიშნა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება განსხვავებულია მთლიანი ხილის და ხილის წვენის მიმართ:

,,რომელია უმჯობესი ბავშვისთვის მთლიანი ხილი მივაწოდოთ თუ მივცეთ ხილის წვენი. რა უპირატესობა აქვს ხილის წვენს? ხილის წვენი არის თითქოს ბევრად უფრო კომპაქტური, ადვილად მოსახმარი, იმიტომ რომ არ მოითხოვს ღეჭვას, ჩაკბეჩვას, გადამუშავებას. გარდა ამისა, ის არის ნარჩენებისგან გასუფთავებული, მოსახერხებელი ერთბაშად მისაღებად, ასევე კალორიულ შევსებას გვაძლევს ძალიან სწრაფად. ბავშვებისთვის ადვილად მისაღებია, რადგან მათ უყვართ წვენების მიღება, განსაკუთრებით თუ ტკბილია კიდევ უფრო მოსწონთ. ჩვენ აქ ვსაუბრობთ წვენზე და არა ხილის სასმელზე, რომელიც მარკეტინგულად შეფუთუფლია, უფრო ლამაზია, 100%-ით ნატურალური წვენი შეიძლება არ გამოიყურებოდეს ისე ეფექტურად, როგორც გასაყიდად გამზადებული ხილის სასმელი.''

მარი მალაზონია აღნიშნავს, ხილის წვენს თუ მთლიან ხილს შევადარებთ, ბევრად პროცესირებულია. ეს ერთი და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია მცენარეული ბოჭკო, რომელიც აუცილებლად იქნება დაკარგული ხილის წვენში (დამუშავების პროცესში იკარგება). მესამე ფაქტორი - წვენი შეგვიძლია, ერბაშად დავლიოთ, მთლიანი ხილის მირთმევის შემთხვევაში კი გვჭირდება რამდენიმე ორგანოს ჩართვა, იმისათვის, რომ პროდუქტი აღვიქვათ, ჩავკბიჩოთ, დავღეჭოთ, დავაქუცმაცოთ და შემდეგ მივცეთ გზა მონელებისათვის, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თავად ორგანიზმისათვის და  ბავშვის ჯანმრთელობისთვის. 

რატომ?

,,იმიტომ რომ დადგინდა, მაგალითად, 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აუცილებელია დაახლოებით 1 ჭიქამდე ნატურალური ხილი იყოს გადანაწილებული დღის განმავლობაში. 4 -17 წლის ზემოთ ბავშვებისთვის საშუალოდ ორი ჭიქაა საჭირო (მეტ-ნაკლებობით, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით). ასევე გასათვალისწინებელია როგორ შეესაბამება მთლიანი ხილისა და წვენის ულუფა. მთლიანი ხილის ულუფა წვენს შეესაბამება შემდეგნაირად - 1 ულუფა ხილი არის დაახლოებით 170 გრ. წვენი, ანუ 178 მლ. მოცულობით (ჭიქაზე ოდნავ ნაკლები). ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის ჯანმრთელობისთვის, იმიტომ რომ როდესაც ვსაუბრობთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, გასათვალისწინებელია ზოგიერთი წვენის მოხმარების სიფრთხილე. მაგალითად, ციტრუსის მოხმარების შემთხვევაში, ერთი მხრივ ძალიან სასარგებლოა, მეორე მხრივ კი ახასიათებს კბილებში მიკრობზარების შემთხვევაში, მათი შემდგომი დაზიანება, რაც მშობელმა აუცილებლად უნდა გაითვალსიწინოს და წვენის მოხმარების შემდეგ პირის ღრუს ჰიგიენა გამოიყენოს'' - აღნიშნულის შესახებ ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა. 

წაიკითხეთ სრულად