Baby Bag

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სკოლამდელი ასაკის ბავშვის კვება უნდა შედგებოდეს სამი ძირითადი კვებისა და სამი წახემსებისგან,“ - პედიატრი ნინო თოთაძე

„სკოლამდელი ასაკის ბავშვის კვება უნდა შედგებოდეს სამი ძირითადი კვებისა და სამი წახემსებისგან,“ - პედიატრი ნინო თოთაძე

პედიატრმა ნინო თოთაძემ სკოლამდელი ასაკის ბავშვის კვების ძირითადი წესების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის კვება სამი ძირითადი და სამი წახემსებისგან უნდა შედგებოდეს:

„წინა სასკოლო ასაკის ​ბავშვის კვებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დღის განმავლობაში მათი კვება შედგებოდეს სამი ძირითადი კვებისგან და სამი წახემსებისგან. ენერგეტიკული ღირებულების მიხედვით, საუზმე არის 20 %. მას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. შემდეგ მოდის სადილი 30 % და ვახშამი 15 %. პირველი წახემსება, რომელიც არის საუზმესა და სადილს შორის არის 10 %, მეორე წახემსება არის სადილსა და ვახშამს შორის 15 %, შემდეგ 10 % მესამე წახემსება. წახემსების დროს უნდა იყოს ბურღულეული, რომელიც ნაკლებ შაქარს შეიცავს, არის ნაკლები ცხიმის შემცველი. ეს არის აუცილებელი პირობა ამ ასაკის ბავშვისთვის. მეორე კომპონენტი უნდა იყოს რძე და რძის პროდუქტი და ახლად დაჭრილი ხილი. ამ ასაკის ბავშვისთვის რძე და წყალი არის უმნიშვნელოვანესი სასმელი. რძე სჯობს იყოს ქარხნული წარმოების.“

ნინო თოთაძის თქმით, ბავშვმა ყველაზე საუზმეზე 100 მილიგრამი კალციუმის ათვისება უნდა შეძლოს:

„საუზმეზე ისე უნდა იყოს გადანაწილებული რძის პროდუქტი, რომ ​ბავშვმა ყველა საუზმეზე 100 მილიგრამი კალციუმის ათვისება მოახერხოს. საუზმის პირველი კომპონენტი შეიძლება იყოს პურის ნაჭერი, ორცხობილა, ბურღულის ფანტელი. მეორე კომპონენტი: რძე და რძის პროდუქტი, იოგურტი, ყველი, ხაჭო. მესამე კომპონენტი არის ახალი ხილი. სასმელი კომპონენტი აუცილებლად რძე ან წყალი. ჩაის მიღება კოფეინის შემცველობის გამო არ არის რეკომენდებული. შეიძლება იყოს ხილის ჩაი, რომელიც არ შეიცავს კოფეინს. არ არის სასურველი, რომ ეს იყოს დღის განმავლობაში რამდენჯერმე ან ყოველდღიურად. რეკომენდებულია ხილის წვენის მიწოდება. ამ ასაკობრივ ჯგუფში მაქსიმუმი უნდა იყოს 200 მილილიტრი და სასურველია გაზავება წყლით 50/50-ზე.“

​ბურღულეულის გადანაწილებაც ხდება დღის განმავლობაში. თავისუფლად შესაძლებელია, რომ წახემსების დროს გამოვიყენოთ ბურღულეულის პროდუქტი. ხილი შესაძლებელია, რომ წახემსების დროს რამდენჯერმე შევთავაზოთ. თუ ნატურალურ წვენს ვთავაზობთ ბავშვს, ხილი უნდა იყოს შეზღუდული. აუცილებელია, რომ ბოსტნეული ბავშვის ყოველდღიურ საკვებ მენიუში შედიოდეს. შეიძლება ბავშვმა უარი თქვას გარკვეულ კომპონენტზე. არ არის საჭირო დაძალება, ყვირილი. შეგვიძლია ერთჯერადად შევთავაზოთ წვენი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ყოველდღიური დათმობის პრინციპი,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო თოთაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად