Baby Bag

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქალს აქვს იურიდიული უფლება, რომ აირჩიოს, რა გზით იმშობიაროს, არჩევანი თავისუფალია,“ - მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა

„ქალს აქვს იურიდიული უფლება, რომ აირჩიოს, რა გზით იმშობიაროს, არჩევანი თავისუფალია,“ - მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა

მეან-გინეკოლოგმა თიკო გოთუამ საქართველოში საკეისრო კვეთის გაზრდილი რიცხვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საკეისრო კვეთასთან შედარებით უპირატესობები აქვს:

„შედარებას თუ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ფ​იზიოლოგიური მშობიარობა სჯობს როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის. ნაყოფი თვითონ არის ჩართული თავის დაბადებაში, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, როდის მოევლინოს ქვეყნიერებას. ფიზიოლოგიურ მშობიარობას ერთი-ორი დღე აქვს რეაბილიტაციის პერიოდი, საკეისრო კვეთას - უფრო ხანგრძლივი. გართულებები საკეისრო კვეთის შემდეგ უფრო დიდი და სავალალოა, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს.“

„ჩვენთან ძნელია ზღვარი გაავლო, სად არის ფიზიოლოგია და პათოლოგია. საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს ჩვენებით. სამწუხაროდ, მაღალია საკეისრო კვეთის მაჩვენებელი. ამას ისიც ემატება, რომ საკეისრო კვეთის ჩარევის ჩვენებები გაიზარდა. ამას ემატება ქალის იურიდიული უფლება, რომ აირჩიოს, რა გზით იმშობიაროს, არჩევანი თავისუფალია. პირველი იანვრიდან კიდევ მკაცრდება საკეისრო კვეთის ჩარევებთან მიმართებაში სახელმწიფოსგან წესები,“ - აღნიშნულ საკითხზე თიკო გოთუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად