Baby Bag

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რეპროდუქციული ჰიგიენის წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ - ყარამან ფაღავას რეკომენდაციები

რეპროდუქციული ჰიგიენის წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ - ყარამან ფაღავას რეკომენდაციები

პედიატრმა ყარამან ფაღავამ რეპროდუქციული ჰიგიენის ის წესები დაასახელა, რომელთა დაცვა აუცილებელია:

„რაც შეეხება რეპროდუქციულ ჰიგიენას, საშინელებაა, ხალხო. ყველამ უნდა იცოდეს: არ შეიძლება, როდესაც მთვრალია მამაკაცი ან ქალი, ბავშვის ჩასახვა. არ შეიძლება ორსულობის დროს მოწევა, ნარკოტიკი თავისთავად, ალკოჰოლი თავისთავად, ორსულობის დროს როგორ შეიძლება?! აი, ეს ელემენტებია. მერე უკვე არის, რომ ბავშვს გარკვეული პრობლემები აქვს.“

„მნიშვნელოვანია ბავშვთა ქცევა. საწყენად ნუ მიიღებენ მშობლები. გასაგებია, კომპიუტერს, ტელეფონს ვერ შორდება, მაგრამ ბავშვისთვის საინტერესონი უნდა ვიყოთ მშობლები. ბავშვს უნდა ერჩივნოს მშობელთან ურთიერთობა კომპიუტერთან ურთიერთობას. აღარ ვლაპარაკობ, რომ ზედმეტი აგრესია არ შეიძლება. მთავარი არის: რეპროდუქციული ჰიგიენა და ინტერნეტომანია. როგორმე ამის ზემოქმედება უნდა შევამციროთ,“- აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად