Baby Bag

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევარჩიოთ ზამთრის კურორტი ბავშვებისთვის - პედიატრის რჩევები

როგორ შევარჩიოთ ზამთრის კურორტი ბავშვებისთვის - პედიატრის რჩევები

ზამთრის არადეგები მთის კურორტზე - როგორ შევარჩიოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ახალი წელი ახლოვდება და მასთან ერთად საშობაო არდადეგებიც, ასე რომ ელიან დიდებიც და პატარებიც. როცა ზამთრის არდადეგებზე ვსაუბრობთ, უხშირესად სამთო-სათხილამურო მთიან კურორტს წარმოვიდგენთ ხოლმე, თუმცა ზოგს ზაფხულში დაბრუნება და სულაც სამხრეთის ქვეყნებში მზეს მიფიცხება ქვეყნიერებას ურჩევნია.

ვინ თქვა, რომ არდადეგების მხიარულად გატარება და ჯანმრთელობზე ზრუნვა მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი?! ზამთარიც მშვენიერ შანსს გვთავაზობს დავისვენოთ და გავაკაჟოთ პატარები. მით უმეტეს, რომ მთის კურორტები საქართველოში ნამდვილად ასარჩევად გვაქვს.

პირველ რიგში, უნდა შეგახსენოთ - კურორტებს რამდენიმე ჯგუფად ვყოფთ - კლიმატურ კურორტებზე მთავარი სამკურნალო ფაქტორი ჰავაა, ბალნეოელოგიურ კურორტზე - მინერალური წყალი, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტებზე ორივე ამ ფაქტორით ზემოქმედებაა შესძლებელი, ხოლო ტალახის კურორტებზე მთავარი სამკურნალო ფაქტორი ტალახია.

სანამ კურორტს შეარჩევთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის რჩევა - რა ტიპის ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედება სჯობს თქვენი პატარასთვის. ამ საკითხის გარკვევის შემდეგ გაითვალისწინეთ კურორტის მდებარეობა, რამდენად კარგადაა განვითარებული მისი ინფრასტრუქტურა, რამდენად შორს მდებარეობს უახლოესი დიდი დასახლებული პუნქტიდან და რამდენად ხელმისაწვდომია კვალიფიციური გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზე.

გახსოვდეთ, ზამთრის კურორტებზე ტრავმები, სამწუხაროდ, არც თუ იშვითია, ამიტომ გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობა შერჩეულ კურორტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

ზამთრის კურორტის შერჩევისას ისიც მნიშვნელოვანია, როგორ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარებული პატარების გართობისათვის.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბაკურიანი და ცემი ბავშვისათვის კომფორტული და სასარგებლო მთის კურორტებია, თუმცა სხვა ქართულ კურორტებზეც თანდათან ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

სასტუმროს შერჩევისას მცირე ზომის მშვიდ, არახმაურიან გარემოს მიანიჭეთ უპირატესობა, სადაც სიმშვიდესთან ერთად კონტაქტების ნაკლები რიცხვი გექნებათ, რაც ზამთრის სეზონის გადამდები დაავადებების რისკს შეგიმცირებთ.

თუ გგონიათ, რომ თოვლიან კურორტებზე გრიპის ვირუსს ვერ იპოვით, - სულ ტყუილად. გრიპის ვირუსი სიცივისადმი მედეგია, მაღალ ტემპერატურაზე კი ადვილად იღუპება.

რატომ არის მთაში დასვენება საუკეთესო არჩევანი თქვენი პატარასათვის?

იმიტომ, რომ მთის ჰავა მზის ინტენსიური რადიაციით (განსაკუთრებით სჭარბობს მზის ულტრასიისფერი სპექტრი), დაბალი ბარომეტრული წნევით და ჰაერში ჟანგბადის შემცველობით გამოირჩევა.

ასეთი კლიმატი განსაკუთრებით სასარგებლოა სასუნთქი გზების დაავადებათა მკურნალობისათის, ზოგადი გაკაჟება-გაჯანსაღებისათვის.

თუ ბავშვი ხშირად ავადობს სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით, მათ შორის კრუპის სინდრომით, ბრონქოსპაზმით მიმდინარე ბრონქიტით ან ბრონქული ასთმით, მთის კურორტი მისთვის საუკეთესო დასასვენებელი ადგილია.

მთის კურორტი ზამთარში აქტიური დასვენებისათვის ბევრ შესაძლებლობას გვთავაზობს. აქ სპორტის ზამთრის სახეობებსაც შეგიძლიათ აზიაროთ თქვენი პატარა.

მზე, მაღალი მთის მშრალი ჰავის, ჟანგბადისა და ფიზიკური დატვირთვის ერთობლიობა, მისი დასვენებისა და გაკაჟებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის.

აქტიური დასვენება ამ გარემოში დამატებითი ენერგიითა და ემოციებით ავსებს ბავშვს, ფიზიკური აქტივობა, თოვლში თხილამურებით სრიალი ხელს უწყობს მისი ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კუნთების განვითარებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ავითარებს ბალანსირების უნარს.

რა უნდა წავიღოთ?

თბილი სამოსის შეხსენება, რა თქმა უნდა, არ გჭირდებათ.

შერჩიეთ წყალგაუმტარი ქურთუკები და შარვლები, ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული წინდები და თბილი ფეხსაცმელი.

ცხვირ-პირის კაშნეთი აკვრა საჭირო არ არის. ცხვირს ჰაერის გათბობის უნარი აქვს, სანამ მას ქვედა სასუნთქ გზებში გაგზავნის. მიეცით მზეს საშუალება, ბავშვის კანში დ ვიტამინის საზამთრო ულუფა წარმოქმნას.

არ დაივიწყოთ საოჯახო აფთიაქის წაღება, რომელშიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი მედიკამენტები (პარაცეტამოლი, იბუპროფენი), დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო - მაღალ მთაში ხანგრძლივად ყოფნისას სახის არეში დამწვრობა არცთუ იშვითია.

თუ თქვენ მთის კურურტზე 6 თვემდე ასაკის ჩვილი მიგყავთ, გახსოვდეთ, რომ მისი მზის პირდაპირ სხივებზე დატოვება არ შეიძლება შემდგომში მელანომის რისკის თავიდან ასაცილებლად.

არ იფიქროთ, დიარეა მხოლოდ ზაფხულის პრობლემაა. აფთიაქში აუცილებლად იქონიეთ ელექტროლიტური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და პრობიოტიკი, რომელსაც ექიმთან შეთანხმებით შერჩევთ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად